The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე სვიმონის ძე სვანიძე

ალექსანდრე სვიმონის ძე სვანიძე
სხვა სახელი:ალიოშა  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1941  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ალექსანდრე სვანიძე დაიბადა 1886 წელს რაჭაში, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბაჯში აზნაურ სიმონ სვანიძის ოჯახში. საშუალო განათლება თბილისში მიიღო. შეიწავლა ტიპოგრაფია და გახდა ასოთამწყობი.

   1901 წლიდან რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაწევრიანდა და 1903 წლიდან არალეგალურ რევოლუციურ მოძრაობას ეწეოდა ამიერკავკასიაში, სადაც გაიცნო რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი და 1905 წელს დროებით საცხოვრებლად თბილისში, თავის დების  სახლში მიიყვანა,  სადაც ქალიშვილებს მადამ ჰერვის სახელობის მოდების ატელიე ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სტალინმა მომავალი მეუღლე, ალიოშას და კატო სვანიძე, რომელზეც 1907 წელს დაქორწინდა.

   ალიოშა რამდენიმე წელი გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც იენის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსი მოისმინა და გერმანული და ინგლისური ენები შეისწავლა.

   1916 წელს ალიოშა სვანიძე საქართველოში დაბრუნდა და 1919 წლამდე თბილისში ცხოვრობდა, სადაც სამოქალაქო ომში მონაწილეობდა.

   1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რუსეთში გაექცა.

   1920-1921 წლებში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა, 1921-1924 წლებში ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა ეკავა, პარალელურად საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობებზე მუშაობდა.

   1921 წელს მონაწილეობას იღებდა ყარსის კონფერენციაში, სადაც ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც თურქეთმა დათმო ბათუმი და გიუმრი, ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა ართვინი, არტაანი, ყარსი და იღდირი დაუტოვა.

   1921 წელს ალიოშამ ცოლად შეირთო თბილისის ოპერის მომღერალი, ქართველი ებრაელი მარია კორონა, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო. ალიოშას და მარიას ვაჟი ჯონრიდი (ივანი) შეეძინათ, რომელსაც სახელი ამერიკელი ჟურნალისტის ჯონ რიდის პატივსაცემად დაარქვეს.

    1922 წელს ფინანსთა სახალხო კომისრობიდან გადააყენეს, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.

    1924-1935 წლებში გერმანიაში საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა და პარალელურად საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა.

    1935 წლიდან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილედ გადაიყვანეს და თანამედროვეების გადმოცემით, ამ პერიოდში იგი იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.

    ალიოშა სვანიძე, პოლიტიკური კარიერის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. სწავლობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიას, აქტიურად იყო დაკავებული ალაროდიული ენების შესწავლით. ასურეთის და ურარტუს უძველეს წყაროებზე დაყრდნობით მან ნარკვევი მოამზადა მაშინდელი პერიოდის ამიერკავკასიაზე. რუსულ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და დააარსა ჟურნალი „Вестник древней истории“, რომლის პირველი რედაქტორი თავადვე იყო.

    1937 წელს ალიოშა სვანიძე დააკავეს, გამოძიება 1940 წლამდე გრძელდებოდა. 1940 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე სვანიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა. გამოძიებამ ბრალად წაუყენა: 1922 წლიდან საქართველოს ნაციონალისტურ-უკლონისტური დაჯგუფების წევრობა, 1929 წლიდან მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრობა, აგრეთვე ფინანსური თაღლითობები და ამ გზით ტროცკისტული ორგანიზაციის დაფინანსება ესპანეთში და შპიონაჟი გერმანიის დაზვერვისთვის. ალიოშა სვანიძემ წაყენებული ბრალდებები არ აღიარა.

   1939 წლის დეკემბერში ასევე დააპატიმრეს ალიოშას ცოლი, მარია, რომელსაც ქმრის ანტისაბჭოთა შეთქმულების დაფარვა დასდეს ბრალად და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაპატიმრებული იქნა მათი ვაჟი ჯონიც. ასევე დააკავეს ალიოშას ერთ-ერთი და მარიკო, რომელსაც 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

    1941 წლის 20 აგვისტოს ალიოშა სვანიძე ბერიას უშუალო ბრძანებით დახვრიტეს, ხოლო 1942 წლის მარტში დახვრიტეს მარია და მარიკოც. 1948 წლამდე ალიოშას ვაჟი ჯონი ციხის საავადმყოფოში პატიმრობაში იმყოფებოდა, შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს და მიუსაჯეს გადასახლება, საიდანაც 1956 წელს დაბრუნდა. იგი გახდა ცნობილი აფრიკანისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და 1957-1959 წლებში დაქორწინებული იყო სტალინის ქალიშვილზე, სვეტლანა ალილუევაზე, რომლისთვისაც ეს რიგით მესამე ქორწინება იყო.

   1956 წლის 19 იანვარს ალექსანდრე სვანიძე რეაბილიტირებულად იქნა გამოცხადებული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარტია, წევრი (1901-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1915-)

გააზიარე: