The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძე

მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1924  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ღარი
კატეგორია:პედაგოგი, ეთნოლოგი

ბიოგრაფია

   მალაქია ჯაფარიძე დაიბადა 1862 წელს ონის რაიონის სოფელ ღარში. წერა–კითხვა ოჯახში შეასწავლეს და მამამ პატარა მალაქია თბილისში წაიყვანა. დაამთავრებინა საშუალო სკოლა და სამასწავლებლო ინსტიტუტი. მან 19 წლის ასაკში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1881–1883 წლებში იგი მასწავლებლობდა ქალაქ გუმბრის სამოქალაქო სასწავლებელში, 1883–1902 წლებში ონის ორკლასიან სკოლაში. მალაქია ჯაფარიძე სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა ქუთაისში, იგდირში (სომხეთი), ლანჩხუთსა და ხონში.

   მალაქია ჯაფარიძეს პედაგოგიური მოღვაწეობა უმთავრესად თვითმპყრობელობის მძიმე პირობებში მოუხდა, როცა საქართველოს უყურებდნენ როგორც ველურ ქვეყანას და ცდილობდნენ ქართველ ახალგაზრდობაში ჩაეკლათ ეროვნული თვითშეგნების, სიამაყისა და ღირსების გრძნობა. მალაქია ჯაფარიძე კი მოსწავლეებში აღვივებდა სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულს.

    თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე მალაქიას ახლო ნაცნობობა და მეგობრობა ჰქონდა ბევრ ქართველ საზოგადო მოღვაწესთან, იზიარებდა მათ პროგრესულ შეხედულებებს და იღწვოდა მათი განხორციელებისათვის, ხალხში სწავლა–განათლების შეტანისათვის.

   მალაქია ჯაფარიძე შეძლებისდაგვარად კალმითაც ემსახურებოდა საზოგადოებას და კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობაშიც აქტიურად იყო ჩაბმული. იგი აქტიურად უწყობდა ხელს სახალხო წარმოდგენების გამართვას, ლიტერატურული დილა–საღამოების მოწყობას, პოპულარულ–მეცნიერული ხასიათის ლექციების ჩატარებას. განსაკუთრებით აინტერესებდა მეტეოროლოგია და პეტერბურგის ფიზიკურ ობსერვატორიას სისტემატურად აწვდიდა ცნობებს ონიდან. იგი ამ ობსერვატორიის მუდმივი კორესპონდენტი იყო. ამავე დროს მალაქია ჯაფარიძე გულმოდგინედ სწავლობდა მშობლიური კუთხის მცხოვრებთა ზნე–ჩვეულებებს და მდიდარი ფაქტიური მასალის შესწავლის საფუძველზე ათავსებდა ნაშრომებს რუსულ კრებულში "Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа".

   1908 წელს მალაქია ჯაფარიძემ დიდი დახმარება გაუწია სახელოვან ქართველ კომპოზიტორს, პროფესორ დიმიტრი არაყიშვილს ეთნოგრაფიულ მუშაობასა და მასალების შეგროვებაში დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის დროს. ამის გამო მას მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების პრეზიდენტის, დამსახურებული პროფესორის ანუჩინისაგან განსაკუთრებული მადლობა გამოეცხადა.

    1912 წელს განათლების დარგში მთავრობის დიდმა მოხელემ, შავრაზმელმა კრუპსკიმ მალაქია ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან მოხსნა, თანამდებობიდან დააქვეითა და სხვაგან გადაიყვანა. მიუხედავად შევიწროებისა მას მასწავლებლობისთვის თავი არ დაუნებებია, 1914 წლიდან საცხოვრებლად ონში გადავიდა და იქვე მასწავლებლობდა სხვადასხვა ტიპის სკოლებში. აქედან იწყება მალაქია ჯაფარიძის ნამდვილი მამულიშვილური მოღვაწეობა. 15 წელი მუშაობდა დაბა ონში, აქვე ეყრება საფუძველი მის ოჯახურ კერას, რომელიც წარმოადგენდა რაჭის საზოგადოებრიობის და ინტელიგენციის კულტურისა და ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვან კერას. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც გულწრფელად აფასებდნენ მალაქიას უანგარო და სასარგებლო მუშაობას.

   1924 წელს ონის საზოგადოებამ მალაქია ჯაფარიძეს მოღვაწეობის 45 წლის იუბილე გადაუხადა. იმავე წლის დეკემბერში იგი გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ღარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: