The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დარია გრიგოლის ასული ახვლედიანი

დარია გრიგოლის ასული ახვლედიანი
Legal name:დარია გიორგის ასული ქაჯაია
Other name:დიანა  (Pseudonym)
Date of birth:25 May, 1873
Date of death:3 September, 1941  (at 68 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (გადასვენებულია საბურთალოს პანთეონში)
Category:Writer, Journalist, Public Figure

Biography

    დარია ახვლედიანი დაიბადა 1873 წლის 25 მაისს ქუთაისის მაზრის, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში აზნაურ გიორგი ქაჯაიასა და მგოსან სვიმონ გუგუნავას დის დომნას ოჯახში.  წერა-კითხვა სახლში დედამ შეასწავლა. 8 წლისა ქუთაისის ქალთა სასწავლებელში შეიყვანეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლას თავი მიანება და თვითგანათლებას მიჰყო ხელი. ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. პირველი ლექსი1901 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოაქვეყნა.

    დარია ახვლედიანი გახლდათ პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. დარია ახვლედიანი მეგობრობდა აკაკი წერეთელთან და გალაკტიონ ტაბიძესთან. ის იყო ერთადერთი პოეტი ქალი, ვინც სიტყვა წარმოსთქვა მთაწმინდის პანთეონში აკაკის დაკრძალვის ცერემონიაზე. გალაკტიონმა ლექსიც კი მიუძღვნა მეგობარ ქალს, დარიას ლექსი უძღვნა ტერენტი გრანელმაც - „დარია ახვლედიანს“. იგი სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობდა თითქმის ყველა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო დაწესებულებაში, მატერიალურად ეხმარებოდა ინტელიგენციას.  ამის შესახებ, თავის მოგონებებში, თავად იოსებ გრიშაშვილი წერდა. 

    დარია ახვლედიანი იბეჭდებოდა ჟურნალებში: „კვალი“, „ნაკადული“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. გამოცემული ჰქონდა ლექსების კრებული - "სევდის ჰანგები". ლექსების გარდა იგი პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა და აქვს პიესა - „ქალი და აჩრდილი“. აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს. მისი ლექსების საგანია შეურაცხყოფილი და უფლებააყრილი სამშობლო. დარია ახვლედიანი გახლდათ მწერალთა კავშირისა და ლიტფონდის  წევრი.

    1906 წელს გაზეთ „ლამპარის“ რედაქციაში კორექტორაქდ მუშაობდა და მიუხედავად საკუთარი გაჭირვებისა, რედაქციას ყოველმხრივ ეხმარებოდა. 1907 წელს თითქმის მარტო უშვებდა ქალთა ჟურნალ „გუშაგს“, რომელიც ქალთა უმწეო მდგომარეობას ასახავდა. მარიამ დემურიასთან ერთად თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ჟურნალ  „ნაკადულის“ დაარსებასა და გავრცელებაში.

    დარია ახვლედიანის მეუღლე გახლდათ 1937-1938 წლებში რეპრესირებული მეცენატი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ახვლედიანი. დარია მეუღლესთან ერთად 1916 წლამდე ქუთაისში ცხოვრობდა. მათ სახლში იკრიბებოდა ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენციისა და საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. 1916 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. გიორგი ახვლედიანს გოლოვინის პროსპექტზე  გახსნილი ჰქონდა "ახალი აფთიაქი" და პირველი მსოფლიო ომის დროს  დაჭრილებსა და ქვრივ–ობლებს უფასო მედიკამენტებით ეხმარებოდა.

    გიორგი ახვლედიანი დახვრიტეს 1937-1938 წლებში და მისი საფლავი უცნობია.

   დარია ახვლედიანი გარდაიცვალა 1941 წელს და დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იეთიმ გურჯის გვერდით, ხოლო მოგვიანებით, 1959-1960 წლებში საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

   დარიას გარდაცვალების შემდეგ, ფაქტიურად უპატრონოდ დარჩენილ მის 13 წლის ვაჟს - ოთარს,  მეზობლებმა ქურდობა დასწამეს. მართალია, იგი ციხიდან გალაკტიონმა იხსნა, მაგრამ მისი ბინა, სახლში არსებული ყველა ნივთი, ავეჯი და დარიასა და გიორგის საუკეთესო ბიბლიოთეკა მათ მიითვისეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვანის განყოფილების წევრი (1916-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, სამხედროს ქ. N16 (დღევანდელი თაბუკაშვილის ქუჩა)

Share: