The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე

გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე
სხვა სახელი:Сатан  (ფსევდონიმი)
გალიორკა  (ფსევდონიმი)
გრ. აცანელი  (ფსევდონიმი)
გრ. ურ.  (ფსევდონიმი)
გრიშინი  (ფსევდონიმი)
ვანო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1878
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1959  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     გრიგოლ უროტაძე დაიბადა 1878 წლის 10 თებერვალს (ძვ. სტ.) ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში. სოფლის ოთხკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა სამასწავლებლო სემინარიაში გააგრძელა, რომლის დასრულებაც ვერ შესძლო. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც გარიცხეს. 1900-იანი წლების დასაწყისში ნიგოითის სკოლაში ასწავლიდა და ამ პერიოდში მონაწილეობდა ნიგოითის გლეხთა გამოსვლაში. 1903 წელს გრიგოლ უროტაძე დააპატიმრეს და ორენბურგში გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და სამშობლოში დაბრუნდა.

      1905 წელს გრიგოლ უროტაძე აქტიურად მონაწილეობდა გურიის სახალხო გამოსვლებში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ არალეგალურ საქმიანობას აგრძელებდა გურიაში, ქუთაისსა და თბილისში. 1906 წელს იგი გახლდათ სტოკჰოლმის რსდმპ ყრილობის დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან, ხოლო 1907 წელს ლონდონის ყრილობის დელეგატი ფოთის ორგანიზაციიდან.

     1909 წლის 6 მაისს გრიგოლ უროტაძე ხელმეორედ დააპატიმრეს და 1911 წელს იგი არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ჟენევაში. 1912 წელს უროტაძე ვლასა მგელაძესთან ერთად ვენაში ქართული დელეგაციის მუშაობაში მონაწილეობდა, სადაც ლევ ტროცკის ლენინის პოლიტიკის საწინააღმდეგო სოციალ–დემოკრატიული ფრაქცია ჰქონდა შექმნილი.

      გრიგოლ უროტაძე მეფის რუსეთის პირობებში სამჯერ იყო დაპატიმრებული, ორჯერ გააძევეს კავკასიიდან, ბოლოს 1912 წელს პეტერბურგში დააპატიმრეს და პერმის გუბერნიის ჩერდინის მაზრაში გადაასახლეს. 1915 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა და გამოსცა ჟურნალი "ახალი კვალი".

      გრიგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში. 1917 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, 1918–ში ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი. იგი გახლდათ საქართველოს პირველი ელჩი რუსეთში. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე.

     1920 წლის აპრილის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ბრძანებით გრიგოლ უროტაძე ხელმძღვანელობდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებთან და მთავრობის სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთკვირიანი შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მოამზადეს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც 1920 წლის 7 მაისს მოეწერა ხელი. დოკუმენტს საქართველოს სახელით ხელი მოაწერა გრიგოლ უროტაძემ.

      1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ უროტაძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. 22 მაისს ჩეკამ დააპატიმრა, მეტეხის ციხეში გამოამწყვდია, მაგრამ ავადმყოფობის გამო მალევე გამოუშვეს და ისევ გურიაში დაბრუნდა, სადაც კვლავ დააპატიმრეს, ოზურგეთის ციხეში მოათავსეს და რამდენიმე თვის შემდეგ საერთოდ გააძევეს გურიიდან.

     1922 წლის დასაწყისში გრიგოლ უროტაძე ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად ცხოვრობდა პრაღაში, შემდეგ კი პარიზში. იქ დაწერა რამდენიმე მონოგრაფია და წერილი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ. 1929-1936 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "დამოუკიდებელ საქართველოს".  

      გრიგოლ უროტაძე გარდაიცვალა ემიგრაციაში და დაკრძალულია პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

გააზიარე: