The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ტასო ვასილის ასული აბაშიძე (კნეინა)

ტასო ვასილის ასული აბაშიძე
ოფიციალური სახელი:ანასტასია ვასილის ასული აბაშიძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1958  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ტასო აბაშიძე დაიბადა 1881 წლის 29 მარტს თბილისში (ძვ.სტ. 17 მარტი) ვასო აბაშიძისა და მაკო საფაროვას ოჯახში.

    ტასომ თბილისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა და პროფესიული განათლება პარიზში მიიღო. ორი წლის განმავლობაში იგი ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში სწავლობდა.

    1899 წელს დამწყები მსახიობი თბილისის დრამატულ დასში ჩაირიცხა და სადებიუტო  როლი (მაშო)  შეასრულა ნატალია აზიანის (დონდაროვა) პიესაში „ფული და ხარისხში“.

    1921-1925 წლებში ტასო აბაშიძე რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, 1926-1927 წლებში - ჭიათურის თეატრში, ხოლო 1934-1948 წლებში - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მისი პარტნიორები იყვნენ ქართული თეატრის კორიფეები: ლადო მესხიშვილი, ნატო გაბუნია, ეფემია მესხი, ვალერიან გუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვანი.

   ტასო აბაშიძემ ბედნიერი თეატრალური ცხოვრებით იცხოვრა, მას განსახიერებული აქვს 100-ზე მეტი როლი. აღსანიშნავია მისი გაიანე ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესაში „ღალატი“, ნუცა - ვალერიან გუნიას „აღლუმში“, ბეატრიჩე - შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“, დირინა - მოლიერის „ტარტიუფში“ და მრავალი სხვა. ტასო ფართო დიაპაზონის მსახიობი იყო, მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტაკლებშიც. მღეროდა კარმენის, ქერუბინოს, ბეტინას, პერიკოლას და სხვა პარტიებს. მისი ყოველი გამოჩენა სცენაზე თავისებური ზეიმი იყო და მსახიობი ამას აღწევდა დიდი ნიჭისა და შჭრომისმოყვარეობის წყალობით.

    1953 წელს, ქართული თეატრის აღდგენის 100 წლისთავზე ტასო აბაშიძე წერდა: „მე ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ჩემი მშობლიური ქართული თეატრის აღდგენის ასი წლისთავს. მით უფრო, რომ მამაჩემმა ვასო აბაშიძემ - 60 წელი, დედამ მაკო საფაროვა-აბაშიძისამ - 40 წელი და მეც, 50 წელი შევწირეთ ქართული თეატრის კეთილდღეობას“. მართლაც, დედამ, მამამ და შვილმა საუკუნენახევარი დაჰყვეს ქართულ სცენაზე და ქართული თეატრის ისტორიაში უკვდავი სახელი მოიპოვეს.

   ტასო აბაშიძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1943 წელს მას მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.
   ტასო აბაშიძე გარდაიცვალა 1958 წლის 15 სექტემბერს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

გააზიარე: