The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე სიმონის ძე ასათიანი

ალექსანდრე სიმონის ძე ასათიანი
ოფიციალური სახელი:ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1953  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე ასათიანი დაიბადა 1889 წლის 10 აპრილს (ძვ.სტ.) ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში, აზნაურ სამსონ ასათიანის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში, თუმცა კურსი არ დაუსრულებია. რევოლუციურ მოძრაობაში მოწაფეობის დროს ჩაება, რის გამოც 1905 წელს დააპატიმრეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცაგერის ციხეში იჯდა. ქუთაისის რეალური სასწავლებელი პატიმრობის შემდეგ, 1907 წელს დაამთავრა და სწავლა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილებაზე გააგრძელა. მოგვიანებით დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და  გერმანიაში  აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს იდეა პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა.

   1914 წლიდან ალექსანდრე ასათიანი ქუთაისში ცხოვრობდა  და ადვოკატად მუშაობდა. გახლდათ ადგილობრივი „ვექილთა კორპორაციის“ წევრი და სათავადაზნაურო საკრებულოს მდივანი.

   1915 წლიდან დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს. აქვეყნებდა წერილებს გაზეთ „სამშობლოში“, „კლდესა“ და „საქართველოში“. იყო კავკასიის ვექილთა საბჭოს წევრი.

   1916 წელს ალექსანდრე ასათიანი  თბილისში გადავიდა. იგი გახლდათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი და  პარტიის ხაზინადარი.

   1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ამავე პერიოდში იგი  სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ცენტრალურ ბანკში მუშაობდა და პარალელურად  წერილებსა და ნაშრომებს აქვეყნებდა  ეკონომიკურ საკითხებზე. ავტორია ნაშრომებისა „მიწის საკითხი საქართველოში“ და „თვითმმართველობის საქმე საქართველოში“.

   1919 წლის 12 მარტიდან ალექსანდრე ასათიანი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო სამანდატო, შრომის, სარეკომენდაციო, საპენსიო, მომარაგებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი,  აგრარული კომისიის მდივანი და სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. ალექსანდრე ასათიანი გახლდათ სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სასოფლო-სამეურნეო კავშირისა და სავაჭრო-სამრწველო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ  სამშობლოში დარჩა და საქართველოს სსრ სახალხო ბანკში საბჭოს წევრად დაიწყო მუშაობა.

   1922 წელს ალექსანდრე ასათიანი,  პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს ოკუპაციის წლისთავისათვის დაგეგმილი საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით დააპატიმრეს და  მოთავსებული იქნა  „მეტეხის N2 გამასწორებელ სახლში“, იზოლატორში. იმავე წელს გაქცევა მოახერხა და  რამდენიმე თვის  შემდეგ არალეგალურად საზღვარგარეთ წავიდა.

   1925 წლამდე ცხოვრობდა სტამბოლში და აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. იგი იყო სტამბოლში „კავკასიის კონფედერაციის კომიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტის“ ე. წ. „პრომეთეისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში. ალექსანდრე გახლდათ „პრომეთეს“ პარიზის კლუბის თავმჯდომარე. ემიგრაციაში იგი აქტიურად უპირისპირდებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობას და  ცდილობდა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირების დამყარებას და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში მხარდაჭერის მოპოვებას.

   1929 წლიდან გამოსცემდა ჟურნალ „სამშობლოს“. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა გერმანული არმიის ქართულ ლეგიონში და თან ახლდა მებრძოლ ბატალიონებს, რომლებიც კავკასიის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამის გამო პარიზში დაბრუნებულ ალექსანდრე ასათიანს  ნაცისტებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი და დააკავეს. იგი  ცდილობდა დაესაბუთებინა ქართველი ემიგრანტების გერმანელებთან თანამშრომლობის პოლიტიკური ხასიათი,  რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ბოლშევიკური რეჟიმისაგან გათავისუფლებას. ძიების დამთავრებამდე გაიქცა ესპანეთში, სადაც ოთხი წელი იცხოვრა. ესპანეთიდან დაბრუნებული ცხოვრობდა  პარიზში, შემდგომ კი  მიუნხენში გადასახლდა.

   ალექსანდრე ასათიანი 1953 წლის 28 დეკემბერს მიუნხენში გარდაიცვალა და დაკრძალეს  ველდფრიდჰოფის სასაფლაოზე, ხოლო მოგვიანებით  ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის ვექილთა საბჭო, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)
  • ქუთაისის ვექილთა კორპორაცია, წევრი (1914-)

გააზიარე: