The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სეზმან ერთაწმინდელი

სეზმან ერთაწმინდელი
ოფიციალური სახელი:სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილი
სხვა სახელი:ერ-ლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1944  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კასპის რაიონი, სოფელ ერთაწმინდის ტაძრის ეზო
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    სეზმან ერთაწმინდელი დაიბადა 1888 წლის 25 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში ღარიბი გლეხის ოჯახში. სკოლაში არ  უვლია და წერა-კითხვა თავად შეისწავლა აბრების საშუალებით. ბევრი ტანჯვა-წამება გამოიარა და მოიარა მრავალი უცხო ქვეყანა. 10 წლისა მამას თბილისში სპილენძეულობის ერთ-ერთ ქარხანაში შეგირდად მიუბარებია, სადაც მალევე დაუფლებია ზეინკლის ხელობას და მერეც, მრავალი წლის განმავლობაში, შეგირდად და ოსტატად უმუშავნია თბილისისა და ამიერკავკასიის სხვადასხვა სახელოსნოებში.

   სეზმან ერთაწმინდელი 1904 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. თითქმის ყველა რევოლუციურ გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას, სპარსეთშიც კი,  სათარხანის რაზმში. აქტიურად გახლდათ ჩაბმული პარტიულ საქმიანობაში, რის გამოც რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. მუდმივად პოლიციის ზედამხედველობის ქვეში იმყოფებოდა და  არაერთხელ გაექცა ტყვეობას. როდესაც პარტიული ორგანიზაცია განადგურებული იყო და თბილისში პროკლამაციები აღარ იბეჭდებოდა, ერთაწმინდელს ქუთაისიდან მოჰქონდა სააგიტაციო ფურცლები და ისე ავრცელებდა. ამავე დროს თანამშრომლობდა გაზეთ „ქართლში“. როცა პოლიციამ დაჭერა მოუნდომა აქედანაც გაქრა და მსოფლიო ომში აღმოჩნდა სანიტრად. მოიარა აღმოსავლეთ პრუსია, გალიცია, სპარსეთი, ოსმალეთი და ბოლოს თბილისში, ნავთლუღის დაჭრილთა განმანაწილებელ პუნქტში სანიტრად მუშაობდა. აქვე, მუშათა კლუბებში წარმოდგენებს მართავდა და კარში რევოლუციურ იდეებს ავრცელებდა. ომის დასასრულს სამტრედიის რაიონში გააგზავნეს, სადაც ბოლშევიკური დრამატული დასი „დემოსი“ ჩამოაყალიბა და ეს დასი მისსავე პიესებს დგამდა.

  1908 წლიდან მოყოლებული, ერთაწმინდელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დროგამოშვებით მუშაობდა სცენაზე და ასრულებდა ავტორ-მსახიობ-ხელმძღვანელის მოვალეობას.

   1917 წლის რევოლუციის შემდეგ „ქართველ მხედართა კავშირის“ მთავარი კომიტეტის წევრი იყო, რომლის მიზანს ქართული ჯარის შექმნა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. მას „პოეტ-მხედარსაც“ უწოდებდნენ. იგი ასევე გახლდათ ამავე კავშირის მიერ შექმნილი საზოგადოება „ამირანის“  (იგივე „შევარდენი“და შემდეგ „სპარტაკი“) ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი, ასევე ქართველ მწერალთა კავშირისა და მუშაობდა თბილისის მაზრის რევკომის დრამატულ დასში მსახიობად და ხელმძღვანელლად.

    1921 წლის მაისიდან მსახურობდა წითელი არმიის ქართულ ნაწილებსა და გამომცემლობებში ლიტერატურულ და დრამატული წრეების ხელმძღვანელად, შემოიღო კედლის გაზეთები და ხელნაწერი ჟურნალები. წითელ ჯარში 7 წელი დაჰყო და დემობილიზაციის შემდეგ სამუშაოდ გაგზავნეს გაზეთ „ახალ სოფელში“.

  1922-1926 წლებში საქართველოს კომკავშირის გამომცემლობაში ავტორის, კორექტორისა და გამომშვების მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 1925-1928 წლებში საქართველოს სახელმწიფო და სავაჭრო დაწესებულებათა მუშა–მოსამსახურეების კავშირთან არსებული ქართული დასის - "ლურჯი ხალათის"  ავტორ–მსახიობი იყო.  

    სეზმან ერთაწმინდელი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. სამწერლო ასპარეზზე ივანე როსტომაშივილის გაზეთ „სინათლეში“ გამოვიდა. თანამშრომლობდა თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში. წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებსა და იუმორისტულ ფელეტონებს  ცალკე წიგნად გამოცემული აქვს 40–მდე ლექსი, მოთხრობები და პიესები, თარგმნიდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. როგორც ჟურნალისტი იგი მონაწილეობდა გაზეთ „ჯარისკაცსა“ და ჟურნალ „ჯარი და ერში“ თანარედაქტორად, გაზეთ „წითელარმიელის“ დაარსებაში. მუშაობდა სამხედრო-საგამომცებლო კოლეგიაში, გაზეთ „ქართლში“, „ახალ სოფელში“, აქტიური თანამშრომელი იყო იუმორისტული ჟურნალების „ეშმაკის მათრახი“ და „შოლტი“. რევოლუციამდე ქუთაისის პრესაში თანამშრომლობდა „მერცხალში“ და „სამშობლოში“. როგორც სცენისმოყვარე, ხელმძღვანელობდა მუშათა კლუბებს, ჯარის ნაწილებსა და სოფლებში წარმოდგენებს. მისი პიესები ხშირად იდგმებოდა სახალხო უნივერსიტეტებში და ნაწილი გადათარგმნილია რუსულ, სომხურ, ბერძნულ და ოსურ ენებზე.

   სეზმან ერთაწმინდელი ბოჰემური ცხოვრების დიდი მოყვარული ყოფილა. 1930 წლის 16 თებერვლის ჟურნალ „ტარტაროზში“ პოეტზე პაროდია გამოქვეყნებულა, რომელიც ასე იწყებოდა: „შენ, ეი! თამადავ, ამაყო ერთაწმინდელი! - უამაყესო სეზმან, ურჩი, გიწვევ, ო ხმალში!..“

    სეზმან ერთაწმინდელი გარდაიცვალა 1944 წლის 24 ივნისს და დაკრძალულია სოფელ ერთაწმინდის ტაძრის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: