The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია

კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია
Other name:კ. აბაშისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:3 May, 1893
Date of death:17 July, 1975  (at 82 years)
Burial location:თბილისი, "კოლხური კოშკის" ეზოში
Category:Writer

Biography

   კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა და  ელისაბედ თოფურიძის მრავალშვილიან ოჯახში. კონსტანტინე ამ ოჯახის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. ანბანი სოფლის სამრევლო სკოლაში შეისწავლა და მოგვიანებით სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარეს, რომელიც 1904 წელს დაამთავრა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩაირიცხა.

   1911 წელს კონსტანტინემ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა. ამის შემდეგ იგი სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში.

   1913 წელს კონსტანტინე იძულებული გახდა დროებით სამშობლოში დაბრუნებულიყო. კიტა აბაშიძის მზრუნველობით მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913-1914 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამის შემდეგ, მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და იქაურ უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი დრო მწერლის ცხოვრებაში, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი შემოქმედება. ამ დროისათვის მისი ლექსები, წერილები და თარგმანები უკვე იბეჭდებოდა ქართულ პრესაში და გერმანულო პერიოდიკაში.

    მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კონსტანტინემ პირადად გაიცნო და დაუმეგობრდა თომას მანს. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, კონსტანტინე დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკშიც მოათავსეს, სადაც მან თითქმის ერთი წელი დაჰყო, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება. 1916 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში. მუშაობდა გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი „პრომეთე“, რომლის ირგვლივ ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები შემოიკრიბა. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

    1918 წელს კონსტანტინე გამსახურდია კვლავ გერმანიაში ბრუნდება და მუშაობას იწყებს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს გამოცდები ჩააბარა ბერლინის უნივერსიტეტში და უფლება მიიღო უნივერსიტეტის დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომი, რის შედეგადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ნაშრომის თემა გახლდათ: „საქართველოს მეფე ერეკლე მეორე“.

    1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება, როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. 1922 წელს ლეო ქიაჩელთან და გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად გამოსცა ჟურნალი „ლომისი“, 1922-1923 წლებში ჟურნალი „ილიონი“, ხოლო 1923 წელს  „საქართველოს სამრეკლო“ და „ქართული სიტყვა“.

    1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია რამდენიმე თვით პარიზში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ლექციები მოისმინა. მალევე დაბრუნდა საქართველოში, მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა გააგრძელა. თუმცა, ხელისუფლებამ მალევე გამოაძევა უნივერსიტეტიდან და დახურა მისი რედაქტორობით გამოცემული ყველა ჟურნალი. 1924 წელს იგი დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1926 წელს კონსტანტინე კვლავ დააპატიმრეს შპიონაჟის ბრალდებით და 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1927 წელს რეპრესირებული მწერალი, ავადმყოფობის გამო, გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაიმედო პიროვნება თავისი რიგებიდან გარიცხა.

   კონსტანტინე გამსახურდიამ ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მისი სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ისტორიული რომანის ჟანრთან. ეროვნული სულისკვეთბა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა წითელ ხაზად გასდევს მის რომანებს, როგორიცაა: „დიონისოს ღიმილი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“, „ვაზის ყვავილობა“ და ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“. ასევე განუზომლად დიდია მწერლის ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების განვითარების თვალსაზრისითაც.

   კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს და დაკრძალულია თბილისში, „კოლხური კოშკის“ (თავისი სახლი) ეზოში. 2008 წლიდან მწერლის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1965 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკდემიკოსი
  • ლენინის ორდენი

Share: