The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე

ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე
Date of birth:16 December, 1883
Date of death:7 July, 1960  (at 76 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

    ნიკოლოზ გვარაძე დაიბადა 1883 წლის 16 დეკემბერს თბილისელი სოვდაგრის ოჯახში. წერა-კითხვა შინ დამ შეასწავლა. დაწყებითი განათლება ქაშუეთის სამრევლო სკოლაში მიიღო და შემდეგ ქართულ გიმნაზიაში ჩააბარა, საიდანაც 1897 წელს, სიღარიბის გამო, იძულებული გახდა გამოსულიყო.

    1903 წელს სცენაზე გამოვიდა ვალერიან გუნიას მიერ გამართულ გამოსაცდელ წარმოდგენაში  - „სამშობლო“ , შემდეგ „პატარა კახში“ შეასრულა ერეკლეს როლი. იმავე წელს ქართული დრამატული თეატრის დასში მსახიობად მიიღეს აკაკი წერეთლის რეჟისორობის დროს. ახალგაზრდობისას, უმთავრესად, ასრულებდა ნევრასთენიკების როლებს, ხოლო ასაკში უფრო სახასიათოს.

    1904–1906 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში. მისი  ხელმძღვანელობით, სხვადასხვა დროს წარმოდგენები იმართებოდა ბათუმში, ბაქოში, ფოთში, ხონში, სიღნაღსა და სხვა ქალაქებში. ხონში, მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ სეზონურ თეატრალურ საქმიანობას. 1908 წელს სანკტ-პეტერბურგში ქართულად დადგა ალექსანდრე  სუმბათაშვილის „ღალატი“.

    1910 წლიდან ნიკო გვარაძე რეჟისორობას შეუდგა და პირველად ხონში, სადაც საფუძველი დაუდო საზაფხულო სეზონურ თეატრალურ საქმიანობას, დადგა სპექტაკლი. ამის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობდა, როგორც მსახიობი, სცენისმოყვარეთა ხელმძღვანელი და რეჟისორი: 1911 წელს ბაქოში, 1918 წელს ფოთში, 1922-1926 წლებში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ხოლო 1931 წლიდან ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

    ნიკოლოზ გვარაძე თანაბარი სიძლიერით ასრულებდა როგორც დრამატულ, ასევე კომიკურ როლებს. 1916 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს ნინია „მამის მკვლელში“, ქიარიმა „იბრაჰიმ და გოდერძიში“, თარჯიმანი „ჯანყი გურიაში“  და სხვა. სადაც კი მიიწვევდნენ, ყველგან ხალისიანად მუშაობდა. სიღნაღში პირველმა შექმნა სეზონი და ამ დროიდან ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა ჯგუფი საზაფხულო წარმოდგენების გასამართად. მის სასცენო ხელოვნებას თითქმის მუდამ ქებით აღნიშნავდნენ: „ეს პატარა კაცი ყოველთვის დიდი გრძნობით თამაშობს, ნაკისრ როლს მუდამ სინდისიერად ასრულებს  და გრძნობიერი თამაშის გარდა აქვს კარგი, მკაფიო დიქცია“ („მეგობარი“, 1916 წ,).

   ნიკო გვარაძეს სწამდა მხოლოდ რეალისტური და ეროვნული თეატრი. მისი აზრით, სცენაზე უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მსახიობს, `რადგან უმსახიობოდ თეატრი არც ყოფილა და არც შეიძლება იყოსო. მას დაწერილი აქვს მოგონებები თეატრზე, რომელიც დაბეჭდილია: „მნათობში“, „საბჭოთა ხელოვნებაში“, „ახალ თაობაში და „ლიტერატურულ საქართველოში“. 1949 წელს ცალკე გამოიცა  მისი ნარკვევი „თეატრალური მემუარების“ სათაურით.

    1934 წელს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის არსებობის მეხუთე წლისთავზე, ნიკოლოზ  გვარაძეს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.

   ნიკოლოზ გვარაძე გარდაიცვალა 1960 წლის 7 ივლისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1966 - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: