The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე გოცირიძე

ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე გოცირიძე
Other name:სვიმონიძე  (Pseudonym)
Date of birth:16 February, 1872
Date of death:30 July, 1949  (at 77 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Interpreter, Actor/Actress, Public Figure

Biography

   ნიკო გოცირიძე დაიბადა 1872 წელს თბილისში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. მამა  თერძი გახლდათ, დედა კი დიასახლისი. 1882 წელს ჩააბარა მთაწმინდის ეკ. ასათიანის პირველდაწყებით სკოლაში, რომელიც 1886 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელოსნო სკოლაში, მაგრამ ცუდად სწავლის გამო („ვერა ვსწავლობდიო“, სკოლის ცნობით: „Не допущен к экзаменам, по успехам очень слаб”) სასწავლებელს თავი გაანება, მხატვრობას გაჰყვა და ოსტატთან ერთად საბაზრო შეკვეთებს ასრულებდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ქვემო ნიქოზის ტაძრის მოხატვაში.

    1893 წლიდან რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სამღებრო საამქროში მუშაობდა, სადაც არჩილ არავიაშვილთან და ვ. როსტომაშვილთან (ნინოწმინდელი) ერთად მუშების პატარა წრე დააარსა, რომელთაც ქართველ მწერალთა ნაწერებსა და არალეგალურ წიგნებს უკითხავდა, რის გამოც სამსახურიდან ორჯერ დაითხოვეს, როგორც არაკეთილსაიმედო.

   1895 წელს ნიკო გოცირიძე, როგორც კარგი ხმის პატრონი (მეორე ხმა) იოსებ რატილის გუნდში მღეროდა და თითქმის იმავე პერიოდში, სანდრო კავსაძესთან ერთად, ქართველ მომღერალთა გუნდი დააარსა. პარალელურად, გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიაში.

   1895 წელს, ქართული თეატრის სცენაზე „ქოროღლის“ ფაშის მსახურის უსიტყვო როლი შეასრულა. ამის შემდეგ ეზოებში მართავდა წარმოდგენებს, ან იქ, სადაც ცარიელ ოთახს დაიგულებდა. 1888 წელს ანტონ ფურცელაძის „დიდ მოურავში“ პაატას როლი ითამაშა, ხოლო 1892 წელს, თავისი ძმის მაგივრად, „მტარვალის“ მოხუცი მეომრის როლი შეასრულა. იმავე წელს „სამშობლოში“ ზაზას როლი ითამაშა. ამ პერიოდში იგი „სვიმონიძის“ ფსევდონიმით იყო ცნობილი. 1893-1894 წლებში ქართულ თეატრში მოღვაწეობდა.

   1909 წლიდან ზუბალაშვილების სახალხო სახლში (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის თეატრი) მუშაობდა.  1919 წელს არტისტული საზოგადოების დარბაზში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველ და აგრონომ სტუდენტთა კავშირის გასაძლიერებლად, დიდი საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდა ნიკოლოზ გოცირიძეც.

   1921 წელს ნიკო რუსთაველის აკადემიური თეატრის დრამატულ დასში მიიწვიეს, ხოლო 1930 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში. სცენაზე მოღვაწეობის დაწყების დღიდან, სრულიად უფასოდ,  დაუზარებლად მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა დაბა-სოფლის სცენაზე. აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, როგორც  რეჟისორი, მსახიობი, სცენის ნიჭიერი მკითხველი, მხატვარი, დეკორატორი, პარიკმახერი და ტექნიკოსი. სახალხო თეატრის სცენის მოყვარეთა სასცენო ხარჯებიც ხშირად საკუთარი ჯიბიდან გაუსტუმრებია. თეატრის სიყვარულითა და საზოგადო საქმის დახმარების სურვილით გატაცებული, სარეპეტიციოდ ქალაქგარეთაც კი დადიოდა. ერთხანს ოსურ წარმოდგენებსაც ხელმძღვანელობდა და მისი თაოსნობით ოსურად გადაითარგმნა რამდენიმე ქართული პიესა: „მეზობლები“, „ციმბირელი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა. 

   ნიკო გოცირიძე 60 წელი იდგა თეატრის სცენაზე და შესრულებული აქვს სამასამდე როლი. მის სასცენო მოღვაწეობაზე მრავალი წერილია დაბეჭდილი იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. გოცირიძის პოპულარობა განისაზღვრა, ჯერ კიდევ მუშათა სცენაზე შესრულებული როლებით:  ავეტიქა (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), გრუშევსკი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“), გასტონი („პარიზის ღარიბ-ღატაკები“),  ბიზო („პარიზის ბიჭები“), პავლე მედროგე (გერჰარტ ჰაუპტმანის „მელანიას ოინები“), ოსიპი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), საქუა („მსხვერპლი“), ოსეფა (რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), აკოფა (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“) და სხვა. დიდ სცენაზე მისი პირველი როლი იყო ზაზა „სამშობლოში“. ამას მოჰყვა გეურქა (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ჟურდენი (მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“), გიქო, გიჟმოზე (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „დაქცეული ოჯახი“), კოსტილევი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“) და სხვა.

   1924 წელს ნიკოლოზ გოცირიძეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მას ნათარგმნი აქვს „მაღაროს უფროსი მუშა“, ემილ ზოლას „მოულოდნელი სტუმარი და წვრილი სცენები. დროგამოშვებით მონაწილეობდა კინოშიც.

   ნიკოლოზ გოცირიძე გარდაიცვალა 1949 წლის 30 ივლისს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • თბილისის საქალაქო საბჭო, წევრი
  • რკინიგზის კავშირი, წევრი (1917-)
  • საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (1922-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ხელოვნების მუშათა კავშირი, წევრი (1922-)

Awards and Honors

  • 1924 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი

Bibliography

  • "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი // I ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. - გვ. 706
  • "სცენის ოსტატები" : ალექსანდრე ბურთიკაშვილი. - თბილისი, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, გამომცემლობა "ხელოვნება", 1951. - გვ. 77

Share: