The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შალვა ხონელი

შალვა ხონელი
Legal name:შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი
Other name:ხონელი  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1887
Date of death:1 November, 1972  (at 85 years)
Burial location:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
Category:Actor/Actress, Entertainer

Biography

    შალვა გოგოლაშვილი (ხონელი) დაიბადა 1887 წლის 1 იანვარს (ძვ. სტ.) ქალაქ ქუთაისში. დაბა ხონის მახლობლად, სოფელ საწულუკიძეოში ბაბუასთან იზრდებოდა და აქვე მიიღო პირველდაწყებითი განათლებაც, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა სენაკის ოთხწლიან სკოლაში განაგრძო.

    შალვა ხონელის მშობლები მე–19 საუკუნის 70–იან წლებში ცნობილი მსახიობები იყვნენ. მამა – სვიმონ გოგოლაშვილი 45 წელი ემსახურა ქართულ თეატრს. დიდი თეატრალური ტრადიციების მქონე ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, მწერლები და მსახიობები. ასეთ გარემოში შალვას, ცხადია, თანდათან უძლიერდებოდა თეატრისადმი მისწრაფება. მისი მოღვაწეობა 1905 წელს ხონში დაიწყო. შემდეგ სწავლის  გასაგრძელებლად მშობლებმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში გაგზავნეს, რომლის დამთავრების შემდეგაც ქართულ გიმნაზიაში გადავიდა. გიმნაზიაში სწავლის დროს შალვამ დავით კარიჭაშვილის თაოსნობით დადგმულ გიორგი ერისთავის "ძუნწში" ერთ–ერთი როლი შეასრულა.

    1907 წლიდან შალვა ხონელი სხვადასხვა დროს ბაქოს, თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ხონის, ბათუმის, ჭიათურის და სოხუმის თეატრის დასებში მოღვაწეობდა.

     1910–1912 წლებში თბილისის თეატრში მუშაობდა. 1928 წელს იგი საბოლოოდ დაბრუნდა ქუთაისის  ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც თავისი მოღვაწეობის მთელ მანძილზე ორასამდე სახალისო და სახასიათო როლი აქვს შესრულებული.

     1940 წელს ხონელს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1961 წელს რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდებები მიანიჭეს.

     შალვა ხონელი გადაღებულია ფილმებში: "საკანი 78", "სამანიშვილის დედინაცვალი", "კომუნარის ჩიბუხი", "ჯვაროსნები" და სხვა. ყურადღების ღირსია მისი სასცენო როლები: ქლესოვი ცაგარელის "ციმბირულში", კოხტაია – "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", კოწია დადიანის "გუშინდელნში", ლუარსაბ მეფე შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფეში", შმაგა ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენში" და სხვა. 1967 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის თეატრმა შალვა ხონელის დაბადებიდან 80 წლის და სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნა.

    შალვა ხონელი გარდაიცვალა 1972 წელს და დაკრძალულია ქუთაისში, "მწვანეყვავილას" პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1961 - რესპუბლიკის სხალხო არტისტი
  • 1940 - რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: