The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სილიბისტრო (სილია) იესეს ძე თოდრია

სილიბისტრო (სილია) იესეს ძე თოდრია
ოფიციალური სახელი:სილიბისტრო ესეს ძე თორდია
სხვა სახელი:ს. თ-ია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1880
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 1936  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:თანამდებობის პირი, მესტამბე, მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

   სილიბისტრო თოდრია დაიბადა 1880 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ იანეულში ღარიბ და უსწავლელ მშობელთა ოჯახში. წერა-კითხვა უფროსმა ძმამ დააწყებინა. 1892 წლამდე სოფელ იანეულის სამრევლო სკოლაში სწავლობდა, ხოლო 1893 წლიდან მსახურობდა ხელზე მოსამსახურედ, ტელეგრაფის მოსწავლედ, ასოთამწყობად, სამკითხველოს გამგედ. იგი ადრეული ასაკიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, 1900 წლიდან მონაწილეობდა პოლიტიკურ-პროფესიონალურ მოძრაობაში და უკვე 1902 წლიდან პროფესიონალი რევოლუციონერი იყო.

    1902-1905 წლებში თოდრია მუშაობდა ბათუმისა და ბაქოს არალეგალურ სტამბებში, შემდეგ კი მოსკოვის კომიტეტის სტამბაში. მონაწილეობდა 1905 წლის მოსკოვის დეკემბრის შეიარაღებულ აჯანყებაში. იგი არაერთხელ დააპატიმრა მეფის და აგრეთვე მენშევიკურმა მთავრობამ. 1907 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგსა და ფინეთში. სხვებთა ერთად უშვებდა გაზეთ "ვპერიოდსა" და "პროლეტარს".

    1915 წელს თოდრია საქართველოში დაბრუნდა და თბილისში მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოდიოდა გაზეთი "ბრძოლა" და "კავკაზსკაია პრავდა". აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წელს კომპარტიის სხვა წევრებთან ერთად გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. 

    1919 წელს სილიბისტრო თოდრიამ თბილისში მოაწყო არალეგალური ბოლშევიკური სტამბა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იყო თბილისის რევკომის პირველი თავმჯდომარე,  საქართველოს სოცუზრუნველყოფის და მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. 

   1922 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატმა მიმართა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობას, რათა სახალხო კომისრის, სილიბისტრო თოდრიას განკარგულებით, ოლღა ჭავჭავაძისთვის, შემწეობის სახით, საგურამოს მამულის საოპერაციო ხარჯებიდან ყოველთვიურად დაენიშნათ მილიონნახევარი მანეთი.

   1926 წლიდან სილიბისტრო თოდრია სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ მუშაობდა.

   1927 წელს თბილისში შეიქმნა „ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ სილიბისტრო თოდრია. ამ კავშირმა 1930 წელს საკუთარი პერიოდული ორგანოს გამოცემა დაიწყო და ჟურნალს „მებრძოლი უღმერთო“ ერქვა. ჟურნალის პასუხისმგებელ რედაქტორად სილიბისტრო თოდრია დაინიშნა. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ჟურნალებს: „ტარტაროზი“ და „ნიანგი“. სხვადასხვა დროს  თანამშრომლობდა გამოცემებში: „ბრძოლა“, „კომუნისტი“,  „მუშა“ და სხვა.

    სილიბისტრო თოდრია გარდაიცვალა 1936 წელს და კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს, მაგრამ საბჭოთა სისტემის ნგრევის ბოლოს, მისი ნეშტი კუკიის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომინტერნის II კონგრესი, დელეგატი
  • ჟურნალი ''ნიანგი'', რედაქტორი
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ), წევრი (1901-)
  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი
  • საქართველოს სსრ ცაკისა და ამიერკავკასიის სფსრ ცაკი, მდივანი
  • სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1926-)
  • ქართველ უღმერთოთა კავშირი, ხელმძღვანელი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1916-1921)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: