The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლეონტი ოთარის ძე მამალაძე

ლეონტი ოთარის ძე მამალაძე
სხვა სახელი:დარვინი  (ფსევდონიმი)
კოსოლაპი  (ფსევდონიმი)
რუბლ დვაციტ  (ფსევდონიმი)
წოდებული  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1867  (158 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

   ლეონტი მამალაძე დაიბადა 1867 წლის 9 აპრილს გურიის სოფელ ხევში.  ანბანი 19 წლისამ შეისწავლა და თვითგანვითარებით გაიკვლია გზა.

    1886 წლიდან ვანო დოლმაზაშვილის, გიგაურისა და იოსებ დავითაშვილის წრეში მონაწილეობდა, სადაც, უმთავრესად, ქართული წიგნების კითხვით ცდილობდნენ თვითგანვითარებას. 1888 წლიდან მუშათა ჯგუფებში ჩაერთო და აქტიური მონაწილე გახდა. სოციალ-დემოკრატიული წრეების ჩამოყალიბების დროს, ნაძალადევის რაიონში მუშაობდა, 1895-1896 წლებში არსენალში ჰყავდა ჯგუფი, რომლის წევრთაც სოციალისტური შინაარსის წიგნებს აკითხებდა.

   1897 წელს, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დავალებით, ადელხანოვის ფეხსაცმლის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და წრეები შექმნა. 1900 წელს მამალაძის ბინაძე გადაწყდა კონკის მუშათა გაფიცვა, რომელთა მოთხოვნები დირექციას თავად მამალაძემ გადასცა.

   1901 წელს პირველმაისობის ერთ-ერთი აქტიური მესვეურთაგანი იყო. შეხლა-შემოხლის დროს ჟანდარმებსა და პოლიციას იარაღით წინააღმდეგობა გაუწია და ერთი პოლიციელი დაჭრა, რის გამოც უმოწყალოდ სცემეს და ცოცხალ-მკვდარი დროგით საავადმყოფოში წაიღეს, სამი თვის შემდეგ სეკრეტში ჩასვეს, მერე – ორლოვის საკატორღო ციხეში, აქედან ორლოვის გუბერნიის ქალაქ ელეცში 5 წლით გადაასახლეს.

   1905 წელს ციმბირიდან გამოიქცა, არალეგალურად ცხოვრობდა და რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა გორში, ცხინვალსა და ხაშურში. ამავე წელს ბათუმში გააგზავნეს ბარცხანიდან არალეგალური სტამბის გადმოსატანად თბილისის კომიტეტის განკარგულებაში.

    1906 წელს შეიპყრეს და სამხედრო სამართალში მისცეს. მოელოდა დახვრეტა. სათათბიროს წევრთა დახმარებით, პალატაში გაასამართლეს, მიუსაჯეს 4 წლის კატორღა, რაც ციხედ შეეცვალა, ხოლო მთავრობის განკარგულებით მთელი ქონება ჩამოერთვა. 4 წლის შემდეგ, ციხიდან პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გამოუშვეს. პოლიციას მიემალა და დუშეთის მაზრაში რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა.

    1915 წელს, მთავრობის მოთხოვნით, როგორც ხელოსანი, არსენალში დაბრუნდა. 1500 მუშას შორის ომის საწინააღმდეგო პროკლამაციას ავრცელებდა ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, რომლებიც არსენალის ახლოს, სომეხთა სემინარიაში მოწყობილ არალეგალურ სტამბაში იბეჭდებოდა.

    1917 წლიდან ლეონტი მამალაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი.

   ლეონტი მამალაძის შემდგონი ბედი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: