The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძე

ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძე
Date of birth:20 May, 1888
Date of death:1953  (at 64 years)
Category:Actor/Actress

Biography

    ვიქტორ მატარაძე დაიბადა 1888 წლის 20 მაისს თელავში მოსამსახურის ოჯახში. 5 წლისას მამა გარდაეცვალა და უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა.  

    ვიქტორმა დაწყებითი განათლება თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო და სწავლა განაგრძო სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც ვერ დაამთავრა.

   1901 წელს მუშაობა დაიწყო ექვთიმე ხელაძის სტამბაში გაზეთ „კვალის“ ასოთამწყობად.  იგი ბავშვობიდამ მწერალთა წრეში იზრდებოდა და სცენის სიყვარულიც ბეგლარ ახოსპირელმა შთაუნერგა.

   1902 წელს თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა და პირველად სცენაზე, ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით,  1903 წელს გამოვიდა და ამის შემდეგ განუწყვეტლივ მონაწილეობდა ქართულ თეატრში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თბილისის მსახიობთა ამხანაგობის დასში, ბათუმის, სოხუმის და ჭიათურის თეატრებში.

    ვიქტორ მატარაძე ძირითადად სახალხო სცენებზე გამოდიოდა და მონაწილეობდ ლადო მესხიშვილისა და ვასო აბაშიძის საგასტროლო წარმოდგენებში ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, სიღნაღში, ბაქოში, კავკავსა და საქართველოს თითქმის ყველა დაბაქალაქში. თავად შეჭირვებული, ძირითადად  ხელფასის აუღებლად მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს პოლიტპატიმართა, გადასახლებულთა და მათი ოჯახების სასარგებლოდ.

    1916-1917 წლებში საბურთალოზე სრულიად უფასოდ მუშაობდა რეჟისორ-მსახიობად.

    1921-1927 წლებში რაჭა-ლეჩხუმში მართავდა სახალხო წარმოდგენებს, უფრო მეტად – უფასოდ. სხვადასხვა დროს იგი მსახიობად მუშაობდა: ქუთაისის, თბილისის მსახიობთა ამხანაგობის დასში, ბათუმის, სოხუმის და ჭიათურის თეატრებში.

   1928 წელს ვიქტორ მატარაძემ სიღნაღში დააარსა თეატრი, შეუქმნა მუდმივი დასი და მთელი სიღნაღის რაიონის სოფლებში წარმოდგენების მართვა გააჩაღა.

   1934 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სასცენო მოღვაწეობის 30 წლის შესრულების იუბილე გადაუხადეს და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა და პერსონალური პენსიაც დაენიშნა.

     1937 წელს ჩამოაყალიბა 4 მონაწილისაგან შემდგარი კოლექტივი (მსუბუქი სააგიტაციო-იუმორისტული ჟანრის პატარა პიესების, ანტირელიგიური და საყოფაცხოვრებო ვოდევილების რეპერტუარით, რომელმაც 1938 წლამდე უამრავი სოფელი მოიარა.  წარმოდგენები ისეთ სოფლებშიც კი მართავდა, სადაც მანამდე სცენის ხსენება არ ყოფილა, რითაც გლეხთა საერთო სიყვარული დაიმსახურა. გარდა კახეთი სოფლებისა,  ამ კოლექტივით მოიარა აგრეთვე წულუკიძის, მახარაძის, ლანჩხუთის, ქობულეთის, ბათუმის, ფოთის, სოხუმის, ოჩამჩირის, გალის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ცხაკაიას, ჩხოროწყუს და ონის რაიონები.

    1935-1946 წლებში მატარაძე თბილისის ფილარმონიის მსახიობთა მხატვრულ კოლექტივებს ხელმძღვანელობდა.

    1939 წელს საქართველოს სახელმწიფო ესტრადასთან ჩამოაყალიბა ვოდევილების ანსამბლი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ანტონიოსი შექსპირის "იულიუს კეისარში", დე სანტოსი "ურიელ აკოსტაში", გიგო გედევანიშვილის "მსხვერპლში", ხანდრნირი აფინოგენოვის "მგლის ბილიკში", გივი აკაკი წერეთლის "პატარა კახში", საბა ბერი სუმბათაშვილის "ღალატში", ოტია ჯოლია ვ. გუნიას "და-ძმაში", პრეზიდენტი მილერის "ვერაგობა და სიყვარულში" და სხვა.

      ვიქტორ მატარაძე გარდაიცვალა გარდაიცვალა 1953 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1934 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: