The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1871
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 1933  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა 1871 წლის 3 აგვისტოს (ძვ. სტ.) ქუთაისში, პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში. ფალიაშვილები წარმოშობით მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. მისი ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ახალციხიდან  ქუთაისში გადმოსახლდნენ. პეტრე ფალიაშვილი კათოლიკური ეკლესიის მომღერალი ყოფილა. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ზაქარიამ, ძმასთან ერთად პიანისტ-ორღანისტ ფელიქს მიზანდართან მიიღო. წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში მღეროდა და პარალელურად ფორტეპიანოსა და ორღანზე დაკვრასაც სწავლობდა, ხოლო 1887 წლიდან თბილისში  ლადო აღნიაშვილის გუნდში ჩაეწერა. შემდეგ იყო თბილისის სამუსიკო სასწავლებელი, სადაც პედაგოგ კლენოვსკისთან მეცადინეობდა.

   ზაქარია ფალიაშვილმა 1896 წლიდან ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება დაიწყო და შექმნა თავისი პირველი მუსიკალური ნაწარმოებები. 1900 წელს რუსეთში გაემგზავრა და 1900-1903 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა. მან მოსკოვში ქართველ სტუდენტთა გუნდი ჩამოაყალიბა და ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს მართავდა. მოსკოვში ცხოვრების დროს ზაქარიამ, პირველი გილდიის ვაჭრის, საიმპერატორო კარის მომმარაგებლის მიხეილ უტკინის უტკინის ქალიშვილი, იულია გაიცნო და მალე ცოლადაც მოიყვანა.

   1903 წელს ზაქარია ფალიაშვილი მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში და დააარსა გუნდი და ორკესტრი. 1908-1917 წლებში ზაქარია სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იგი გახლდათ „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოების“ აქტიური წევრი და დირიჟორობდა სპექტაკლებს.

   1905 წელს მოსკოვში ზაქარია ფალიაშვილის პირველი რომანსები დაიბეჭდა. პარალელურად განაგრძობდა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებასა და დამუშავებას. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის შეგროვება-შესწავლაში და წლების განმავლობაში 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაწერა, მუშაობდა საეკლესიო საგალობლების დამუშავება-გამოცემაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1910 წლის 31 ოქტომბერს სწორედ ზაქარია ფალიაშვილის გუნდმა მიიღო მონაწილეობა ახლად გახსნილი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის საზეიმო კურთხევის ცერემონიაში. ზაქარიამ ჩაიწერა და გამოსცა ხალხური სიმღერების ორი კრებული: „40 ქართული ხალხური სიმღერა“ და „8 ქართული ხალხური სიმღერა“.

   1910 წელს ზაქარიამ ოპერა „აბესალომ და ეთერიზე“ დაიწყო მუშაობა. ''აბესალომ და ეთერი'' დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იწერებოდა. კომპოზიტორმა ის თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა, წარწერით: ''ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამამისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისგან''. ოპერის პრემიერა 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა. იგი განაგრძობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და წლების განმავლობაში მისი დირექტორი.

   1917 წლიდან ზაქარია ფალიაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების წევრი.

   ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. იგი ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბების ფუძემდებელი გახლდათ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. მან თავისი შემოქმედება ქართული ხალხური მუსიკის კულტურისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციების სინთეზის საფუძველზე ააგო. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები. კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ცხოვრების სურათებსა და  ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. მისი ოპერებიდან აღსანიშნავია: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ და „ლატავრა“. მის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა.

   ზაქარია ფალიაშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 6 ოქტომბერს.  კონსერვატორიის შენობიდან მისი ნეშტი მისმა ხუთმა ძმამ გამოასვენა, პროცესია ოპერის თეატრისკენ რუსთაველს გაუყვა და დაკრძალეს  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში, თუმცა მისი სურვილი იყო შვილის გვერდით დაეკრძალათ.

   1937 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრს, ხოლო მოგვიანებით რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულებას. 1971 წელს დაარსდა  ფალიაშვილის სახელობის პრემია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოება“ , წევრი
  • „ქართული ფილარმონიული საზოგადოება", ერთ-ერთი დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1925 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ბაქრაძის ქუჩა N 10

გააზიარე: