შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოშვილი![]()
ბიოგრაფიაგიორგი გაგლოევი დაიბადა 1883 წლის 7 ნოემბერს (ძვ. სტ.) გორის მაზრის სოფელ ჭვარებში, მღვდლის ოჯახში (ეროვნებით ოსი). დაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც მეორე კურსის დასრულებისთანავე დატოვა. 1903 წლიდან გიორგი გაგლოევი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. გაგლოშვილის გვარით მუშაობდა სოფელ ვანათის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. გორის მაზრის მიმდებარე სოფლებში გლეხებს შორის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა, რისთვისაც 1905 წლის 6 იანვარს (ძვ. სტ.) ჟანდარმერიამ ცხინვალში დააპატიმრა, მაგრამ 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, მალევე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. 1905 წლიდან რსდმპ-ის „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა. 1906 წლიდან, რეაქციის დაწყების შემდეგ, მოსკოვისა და თერგ-დაღესტნის პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობდა, საიდანაც 1907 წელს რსდმპ ლონდონის ყრილობაზე დელეგატად აირჩიეს. 1908-1912 წლებში საზღვარგარეთ - გერმანიასა და შვეიცარიაში ცხოვრობდა და მანჰეიმისა და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში მუშაობდა. ამ პერიოდში, ელექტროტექნიკოსის სპეციალობით გერმანიის მანჰეიმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის კურსი დაამთავრა. 1912 წლიდან გიორგი გაგლოევი რუსეთის იმპერიაში დაბრუნდა და ჩრდილო კავკასიაში პარტიულ მუშაობას ეწეოდა არმავირში. სოციალ-დემოკრატიულ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: „Дарьял“, „Викторь“ და „Писиров“. აქტიურად მონაწილეობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებშიც. გიორგი გაგლოევმა არმავირში „შრომის ბირჟა“ დააარსა და სამხედრო-სამრეწველო კომიტეტთან მუშათა ჯგუფი ჩამოაყალიბა. არჩეული იყო არმავირის თვითმმართველობის ხმოსნად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული, სადაც 7 თვის განმავლობაში იმუშავა. შემდგომ არჩეული იყო კავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ცენტრის წევრად. 1917 წლიდან არჩეული იქნა ოსეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ყუბანისა და შავი ზღვის საარჩევნო ოლქში. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, იმავე წელს აირჩიეს გორის სამაზრო ერობის ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად იქნად არჩეული საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და იყო გზათა კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა. 1930 წელს გახდა საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი. მომდევნო წლებში მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებში. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს გიორგი გაგლოევი დააპატიმრეს „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ჯაშუშობის“, „მავნებლობისა“ და სამხრეთ ოსეთის „მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით. 1937 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) გიორგი გაგლოევს დახვრეტა მიუსაჯა. 10 ნოემბრის ღამეს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |