The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით გიორგის ძე შარაშიძე

დავით გიორგის ძე შარაშიძე
სხვა სახელი:დ. შ-ძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1935  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    დავით შარაშიძე დაიბადა 1886 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში.  შარაშიძის გვარი სოფელში ცნობილი იყო, როგორც განათლებითა და ცოდნით გამორჩეული. მშობლები, გიგო შარაშიძე და ნინო ქიქოძე, სახალხო მასწავლებლები იყვნენ და  ასწავლიდნენ ბახვის სკოლაში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსს აუგია (ნინო ქიქოძე გაბრიელ ეპისკოპოსის ძმისწული გახლდათ). საშინაო განათლების მიღების შემდეგ დავითმა  ბახვის სოფლის სკოლა დაამთავრა და სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში განაგრძო, საიდანაც ოდესის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

    დავით შარაშიძე ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1904 წლიდან  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და მუშაობდა „ბოლშევიკების“ ფრაქციაში.

   1905 წლის რევოლუციის დროს აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებს შორის, რის გამოც დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. დავითი იძულებული გახდა  ემიგრაციაში წასულიყო.  გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება. სამშობლოში დაბრუნებულ დავით შარაშიძეს  კვლავ არ მისცეს აქ ცხოვრების  უფლება და იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო. მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. დავითი დაარსების დღიდან რედაქტორობდა სოციალ–დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ „Борьба“-ს.

    1918 წელს დავით შარაშიძე გურიაში რიგით ჯარისკაცად იბრძოდა ოსმალეთის ჯარების თავდასხმის წინააღმდეგ.

   1918 წლის განმავლობაში დავით შარაშიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხის პროპაგანდაში.

     1919 წლის 12 მარტს იგი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და  საბიუჯეტო-საფინანსო და ხელოვნების კომისიებში მუშაობდა. დავით შარაშიძე  იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციის წევრი.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და იძულებული გახდა იმავე წლის სექტემბერში ემიგრაციაში წასულიყო.

   1925 წლამდე სტამბოლში ცხოვრობდა და იყო ინტერპარტიული კომიტეტის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი, აკონტროლებდა არალეგალური არხებით ინფორმაციის გადაცემას საქართველოში მოქმედ იატაკქვეშა ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს შორის. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან.

   1925 წლიდან საფრანგეთში გადასახლდა, პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას, იყო სოციალ-დემოკრატიული გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი.

    დავით შარაშიძე  იყო სოციალ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალების „ბრძოლის“ და „ბრძოლის ხმის“  რედაქტორი. ასევე, პარიზში გამომავალი ინტერპარტიული ორგანოს „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი. მისი პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა საზღვარგარეთულ ჟურნალ–გაზეთებში. მას ეკუთვნის ანრი ბარბიუსის საპასუხოდ ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული მოზრდილი ნაშრომი სათაურით „საბჭოები და საქართველო“, რომელსაც თან ახლავს კარლ კაუცკის ვრცელი წინასიტყვაობა.

     დავით შარაშიძეს ჰყავდა ფრანგი მეუღლე - ელენე. მათი ვაჟი გიორგი (გოგი) შარაშიძე ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი გახდა და პარიზის უნივერსიტეტში ასწავლიდა. დავითის უფროსი ძმა, შალვა შარაშიძე ცნობილი პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იყო, ხოლო მათი და, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე ასევე ცნობილი მეცნიერი–ისტორიკოსი გახლდათ, რომელიც 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელ კრების წევრად იქნა არჩეული სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან.

    დავით შარაშიძე  ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1935 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1921)

გააზიარე: