The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ სულხანის ძე დეკანოსიძე

ნიკოლოზ სულხანის ძე დეკანოსიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ თარხანის ძე დეკანოსიძე
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1970  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლაგოდეხი, სოფელ ვარდისუბნის სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ დეკანოსიძე დაიბადა 1887 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღარიხევში  მედავითნის ოჯახში.

   1905 წელს ხარაგაულის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა დაამთავრა.

   1908-1919 წლებში ღარიხევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მედავითნედ მსახურობდა.

   1917 წლიდან ნიკოლოზ დეკანოსიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი. 

   1919 წელს ნიკოლოზი აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და  სიღნაღის მაზრაში, სოფელ თამარიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

   1921-1926 წლებში ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია.

   1926 წლიდან ყარსუბანის წმინდა თოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

   1929 წელს, როცა ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა გიორგი ხატიაშვილმა, მღვდლობაზე უარი თქვა და ანაფორა გაიხადა, ამ სოფლის მრევლის მოვლაც მამა ნიკოლოზმა ითავა, რის შედეგადაც ხელისუფლებამ ორივე ეკლესია დახურა და მოძღვარს მსახურება აუკრძალა. იგი შავ სიაში შეიტანეს და  მის მოსაკლავად შესაფერის დროს ეძებდნენ, მაგრამ უფალმა არ გაწირა და თავად სამღვდელოების მტერმა, ბოლშევიკმა პერანიძემ საიდუმლოდ გააფრთხილა დროებით სოფელს გარიდებოდა და აზერბაიჯანში, ბელაქანში წასულიყო. მართლაც, იმ ღამეს მამა ნიკოლოზმა ჯალათებს გაასწრო. კომკავშირლები დილით ჯალათებივით დაესხნენ მის ოჯახს, ფეხმძიმე მეუღლე შვილებთან ერთად  გარეთ გამოყარეს და იქ ცხოვრება აუკრძალეს. გარეთ დარჩენილები სილოვან ჩხეიძის ოჯახმა შეიფარა.

   1932 წელს მამა ნიკოლოზი სოფელში დაბრუნდა. ახლადდაბრუნებული მოძღვარი გაკულაკებულ გლეხებთან ერთად ეკლესიაში გამოკეტეს და თბილისიდან მათი დახვრეტის ბრძანებას ელოდნენ. ყარსუბნელმა კალენიკე კურტანიძემ, რომელიც სერგო ორჯონიკიძის ნათესავი იყო ყველას დაასწრო და თბილისში დასახვრეტთა სია წაიღო, სადაც მამა ნიკოლოზი შეგნებულად არ შეიყვანა. მოძღვარი დახვრეტას გადაურჩა, მაგრამ საყურადღებოა, რომ აღარც დანარჩენები არ დახვრიტეს.

   მამა ნიკოლოზი, ამ ამბების შემდეგ, მთავრობისგან ჩუმად, ღამღამობით საიდუმლოდ ასრულებდა მღვდელმსახურებას. ამის გამო იგი ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს და ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა.

   1945 წელს, ციხიდან გამოსული მოძღვარი, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) იმ 135 კაცის სიაში შეიყვანა, ვინც მზად იყო უყოყმანოდ ერთგულად ემსახურა დაკეტილი ტაძრების ხელმეორედ  ამოქმედების შემდგომ. მოძღვარი თავის სოფელში დაბრუნდა და ვარდისუბნისა და ყარსუბნის სამრევლოები ჩაიბარა. ამის შემდეგ იგი კიდევ 25 წელი ემსახურებოდა თავის საქმეს.

   ღვაწლმოსილი მამა ნიკოლოზი 1970 წელს 83 წლის ასაკში აღესრულა და დაკრძალულია ვარდისუბნის სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: