The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი (გიზო) ნესტორის ძე ანჯაფარიძე

გიორგი (გიზო) ნესტორის ძე ანჯაფარიძე
სხვა სახელი:Маска  (ფსევდონიმი)
გიზო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1937  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    გიორგი ანჯაფარიძე დაიბადა 1887 წლის 9 იანვარს (ძვ. სტ.) სენაკის მაზრის სოფელ კიწიაში აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო.

    1905 წელს გიორგი ანჯაფარიძე ბათუმში რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში შევიდა და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

    1905 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, იყო იმ მებრძოლი რაზმის წევრი, რომელიც იცავდა მაქსიმ გორკის. რევოლუციის დამარცხების შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. სამართალში იყო მიცემული შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო, მაგრამ მისი დაპატიმრება ვერ მოახერხეს.

    1913 წლიდან დაბრუნდა ბათუმში და მუშაობდა ადვოკატად. 1915-1916 წლებში იცავდა რუსეთის იმპერიის სამხედრო მმართველობის მიერ დაპატიმრებულ აჭარლებს. თანამშრომლობდა პრესაში ფსევდონიმებით "გიზო" და "Маска".

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ  აირჩიეს და ამ მოვალეობას ასრულებდა 1918 წლის 1 აპრილამდე - ოსმალური არმიის მიერ ბათუმის ოკუპაციამდე.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრია.

     1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიდან და მუშაობდა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად. გიორგი ანჯაფარიძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებული ქალაქ სოჭში.

    1920 წლის 4 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავად იქნა არჩეული, ხოლო მანამდე, ბათუმის საქართველოს იურისდიქციაში შესვლის მომენტიდან, ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებულის სტატუსი.

    1921 წელს საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დარჩა ბათუმში და გახლდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე.

    1921 წლის 3 მაისს სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად საბჭოთა რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასობრივი დაპატიმრების პირველი ტალღისას დააპატიმრეს და გადაგზავნეს თბილისში, საქართველოს ჩეკაში, შემდგომ კი მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში", სადაც  იზოლაციის წესით იმყოფებოდა 1922 წლის ივლისამდე.  ავადმყოფი მამისათვის დახმარების აღმოსაჩენად პირობით გაანთავისუფლეს. ხელმეორედ დააპატიმრეს ამავე წლის 16 სექტემბერს სურამში, ხოლო 1922 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის პრეზიდიუმმა გაათავისუფლა და ორი კვირის ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა მისი პროტესტის, აბელ ენუქიძის შუამდგომლობისა და საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასკომის 7 ნოემბრის ამნისტიის შემდეგ საქართველოში დარჩენის უფლება მისცეს. დაბრუნდა ბათუმში და მუშაობა დაიწყო კომუნალური მეურნეობის განყოფილების უფროსად.

    1924 წლის გაზაფხულიდან გიორგი ანჯაფარიძე იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული ბათუმში და მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. ბათუმის ჩეკამ დააპატიმრა მისი მოხუცებული მშობლები, რის შემდეგაც 1924 წლის 2 სექტემბერს იგი თავად გამოცხადდა და ბათუმში ჩეკას ჩაბარდა. 7 სექტემბერს ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდა მისი მოწოდება, რომლითაც ეხმიანებოდა და ეთანხმებოდა დამოუკიდებლობის კომიტეტის დეკლარაციას აჯანყების დამარცხების შესახებ და საჭიროდ თვლიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვითლიკვიდაციას.

   1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე გიორგი ანჯაფარიძე, სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად, გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. "პარიტეტული კომიტეტის პროცესზე" 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით. სასამართლო პროცესზე ანჯაფარიძემ უარყო მის მიერ პატიმრობისას გამოთქმული მოსაზრებები და ჩვენებები, რაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ახსნა. სასამართლომ მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასტიკი იზოლაციით. თავდაპირველად მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში", ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, იაროსლავლის პოლიტიზოლატორში გადააგზავნეს. სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ გადაასახლეს ომსკის მხარეში, ქალაქ ტარში, სადაც მუშაობდა რაიონული საგეგმო განყოფილების ეკონომისტ-მგეგმავად.

   1933 წლის 21 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს და ამავე წლის 27 აგვისტოს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის გადაწყვეტილებით 2 წლით გაგზავნეს შრომა-გასწორების კოლონიაში.  1935 წლის 10 თებერვალს სასჯელის ვადის დამთავრების შემდეგ,  სსრკ შინსახკომის განსაკუთრებულმა სათათბირომ ვადა 3 წლით გაუხანგრძლივა და აღმოსავლეთ ციმბირში, ქალაქ ობის კამენში გადაასახლა.

    1936 წლის ზაფხულში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატი ლიდერების დიდი ჯგუფი დააპატიმრა ე. წ. "ციმბირის ცენტრის" საქმეზე, ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობის ბრალდებით. მათ შორის იყო გიორგი ანჯაფარიძეც, რომელიც 21 ივნისს დააპატიმრეს. სსრკ შინსახკომის განსაკუთრებულმა სათათბირომ 21 სექტემბერს მას 5 წლით აღმოსავლეთ ციმბირის მხარეში გადასახლება მიუსაჯა. ცხოვრობდა ირკუტსკის მხარის დაბა ჟიგალოვოში, სადაც მუშაობდა "რაიპოტრებსოიუზის" ბუღალტრად.

  1937 წლის 5 დეკემბერს კვლავ დააპატიმრეს და 8 დეკემბერს ირკუტსკის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი ქალაქ ირკუტსკში 14 დეკემბერს სისრულეში იქნა მოყვანილი.

   1957 წლის 30 ნოემბერს ირკუტსკის სამხარეო სასამართლოს პრეზიდიუმის, 1989 წლის 23 აპრილს ალთაის მხარის პროკურატურის და 1989 წლის 30 ივნისს ომსკის მხარის პროკურატურის მიერ იქნა რეაბილიტირებული.

წყარო: SOVLAB

     

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)

გააზიარე: