The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იასონ ლუკას ძე კაპანაძე

იასონ ლუკას ძე კაპანაძე
სხვა სახელი:თავბერა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1931  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

     იასონ კაპანაძე დაიბადა 1857 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ბოსლევში. დაწყებითი განათლების მისაღებად 1869 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც 1876 წელს დაამთავრა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შესძლო. მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩააბარა გამოცდები, მოკლევადიანი პედაგოგიური პრაქტიკა გაიარა ხონში და სოფელ მარნის დაწყებით სკოლაში დაიწყო მუშაობა, სადაც სრული 22 წელი მოღვაწეობდა. მისი დაუღალავი შრომის შედეგად მარნის სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა და გაფართოებულ შენობაში მოთავსდა. იაკობ გოგებაშვილის დახმარებით სკოლასთან ქართული წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა.        

      1897 წელს ავადმყოფობის გამო იასონ კაპანაძე იძულებული გახდა სოფელ ნიკორწმინდაში გადასულიყო მასწავლებლად, მაგრამ რაჭაში იგი დიდხანს არ დარჩენილა და ერთი წლის შემდეგ შორაპნის მაზრის სოფელ კიცხის სკოლაში გადაიყვანეს მასწავლებლად. თავისი დაუშრეტელი ენერგიული შრომითა და მოღვაწეობით იასონმა კიცხის სკოლა ერთ–ერთ სანიმუშო სასწავლებლად აქცია, მაგრამ მას არ ასვენებდა სურვილი მშობლიურ სოფელ ბოსლევში დაეარსებინა სკოლა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობიას მოახერხა და 1901 წელს სოფელში დაწყებითი სკოლა გახსნა, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში. იასონ კაპანაძე ჩვეული ენერგიით შეუდგა სოფლის მოსახლეობაში ცოდნა–განათლების გავრცელებას. მისი მოღვაწეობის შედეგად გაუმჯობესდა ბოსლევის რკინიგზის სადგურის მუშაობა, შეიქმნა საფოსტო განყოფილება, დაარსდა შემნახველი სალარო, სოფლის საურთიერთო ამხანაგობა, ბიბლიოთეკა–სამკითხველო და სხვა კულტურული დაწესებულებანი. 

    იასონ კაპანაძე 30 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ბოსლევის  სკოლაში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჯერ ორკლასიანი სასწავლებელი გახდა, ხოლო შემდეგ შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა.

    იასონ კაპანაძე მხოლოდ პრაქტიკულ–პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობით არ კმაყოფილდებოდა. იგი ამავე დროს ნაყოფიერ ლიტერატურულ მუშაობასაც ეწეოდა ქართულ პრესაში. მისი წერილები, რომლებიც მაშინდელ ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდებოდა, ჩვენი პედაგოგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხებოდა.

   იასონ კაპანაძის პირველი წერილი "სოფლის მასწავლებლის შენიშვნები რუსული ენის სწავლების შესახებ სოფლის სკოლებში", რომელიც 1878 წელს გაზეთ "ობზორში" დაიბეჭდა, საქართველოს სკოლებში რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების ძირითად ღონისძიებებს შეეხებოდა. მეორე მნიშვნელოვანი სტატია "სოფლის მასწავლებლის შენიშვნები ქართული ენის სწავლების შესახებ ჩვენს სკოლებში" მოითხოვდა საქართველოს დაწყებით სკოლებში ყველა სასწავლო საგნის სწავლების დედა ენაზე განხორციელებას და იმავე დროს რუსული ენის, როგორც ცალკე სასწავლო საგნის სწავლებას.

    საყურადღებოა იასონ კაპანაძის ბროშურა "სოფლის მასწავლებლის ხმა", რომელიც 1906 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა და თვალნათლივ ააშკარავებს სოფლის მასწავლებელთა მატერიალურ დაბეჩავებას. ეს ბროშურა უსასტიკეს საბრალმდებლო აქტს წარმოადგენდა მეფის ხელისუფლების მიმართ და საზოგადოებას სახალხო მასწავლებელთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. იასონ კაპანაძის ამ მოწოდებას ფართოდ გამოეხმაურნენ საზოგადოების მოწინავე ფენებში.

    იასონ კაპანაძეს ეკუთვნის მეტად საინტერესო საისტორიო–ეთნოგრაფიული ნარკვევი "სოფელი საჭილაო", რომელიც დაიბეჭდა ცნობილ "Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа" (XXVII გამოშვება). იასონ კაპანაძე მებრძოლი სახალხო მასწავლებელი იყო. იგი არ უშინდებოდა და ააშკარავებდა მეფის ხელისუფლების ადგილობრივ მოხელეთა ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ქართველი ხალხისა და მისი დედაენის წინააღმდეგ იყო მიმართული.

     ვალმოხდილი მხცოვანი პედაგოგი იასონ კაპანაძე გარდაიცვალა 1931 წლის 28 დეკემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1893-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: