The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია მალხაზის ძე ხეთერელი

ილია მალხაზის ძე ხეთერელი
ოფიციალური სახელი:ივლიანე მალხაზის ძე ხეთერელი
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:1917  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამტრედია, სოფელი იანეთი
კატეგორია:გამომცემელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ილია ხეთერელი დაიბადა 1866 წელს ქუთაისის მაზრის, სამტრედიის სოფელ იანეთში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ლიტერატურით.

   ილია ხეთერელი ცხოვრობდა ქუთაისში, სადაც ჰქონდა წიგნის მაღაზია-გამომცემლობა.  პირველად სერგეი მესხმა გაიცნო ”დროების” რედაქციაში და მიიწვია, მოგვიანებით კი გამომცემლობაში დაასაქმა. თავიდან  ”დროების” გამოცემის გამავრცელებელი იყო სხვადასხვა ქალაქებში,  ხელმძღვანელობდა რედაქციის საორგანიზაციო საქმეებს. იქვე გაიცნო ალექსანდრე ყაზბეგი, რომელსაც მოგვიანებით, ”ელგუჯას” გამოცემაში პირადად დაეხმარა. მას შემდეგ, რაც ”დროების” ხელმძღვანელობა დ.ქართველიშვილსა და ი. მაჩაბელს გადაეცა, ილია ხეთერელმა ქუთაისის რკინიგზის  სადგურთან საკუთარი გამომცემლობა-მაღაზია გახსნა, რომლის ფილიალი სხვა ქალაქის სხვა უბნებშიც იყო.

   1892 წელს, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა ”ახალი ქართული წიგნის მაღაზია ი.მ. ხეთერლისა ქუთაისში”, სადაც ვიგებთ, რომ მაღაზია სადღეღამისო იყო და მგზავრები სახალხო მატარებლის დროსაც სარგებლობდნენ. „აგერ უკვე ორი წელიწადი იქნება, რაც ყმაწვილი ხეთერელი მრავალ ქართულ წიგნებსა და გაზეთებს ავრცელებს დატარებით. აღნიშნულმა პირმა ამ დღეებში დააარსა კოპწია წიგნის მაღაზია ქუთაისის რკინიგზის სადგურთან, სადაც იყიდება ქართველთა ყველა მწერლის თხზულებანი. სასარგებლო საქმეა, რომ ბ-ნი ხეთერელი მეტისმეტ უნარს იჩენს წიგნწბის გავრცელების საქმეში და ამასთან სულ არ ჰგავს იმ ზოგიერთ წიგნთა მაღაზიების პატრონებს, რომელნიც ხშირად სარგებლობენკამისიონერული ნდობით და შმდეგ არათუ თქხუთმეტ პროცენტს და ოცპროცენტს იტოვებენ ჯილდოდ, არამედ ას პროცენტს“

   ილია ხეთერელი გაჭირვებულ მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს წიგნებით უსასყიდლოდაც ეხმარებოდა, ბევრი მომავალი მწერალი მის მაღაზიაში კითხულობდა ლიტერატურას, რის გამოც მაღაზიას ერთგვარი ბიბლიოთეკის ფუნქციაც ჰქონდა. ილია ხეთერელი ითვალისწინებდა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას და საგანგებოდ გამოსცემდა იაფფასიან წიგნებსაც. მისი წერილები იბეჭდებოდა იმდროინდელი პრესის ფურცლებზე.

   1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ილია ხეთერელმა გუბერნატორის წინაშე შუამდგომლობა აღძრა ყოველდღიური ქართული გაზეთის, „ცხოვრების გზის“ გამოცემის უფლების შესახებ.

    ხეთერელის მაღაზიაში თავს იყრიდნენ მწერლები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები: აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, კიტა აბაშიძე, იონა მეუნარგია, ალექსანდრე ცახელი, რომლებიც მისი ოჯახის მეგობრებიც იყვნენ. ილია ხეთერელი იყო რევოლუციონერიც (ასისთავი ქუთაისში), მას გულრწფელად სჯეროდა, რომ ცარიზმისა და იმპერიის დამარცხებით საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. ამის გამო, ალიხანოვ-ავარსკის პერიოდში, მისი მაღაზია დაწვეს, ხოლო თავად ილიაზე ძებნა გამოცხადდა. რუსი ბადრაგები სახლში მიეჭრნენ, ოჯახი აუწიოკეს, ახალდაბადებული შვილის აკვანში მოკვლა დააპირეს, რომელსაც მისი დისშვილი, ე. ლეჟავა გადაეფარა. დაჭრილი ილია ხეთერელი მეზობელთან გაიქცა, იქ ”ატამანკაში” დამალეს, მაგრამ სისხლის კვალით მიაგნეს, გათოკეს და ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, კვლავ განაგრძო მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა და საგამომცემლო საქმე.

   ილია ხეთერელს ცოლად ჰყავდა ცოლად ყავდა სახალხო მკურნალი, ანასტასია (ანეტა) ჩოგოვაძე, რომელიც მეუღლის ხელშეწყობით, დაქორწინების შემდეგაც არ წყვეტდა სამედიცინო საქმიანობას. მათ ჰყავდათ ექვსი შვილი, რომლიდანაც ყველა ვაჟი სტალინის დიქტატურის პერიოდში, რეპრესიებსა და ომს შეეწირა.

   ილია ხეთერელი გარდაიცვალა 1917 წელს, იგი შეეწირა სუფრაზე გასროლილ ბრმა ტყვიას. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ იანეთში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-1917)

გააზიარე: