The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მანასე ივანეს ძე გოგუაძე

მანასე ივანეს ძე გოგუაძე
ოფიციალური სახელი:მონასე ივანეს ძე გოგუაძე
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1959  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მესტამბე

ბიოგრაფია

     მანასე გოგუაძე დაიბადა 1881 წელს გურიის სოფელ ჭანჭათში ღარიბი გლეხის ოჯახში. მამით ადრე დაობლებული, ბიძამ გაზარდა. პირველდაწყებითი სწავლა-განალება სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის 2 კლასი დაამთავრა.

     1895 წელს თბილისში ბიძასთან, პლატონ გოგუაძესთან გადავიდა, რომელიც „მაქსიმე შარაძესა და ამხანაგობის“ სტამბის ასოთამწყობი იყო და თავად მანასემ „ივერიის“ ასოთამწყობად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ასოთამწყობთა და მბეჭდავთა ჯგუფს. ამ ჯგუფის რევოლუციურ იდეებს პირველად ორთაჭალაში მოწვეულ საიდუმლო კრებაზე სილიბისტრო ჯიბლაძემ აზიარა.

    1899 წელს მანასე გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო სტამბის მუშების პირველ გაფიცვაში, რომელიც ეხებოდა მუშათა ეკონომიური პირობების გაუმჯობესებას. ამის გამო ორი დღე და ღამე, ამხანაგებთან ერთად, პოლიციაშიც ჩასვეს, მაგრამ გაფიცვა მუშების გამარჯვებით დამთავრდა.

    1900 წელს საპირველმაისო დღესასწაულში მონაწილეობდა მლაშე ტბასთან, 1901 წელს სხვებთან ერთად საპირველმაისო ფურცლები ააწყო და მაქსიმე შარაძის სტამბაში დაბეჭდა, რის გამოც მთავრობამ სტამბა დახურა.

    1902 წელს ჯერ ჩუღურეთის, შემდეგ ავლაბრის ჭაში მოწყობილ საიდუმლო სტამბაში მუშაობდა. როდესაც 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამო ამ სტამბაში მუშაობა დროებით შეწყდა, გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩის“ ასოთამწყობად გადავიდა. 1906 წლიდან ისევ იმავე ჭაში 6 თვე იმუშავა. შემდეგ პარტიამ დასავლეთ საქართველოში გაგზავნა, რათა ლეგალურ მუშაობასთან ერთად სტამბაში არალეგალური გამომცემლობაც მოეწყო, მაგრამ რადგან ეს ვერ მოხერხდა, ტფილისში, იჯარით გრიგოლ ჩარკვიანის სტამბა აიღო და ლეგალურ გაზეთებთან ერთად არალეგალურ ლიტერატურასაც ბეჭდავდა. 1907 წელს მთავრობამ ეს სტამბაც დაკეტა და გაზეთის აწყობილი გვერდები დაატუსაღა.

   1909 წლამდე ფოთის სტამბაში მუშაობდა და აქაც ლეგალურ გამოცემებთან ერთად არალეგალურ ლიტერატურას ბეჭდავდა. მთავრობამ ეს სტამბაც დახურა და გოგუაძეს დევნა დაუწყო, მაგრამ დაპატიმრებას გაქცევით დააღწია თავი და პარტიის დავალებით კვლავ თბილისში განაგრძო მუშაობა ქართველთა ამხანაგობის სტამბაში.

    1909 წლის მიწურულს კოჯრის გზაზე, ივანე ქარსელაძის სახლში თბილისის კომიტეტის (ბოლშევიკური) საიდუმლო სტამბა მოაწყო, რომელმაც 1910 წლის 1 ივლისამდე იარსება.

    1910 წელს მძიმედ დაავადებული მანასე გოგუაძე მთავრობამ არამიანცის საავადმყოფოდან მეტეხის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო 1911 წელს ა/კ სამხედრო-საოლქო სასამართლომ 4 წლით კატორღაში გაგზავნა, საიდანაც სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა.

    მანასე გოგუაძე გარდაიცვალა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: