The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე ალექსის ძე ტატიშვილი

ივანე ალექსის ძე ტატიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ალექსის ძე ტატიშვილი
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1963  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი გალავანი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

     ივანე  ტატიშვილი დაიბადა 1878 წელს დუშეთის მაზრის სოფელ გალავანში გლეხის ოჯახში. ბავშვობიდან სხვადასხვა მემამულეებთან მოჯამაგირედ მუშაობდა. გარკვეული ხნის შედეგ მოჯამაგირეობას თავი დაანება და გორში წავიდა, სადაც ღვინის სარდაფში კალატოზის შეგრიდად მუშაობდა. მალევე თბილისში გადავიდა და იარალოვის ლითონის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრეების საქმიანობაში ჩაება. 1905 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში.

    1905 წელს, პარტიული ორგანიზაციის დავალებით, გორისა და დუშეთის მაზრებში გლეხთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა.

    1906 წლისთვის სხვა ადგილობრივ რევოლუციონერებთან ერთად მეფის რეჟიმის ჯაშუშების და „ხულიგნების“ გასანადგურებლად ტერორისტული ჯგუფი შექმნა და პარალელურად ჩაბმული იყო  ყოფილი „წითელი რაზმელების“ დევნა-განადგურებაში.

    1907 წელს დააპატიმრეს და  ასტრახანში გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა  და არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თბილისში დაბრუნების შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის პარტიულ ძიებაში იყო ჩაბმული.

    1908 წლიდან ივაქნე ტატიშვილმა, ტფილისის კომიტეტის დავალებით,  დუშეთის მაზრაში დაიწყო მუშაობა და 1909 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის საგურამოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ივანე აგრძელებდა რევოლუციურ ორგანიზაციებში მუშაობას დუშეთის მაზრაში.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მუშაობდა  აგრარულ და სამეურნეო-საგამგეო კომისიებში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) დააპატიმრა და  მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში" მოათავსა იზოლაციის წესით.

საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ, 1924 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ გალავანში.

   1927 წელს ივანე ტატიშვილი მეორედ დააპატირმეს, მაგრამ  მალევე გაანთავისუფლეს.

   1941 წელს ივანე ტატიშვილი  თბილისში, ილია ჭავჭავძის მკვლელობის ბრალდების საქმეზე გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესში იღებდა მონაწილეობას.

    ივანე ტატიშვილი გარდაიცვალა 1963 წლის 23 აპრილს და დაკრძალულია სოფელ გალავნის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, „მენშევიკების“ ფრაქციის საგურამოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი (1909-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

გააზიარე: