The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნინო შიოს ასული დავითაშვილი

ნინო შიოს ასული დავითაშვილი
Date of birth:30 November, 1882
Date of death:22 October, 1958  (at 75 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Actor/Actress

Biography

     ნინო დავითაშვილი დაიბადა 1882 წლის 30 ნოემბერს  ქალაქ გორში, რევოლუციონერ-ხალხოსნის შიო დავითაშვილის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა, დაობლებული სიღარიბეში გაიზარდა და მამის ანაბარა დარჩენილმა, სკოლაში მხოლოდ ერთ წელი ისწავლა. სკოლის მერე თვითგანვითარებით დაკავდა და მამის გავლენით ხალხოსანთა იდეებით გატაცებულმა, სოფლის მასწავლებლობა გადაწყვიტა.

      1896 წელს სოფელ წრომში, ილია ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. ამ წარმოდგენას მარიამ დემურია დაესწრო და ნინოს ურჩია მსახიობი გამხდარიყო. მისივე რჩევით ნინო 1902 წელს თბილისის სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორიაში) გამოვიდა ნიკო გოცირიძის ხელმძღვანელობით დადგმულ პიესაში „დამნაშავეა?“.

     1903 წელს ვალერიან გუნიას მიწვევით და რეჟისორობით გამოსაცდელ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შემდეგ იგი, როგორც ნიჭიერი მსახიობი, 1903-1904 წლების სეზონში ქართული დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს. შეიძლება ითქვას, სცენაზე მას ილია ჭავჭავაძემ დაულოცა გზა. გუნიას სპექტაკლის ნახვის შემდეგ ილიამ განაცხადა: „დავითაშვილის ქალი უთუოდ უნდა იქნეს დასში მიღებულიო“. იმ პერიოდში დასს აკაკი წერეთელი ედგა სათავეში, რომელმაც მას პირველი ტურფას როლი მისცა „პატარა კახში“.

     1904-1910 წლებში ქუთაისის სცენაზე, ლადო ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობის პერიოდში მოღვაწეობდა, ხოლო 1910-1914 წლებში - თბილისის სცენაზე.

    1914 წლიდან, ორი სეზონი კვლავ ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო 1915 წლიდან ისევ თბილისის ქართულ დასში დაბრუნდა და დრამატული საზოგადოების დასის აკადემიურ თეატრად გარდაქმნის შემდეგ მიწვეულ იქნა რუსთაველის თეატრში, სადაც იგი 1921 წლიდან, სამი ათეული წლის მეტი ხნის მანძილზე რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი გახლდათ.

     ნინო დავითაშვილი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ქართული სცენის კორიფეებს: ლადო ალექსი-მესხიშვილს, ვასო აბაშიძეს და ნატო გაბუნიას. მის მიერ განსახიერებულ როლებს გულწრფელობა და კეთილშობილური სისადავე ახასიათებდა. ზაფხულობით სხვადასხვა სპექტაკლებით პროვინციებში მოგზაურობდა.

     ნინო დავითაშვილი უმთავრესად დრამატულ როლებს ასრულებდა. მას პირველი ბენეფისი 1905 წელს გაუმართეს და ამ დროიდან, როგორც ღირსეული მსახიობს, ყოველწლიურად ტარდებოდა მისი ბენეფისები. შესრულებული აქვს: გაიანე და ზეინაბი „ღალატში“, ფაიხოში და ქეთევანი „სამშობლოში“, ქეთევან წამებული „კონსტანტინე ბატონიშვილში“, ანტიგონე „ანტიგონეში“, ივდითი „ურიელ აკოსტაში“, კატრინი „მადამ სანჟენში“, კრუჩინინა „უდანაშაულოდ დასჯილნში“, კაროჟნა „დარისპანის გასაჭირში“ და სხვა მრავალი.

    ნინო დავითაშვილს მიძღვნილი აქვს მრავალი რეცენზია. იგი თვლიდა, რომ სცენაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ყველას: ავტორს, რეჟისორს, განსაკუთრებით კი, მსახიობს.

    ნინო დავითაშვილი გარდაიცვალა 1958 წლის 22 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: