The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი

ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი
Date of birth:8 February, 1888
Date of death:24 June, 1969  (at 81 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Actor/Actress

Biography

   სანდრო ჟორჟოლიანი დაიბადა 1888 წლის 8 თებერვალს (ძვ.სტ. 27 იანვარი) ოზურგეთში.

   1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1913-1918 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოში  და ამ პერიოდში გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1918-1920 წლებში ჟორჟოლიანი პედაგოგად მუშაობდა თბილისში. ამავე დროს, აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. მისი სამსახიობო დებიუტი საკმაოდ გვიან – 33 წლის ასაკში შედგა. პროფესიულ თეატრში მისვლამდე მას 21 წლიანი სამსახიობო სტაჟი ჰქონდა. პირველი როლი დანიელი იყო შილერის “ყაჩაღები”-დან, რომელიც 12 წლის ასაკში შეასრულა მამის სახლის აივანზე.

   1921 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრში მოღვაწეობდა. იგი გახლდათ მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. ამ პერიოდის  მისი საუკეთესო როლებია: ყარამანი ნინო ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე“-ში, დიტო ვალერიან შალიკაშვილის „უნიადაგონი“-ში, კოწია შალვა დადიანის „გუშინდელნი“-ში, მინისტრის მდივანი დონდაროვის „დეზერტირკა“-ში და სხვა.

   1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა. ეს იყო მისი თეატრალური ცხოვრების ყველაზე გამორჩეული პერიოდი. რეჟისორი სრულ თავისუფლებას აძლევდა მსახიობს, არასოდეს ზღუდავდა, მისი ფანტაზიების განხორციელებას ხელს უწყობდა.კოტე მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი აქტიორული სკოლა, ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებითა და დიდი სცენური მომხიბვლელობით. მსახიობისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი კოტე მარჯანიშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” აღმოჩნდა. ბენ აკიბა სანდრო ჟორჟოლიანის შემოქმედების გვირგვინად არის აღიარებული.

   ჟორჟოლიანის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, სევდა და სიკეთე. ამ პერიოდის მისი როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), გოჩოლავა (შალვა დადიანის „კაკალ გულში“), მოსე მწერალი (ეგნატე ნინოშვილის „გურია“), ხანანია (გერცელ ბააზოვის „იცკა რიჟანიშვილი“), ბენ აკობა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), დარისპანი (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), კირკიტა (მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ილიკო (ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა.

   1925 წლიდან სანდრო ჟორჟოლიანს იღებდნენ კინოში. მისი როლებია: იმერელი თავადი („სამანიშვილის დედინაცვალი“), გენერალი („ელისო“), მოსე მწერალი („დარიკო“), კოსტაია („ნარინჯის ველი“), მაჭანკალი არისტო („დაკარგული სამოთხე“), ფოსტალიონი კირილე („ჭრიჭინა“), პარიკმახერი სანდრო („აბეზარა“), პაპა („მანანა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ედემიკა („მე ვხედავ მზეს“) და სხვა.

    ალექსანდრე ჟორჟოლიანი ფართო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ესტრადის მსახიობი. იგი გახლდათ რესპუბლიკის სახალხო არტისტი და დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით.

   სანდრო ჟორჟოლიანს ჰყავდა მეუღლე ირინა ორეხოვსკაია და ქალიშვილი დინარა ჟორჟოლიანი (კესო „ოთარაანთ ქვრივში“).

   ალექსანდრე ჟორჟოლიანი გარდაიცვალა 1969 წლის 24 ივნისს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

Awards and Honors

  • 1942 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითლი დროშის ორდენი

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზ. ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 305

Share: