The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი

მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი
სხვა სახელი:Baton  (ფსევდონიმი)
ალაროდიელი  (ფსევდონიმი)
ვრაცი  (ფსევდონიმი)
სანგალა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 1965  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციოლოგი

ბიოგრაფია

   მიხაკო წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში. იგი გახლდათ იმერეთის მეფის სოლომონ I კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლის და იმერეთის მეფის დავით II ასულის, ატატო ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავალი

   მიხაკო წერეთელმა 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხეს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით და ერთხანს იქვე კითხულობდა ლექციებს. თავდაპირველად წერეთელი იზიარებდა მარქსიზმს. მან პირველად თარგმნა მარქსის „კაპიტალი“ ქართულად და მიუტანა ნოე ჟორდანიას „კვალის“ რედაქციაში.

   1900-1907 წლებში წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პეტრე კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში.

   1904 წელს წერეთელი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები "საქართველო" და "La Georgie". იმავე წელს წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის რევოლუციური ჯგუფების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელიც პარიზში გაიმართა. 

   1907 წელს მიხაკო წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. ამ დროს ის უკვე ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. იმავე წლის 30 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. გაზეთ "ისარის" 1907 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა მისი ცნობილი წერილი "კაცია ადამიანი?!". ილიას დაკრძალვაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც სტატიის სახით იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება". საქართველოში წერეთელი თანამშრომლობდა „სახალხო გაზეთში“.

    1910 წელს თბილისში გამოიცა მიხაკო წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა „ერი და კაცობრიობა“, რომელიც პირველი ქართული სოციოლოგიური მონოგრაფია იყო. იმავე წელს წერეთელი დააპატიმრეს და კავკასიიდან 5 წლით გადაასახლეს. 

   1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. უნივერიტეტმა სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოსცა.

   1912 წელს წერეთელმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი გამოკვლევა „სუმერული და ქართული“, რომელიც მოგვიანებით  ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნდა. იმავე წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ.

   1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა წერეთლის ნაშრომი „სუმერელები და ქართველები". არჩეული იყო აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრად.

   1913 წელს, ხელისუფლების ნებართვით, დროებით დაბრუნდა საქართველოში. პირველი მსოფლიო ომის წლებში გერმანიაში მოქმედი ორგანიზაციის - „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. იბრძოდა ანტანტის წინააღმდეგ და ცდილობდა გერმანიის მეშვეობით საქართველოს გათავისუფლებას.

   1915 წელს ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა ნარკვევი „საქართველო და დღევანდელი ომი“. 1916 წელს იგი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში, სადაც სიტყვა წარმოთქვა ანტანტას პოლიტიკის წინააღმდეგ. ომის დროს ის წყალქვეშა ნავით ჩავიდა საქართველოში, სადაც იარაღი და ფული ჩაიტანა და ადგილზე შეხვდა ნოე ჟორდანიას. 1917 წელს შვეიცარიაში გამოსცა დოკუმენტი „საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებანი“.

   1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში.

   1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მიხაკო წერეთელი იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო.

   1922-1945 წლებში წერეთელი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა წერეთლის მიერ ნათარგმნი „გილგამეშიანი" და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა „ხეთის ქვეყანა".

   1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე წერეთელი ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია "ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები". 1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "რევიუ დ'ასირიოლოჟი" (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მიხაკო  წერეთელი არჩეული იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად.

   1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების „სიბრძნე სიცრუისას" მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.

    მეორე მსოფლიო ომის წლებში წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი "ქართული სამოკავშირეო კომიტეტი"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"-ს დაფუძნებისა.

   მიხაკო წერეთელი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს პარიზში გამოიცა "ვეფხისტყაოსნის" მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

   1945 წლიდან მიხაკო წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მას ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ წერეთელი ამ დროს პოლიტიკური პრობლემებისადმი მეტ ინტერესს იჩენდა, ვიდრე ლურსმული დამწერლობისა და იეროგლიფებისადმი. იგი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც გამოქვეყნებულია მისი არაერთი საყურადღებო წერილი. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის "Georgica" (ლონდონი) ფურცლებზე.

   მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 1965 წლის 2 მარტს და დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ეროვნული გმირი

გააზიარე: