The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვერა ვარდენის ასული ბარდაველიძე

ვერა ვარდენის ასული ბარდაველიძე
Date of birth:17 September, 1899
Date of death:23 October, 1970  (at 71 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Ethnologist, Historian, Scientist, Educator

Biography

    ვერა ბარდაველიძე დაიბადა 1899 წლის 17 სექტემბერს (ძვ. სტ.) თბილისში, ვარდენ ბარდაველიძისა და ეფემია ძინძიბაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის მე-8 ქალთა გიმნაზიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. ვერამ გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამოავლინა განსაკუთრებული ინტერესი ისტორიისა და ლიტერატურის მიმართ და გიმნაზიასთან არსებულ ლიტერატურულ წრეშიც იყო გაერთიანებული, რომელსავ იმავე გიმნაზიის პედაგოგი სილიბისტრო ლომია ხელმძღვანელობდა.

   1920 წელს ვერა ბარდაველიძე მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგია-ეთნოგრაფიის განყოფილებაში. 1926 წელს მან მთლიანად აღწერა მუზეუმის კოლექციაში არსებული ეთნოგრაფიული მასალები. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა და გაიხსნა ხევსურეთის, სვანეთის, აბისინიის, მე-19 საუკუნის ქალის ქართული ჩაცმულობის, საქართველოს ერთიანი ეთნოგრაფიული გამოფენები. მუზეუმში მუშაობის პარალელურად ვერა ბარდაველიძემ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, რომელიც 1923 წელს წარმატებით დაასრულა. 

   1922 წელს, მუზეუმის არქეოლოგია-ეთნოგრაფიის განყოფილებას სათავეში ვერა ბარდაველიძის მომავალი მეუღლე და კოლეგა, გიორგი ჩიტაია ჩაუდგა, რომლის სახელსაც უკავშირდება ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბება საქართველოში.  ორივე მათგანმა უდიდესი ღვაწლი დასდო  უნიკალური ეთნოგრაფიული არქივის შექმნას საქართველოში. 

   1926 წელს ვერა ბარდაველიძე ასპირანტურაში სასწავლებლად ლენინგრადში, მატერიალური კულტურის სახელმწიფო აკადემიაში მიავლინეს. სწავლის დასრულებისთანავე, ვერა მუშაობას იწყებს ქართველი ერის სულიერი კულტურის შესწავლაზე, რომელსაც იგი უპირველეს და ყველაზე საშურ საქმედ მიიჩნევდა. 

   1934 წელს ვერა ბარდაველიძე მუშაობას იწყებს მეცნიერებათა აკადემიის კავკასიათმცოდნეობის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტში. 1965 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგედ მუშაობდა და პარალელურად საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში. უმდიდრესი და უნიკალური მასალა, რომელიც ამ პერიოდში ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს შეგროვდა საფუძვლად დაედო არაერთ სამეცნიერო ნაშრომს. კვლევითი საქმიანობისა და ეთნოგრაფიული ექსპედიციების საფუძველზე 1936-1941 წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაცია გამოიცა, რომელიც დღემდე რჩება საბაზისო შრომებად ქართულ ეთნოგრაფიაში. მათ შორისაა: ვერა ბარდაველიძის „ქართული ხალხური ორნამენტი“, „სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი“, „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“ელიძე) და 1940 წელს გამოცემული საველე ეთნოგრაფიული დღიური „ივრის ფშაველებში“, რომელიც გამოირჩევა თხრობის თავისებური მანერითა და ფორმით და გაფორმებულია მხატვარ-ილუსტრატორის ნინო ბრიალაშვილის ჩანახატებით, რომელიც ვერა ბარდაველიძის ექსპედიციების უცვლელი მონაწილე იყო.

    ვერა ბარდაველიძეს მასალებზე მუშაობის თავისებური მანერა ჰქონდა. ნაშრომისათვის საბოლოო ფორმის მიცემამდე რამდენჯერმე ამოწმებდა თვითეულ დეტალს, ურთირთშეჯერების, სათანადო სქემებისა და კარტოგრამების გამოყენებით ადგენდა ფაქტების სისწორეს, გავრცელების არეალსა და სიღრმეს. ყველა მისი ნაშრომი გამოირჩევა დეტალების სიუხვითა და ღრმა, ფაქტებზე დამყარებული ანალიზით. ფრანგი ეთნოგრაფი, ქრისტიან პიგეტ დეა რივასო წერდა: “... მისი ცხოვრება  ბრწყინვალე მაგალითია საკუთარი მრწამსის ძიებისა, რომლის სისხლხორცეული ნაწილია საქართველოს წარსული, ქართული წესი და ზნე...“.

    სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ვერა ბარდაველიძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა და ეთნოგრაფთა არაერთი თაობა აღზარდა. ვერა ბარდაველიძის გამოქვეყნებული შრომების ბიბლიოგრაფია ასზე მეტ სტატიასა თუ მონოგრაფიას მოიცავს. ამას გარდა, მას დარჩა უმდიდრესი პირადი არქივი, რომელიც მისმა მეუღლემ, გიორგი ჩიტაიამ, ვერას სიკვდილის მერე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს გადასცა. წერილობითი წყაროებისა და ჩანახატების გარდა, არქივი ხმოვან ჩანაწრებსაც მოიცავს.

   ვერა ბარდაველიძე გარდაიცვალა 1970 წლის 23 ოქტომბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1963 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Share: