The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თამარ სიმონის ასული პაპავა

თამარ სიმონის ასული პაპავა
ოფიციალური სახელი:თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი
სხვა სახელი:ისახარი  (ფსევდონიმი)
ტურფას დედა  (ფსევდონიმი)
ქოჩრიანი ტოროლა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1888
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1976  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   თამარ გოგოლაშვილი დაიბადა 1888 წელს ქალაქ ქუთაისში, ცნობილი მსახიობის  სვიმონ გოგოლაშვილისა (ს. სვიმონაძე) და ალექსანდრა გამრეკლიძის ოჯახში.

   თამარი სამწერლო ასპარეზზე ძალიან ახალგაზრდა გამოვიდა. წერდა და რუსულიდან თარგმნიდა საყმაწვილო მოთხრობებს. თამარი თანამშრომლობდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“-ში. ახალგაზრდა მწერალს ილიასეული „ივერიის“ რედაქტორმა, ფილიპე გოგიჩაიშვილმა გაუკვალა გზა. თამარმა თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ვოლდემარ ბონზელსის ცნობილი ნაშრომი „ფუტკარი და მაია“.

   თამარ გოგოლაშვილი-პაპავა, მწერლობასთან ერთად,  მოღვაწეობდა თეატრის სცენაზეც. პირველად სურამის სცენაზე გამოვიდა, ხოლო 1906 წელს ავჭალის აუდიტორიაში მიიწვიეს. 1907 წელს გამოვიდა სახალხო თეატრის სცენაზე, სადაც 1923 წლამდე დაჰყო და ამავე დროს ხონისა და თელავის სცენებზეც გამოდიოდა, ხოლო დროგამოშვებით  ქართულ დრამატულ დასში თბილისსა და ქუთაისში.

   1923 წელს თამარ პაპავამ თბილისი დატოვა და შვილებთან ერთად შეუერთდა გერმანიაში ემიგრაციაში წასულ მეუღლეს, მწერალსა და ჟურნალისტ აკაკი პაპავას.  აქედან იწყება მათი უცხოეთში ცხოვრება  და ერთობლივი ლიტერატურულ-მეცნიერული მოღვაწეობა. პაპავები ჰამბურგსა და ბერლინში ცხოვრობდნენ. თამარი განაგრძობდა ლიტერატურულ საქმიანობას. მისი ისტორიული ნარკვევები პარიზში, ჟურნალ „კავკასიონში“ იბეჭდებოდა.

   1937 წელს პარიზში გამოვიდა თამარ პაპავას წიგნი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოში“, რომლის წინასიტყვაობა ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს და რომელშიც გადმოცემულია ქალის განსაკუთრებული როლი ქართულ ისტორიაში.

   თამარ პაპავა გერმანიაში ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ყოველწლიურად უფასოდ ატარებდა შობა-ახალი წლის, ნინოობის, თამარობის, 26 მაისის და სხვა ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებს.

   1949 წელს, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, პაპავები არგენტინაში გადასახლდნენ. თამარმა აქაც გააგრძელა საზოგადოებრივი საქმიანობა და 1952 წელს იგი ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი ინიციატივით არგენტინაშიც ყოველწლიურად ტარდებოდა ეროვნული დღესასწაულები, რათა იქ დაბადებულ ახალგაზრდა ქართველებისთვის მშობლიური ტრადიციებისადმი სიყვარული გაეღვივებინა და ჩაენერგა. თამარი არგენტინაში მეგობრობდა და მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ებრაელობასთან.

  1956 წელს,ბუენოს-აირესში  გამოვიდა  თამარ და აკაკი პაპავების ერთობლივი ნაშრომი: „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“. 1950-იან წლებში პაპავების წერილები ნიუ-იორკში გამომავალ ქართულ გაზეთ „ქართულ აზრში“ იბეჭდებოდა. 1970 წელს თამარ პაპავამ გამოსცა თავისი ბოლო წიგნი - „გაბნეული საფლავები“.

   პაპავებმა გარკვეული წვლილი შეიტანეს უცხოეთში მოხვედრილი ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკერდით ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში, რომელიც, 1773 წელს,  დიდი ხელოვნებით იყო შესრულებული ქსნის ერისთავის, იესე ყულარაღასის მეუღლის ქეთევანის მიერ. გადასაფარებელი პაპავებმა 1936 წელს ბერლინში შეიძინეს იმ იმედით, რომ როდესმე ბედი გაუღიმებდათ და ძვირფას რელიქვიას სამშობლოში დააბრუნებდნენ. პაპავების ანდერძი მათმა შთამომავლებმა შეასრულეს და ისტორიული რელიქვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

   თამარ პაპავა 1976 წელს, 87 წლის ასაკში, ბუენოს-აირესში გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: