The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კირიონი II (სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი)

კირიონი II
ოფიციალური სახელი:გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1855
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 1918  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, სიონის საკათედრო ტაძარი
კატეგორია:თეოლოგი, ისტორიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ქვემო ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა  იერონიმე საძაგლიშვილი მთიელებში მსახურობდა და დიდი შრომა ჰქონდა გაწეული ოსთა შორის ქრისტიანული ტრადიციების აღდგენისა და დამკვიდრების საქმეში.

    ხელმოკლე ოჯახმა 7 წლის გიორგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში მიაბარა, ხოლო 1862 წლიდან მან სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა. ამ პერიოდში, როგორც ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, მან გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარა შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილი, შემდეგ კი მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი. 1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიტატის ხარისხით დაამთავრა და იმავე წელს ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

    1883 წელს გიორგი საძაგლიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და თელავის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო მოღვაწეობა. 1896 წლამდე პედაგოგობდა გორის, ქუთაისის, თბილისის სასულიერო სასწავლებლებში და თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში, სადაც ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიასა და გეოგრაფიას.

     ამ პერიოდში პედაგოგობის პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც ეწეოდა. იგი აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობდა ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სიძველეთა საცავს მან უხვად შესწირა ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეული და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებული იშვიათ ხელნაწერები. 1891 წელს კირიონმა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" გადასცა: "ტრიოდიონი", "მარხვანი", სულხან–საბა ორბელიანის "ლექსიკონი ქართული", "ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარისა ანდრია სალოსისა", მსოფლიო ისტორია, ხუცური ასოებით ნაწერი "სადღესასწაულო ღვთისმშვენიერი თხრობით სულისა ფრიად სასარგებლო, რომელსაც ეწოდების გვირგვინი", "საღვთო მარგალიტი" – ძველი, ეტრატზე ნაწერი ხუცური საეკლესიო წიგნი, აპოკრიფი ყოვლად წმიდა მარიამის სახარებასა და იოსებზე, მე–18 საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა, რუსული "ასამაღლებელი" ქართული ასოებით, "ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა ახალი აღთქმისა", სხვადასხვა ხელნაწერი წიგნების ფურცლები და თელავის ღვთაების ეზოში ნაპოვნი ვერცხლის ოთხი ძველი ფული. ამავე პერიოდში კირიონმა შეისწავლა ძველი ქართული აპოკრიფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული იყო გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში.

    1897 წელს გიორგი საძაგლიშვილი მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის (ქვათახევი) მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. მღვდელმთავარმა კირიონმა საკუთარი სახსრებით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ღვთისმსახურების პარალელურად ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.

   1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. მღვდელმთავრის ირგვლივ განათლებული სამღვდელოება იყრიდა თავს, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მეფის რუსეთის მთავრობამ და საქართველოს საეგზარქოსომ აშკარად დაინახეს ის დიდი საფრთხე, რაც კირიონის მოღვაწეობიდან მომდინარეობდა. ამ დროიდან იწყება კირიონის დევნა-შევიწროება და ადგილიდან ადგილზე გადაყვანა. 1904 წელს იგი ორიოლში გაამწესეს, ხოლო 1906 წელს სოხუმში, სადაც კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. 1907 წლის 27 იანვარს, აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით, მღვდელმთავარი სოხუმიდან კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს.

    1907 წლის სექტემბერში კირიონს არ მისცეს უფლება ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოსულიყო და მისთვის უკანასკნელი პატივი მიეგო. კოვნოდან მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.

    1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა.  ჟანდარმერების თანხლებით იგი ჯერ კურიაჟის მონასტერში (ხარკოვის გუბერნია), ხოლო შემდეგ მოსკოვის გზით სანაქსარის უდაბნოში გადაიყვანეს, სადაც ავადმყოფი ეპისკოპოსი ცივ-ნოტიო ოთახში მოათავსეს და სათვალთვალოდ გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ მისი დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შეიქმნა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: "ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია".

     1915 წელს მთავრობამ შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დაინიშნა პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.

     მღვდელმთავარი კირიონი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

    1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და მოწინავე ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით იმავე წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. 

    1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს. სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: "სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა  არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: "არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა". მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი".

    კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად ჰქონდა გადმოცემული საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების აღორძინებისათვის მებრძოლი  პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყო ის ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის, წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და...

    1918 წლის 26 ივნისს კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.     მღვდელმთავარი კირიონი ჯერ ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენეს, ხოლო 7 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში მიაბარეს მიწას.

    2002 წელს საქართველოს მართლმადიდებულმა სამოციქულო ეკლესიამ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) წმინდანად შერაცხა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-1908)

გააზიარე: