The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი

გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი
სხვა სახელი:წყალტუბელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1847
გარდაცვ. თარიღი:1919  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წყალტუბო
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    გიორგი იოსელიანი დაიბადა 1847 წელს სოფელ წყალტუბოში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის სრული კურსი 1865 წელს დაასრულა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებული მოსწავლე, ნიკო ცხვედაძესთან ერთად სახელმწიფო ხარჯით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაგზავნეს უმაღლესი ცოდნის მისაღებად. აკადემიის დასრულებისთანავე ორივენი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლებად დაინიშნენ. ახალგაზრდა მასწავლებლებმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს იაკობ გოგებაშვილთან, რომელიც 1868  წლიდან სემინარიასთან არსებულ სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.

   1873 წლიდან გიორგი იოსელიანი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გადავიდა მასწავლებლად, სადაც 1889 წლამდე მოღვაწეობდა. ინსტიტუტში იგი ასწავლიდა რუსეთისა და მსოფლიო ისტორიებს, რუსულ სიტყვიერებას, ლოგიკას და სლავურ ენას.

    თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის შემდეგ გიორგი იოსელიანი სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში მასწავლებლობდა, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა.

   1885 წლიდან გიორგი იოსელიანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული ამ საზოგადოების საქმიანობაში.

    1893 წელს  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დავალებით გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია პირადად ხელმძღვანელობდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის გათხრას განჯაში და პოეტის ნეშტის თბილისში გადმოსვენებას.

    გიორგი იოსელიანი თავისი საქმის ნამდვილი ხელოვანი იყო. ღრმა განათლება მას ხელს უწყობდა სასწავლო პროგრამის ჩარჩოებით არ შეზღუდულიყო და მოსწავლეებისათვის საფუძვლიანი ცოდნა მიეცა, მათი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.

   1916 წელს ჟურნალმა „განათლებამ“ გიორგი იოსელიანის პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლისთავი აღნიშნა. ჟურნალში დაიბეჭდა ლუარსაბ ბოცვაძის მიერ დაწერილი მხცოვანი პედაგოგის ბიოგრაფია და მისი მოსწავლეების მოგონებანი საყვარელ მასწავლებელზე.

   გიორგი იოსელიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობაში მუშაობდა, ამოწმებდა ამ საზოგადოების სკოლებსა და მასწავლებლებს თავის პედაგოგიურ გამოცდილებას უზიარებდა.

       განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი იოსელიანის მონაწილეობა საბავშვო ჟურნალებში,  სადაც პოპულარული ხასიათის წერილებსა და საყმაწვილო მოთხრობებს აქვეყნებდა. გიორგი იოსელიანმა ბავშვებისთვის გადმოაკეთა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა და პოპულარობითაც სარგებლობდა, თუმცა კრიტიკაც დაიმსახურა იმ მოტივით რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართულ ენაზეა დაწერილი, ყველას ესმის და შრომა ტყუილუბრალოდ არის გაწეულიო. რეცენზენტს გიორგი იოსელიანმა თავის დროზე სრულიად დასაბუთებული პასუხიც გასცა. იგი თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდა და აქვეყნებდა წერილებს. აგრეთვე ცნობილია მის მიერ შედგენილი სასკოლო სახელმძღვანელოები.

     გიორგი იოსელიანი სიკვდილამდე უანგაროდ ემსახურებოდა სახალხო განათლების საქმეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ხაშურში გაატარა და იქაურ გიმნაზიაში განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

   გიორგი იოსელიანი გარდაიცვალა 1919 წელს ხაშურში.   მისი ხსოვნის პატივსაცემად "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" 500 მანეთით დააფინანსა მეექვსე გიმნაზიის ერთ–ერთი ღარიბი მოსწავლის სწავლის წლიური საფასური.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, ალექსანდრეს ინსტიტუტი

გააზიარე: