The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილი

იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1888
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1950  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მომღერალი, მწერალი

ბიოგრაფია

   იოსებ მჭედლიშვილი დაიბადა 1888 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება კაკაბეთის სასოფლო სკოლაში მიიღო. სწავლა ქაშუეთის სამრევლო სკოლაში გააგრძელა, ხოლო ერთი წლის თავზე თბილისის საქალაქო სასწავლებელში ჩაირიცხა. მეხუთე განყოფილებიდან, ვალერიან გუნიას, ნინო ნაკაშიძისა და ალექსანდრე მიქაბერიძის შუამდგომლობით, უგამოცდოდ მიიღეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც სხვა მოწაფეებთან ერთად არალეგალური პოლიტიკური წრე ჩამოაყალიბა, რომლის ერთ-ერთი ამხანაგის მოღალატეობრივი საქციელის გამო, 1912 წელს მე-7 კლასიდან გარიცხეს.

    1906 წელს იოსებმა პირველი ლექსი „არ შედრკებით“ გამოაქვეყნა გაზეთ „ზარში“, ხოლო 1907 წლიდან, თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა. უმთავრესად ვ. გუნიას „ნიშადურში“ იბეჭდებოდა. აქვეყნებდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პიესებს და პუბლიციტურ წერილებს. 1914 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი წეგნი „მწყემსის წერილები“, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. იმდროინდელი კრიტიკა გულმოწყალე იყო იოსებ მჭედლიშვილის მიმართ და მუდამ კმაყოფილებით აღნიშნავდა ხოლმე მის შემოქმედებას. მხოლოდ სამღვდელოება იყო მისი შემოქმედებით უკმაყოფილო და პოემისთვის „ანგელოსთა აჯანყება“, 1914 წელს ანათემას გადასცეს და ეკლესიიდანაც დაითხოვეს.

   1914 წელს მოსკოვში, შანიავსკის სახელობის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად შვიდა, სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე სწავლობდა. 1917 წელს, სხვა სტუდენტებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო თებერვლის რევოლუციაში.

   იოსებ მჭედლიშვილი, უმთავრესად, ხალხური შემოქმედებით იკვებებოდა და ვითარდებოდა მეცხვარეთა ბინებში, ივრისპირა ჭალებში და ცივგომბორის მთებზე მომთაბარეთა შორის. 1915 წელს, იოსებმა განიზრახა თბილისელი ქართველებისთვის ეჩვენებინა ხალხური მომღერლები და ნამდვილი ქართული ხალხური სიმღერები. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი თბილისი, ცნობილი იყო ხალხური გუნდების სიმრავლით, რომელთა ლოტბარები „კამერტონების წკრიალით, ტონის მიცემითა და ხელების ქნევით იყვნენ ცნობილნი“, იგი თვლიდა რომ ქართულ სიმღერას, მითუმეტეს ხალხურს, არანაირი ტონის მიცემა და ხელების ქნევა არ სჭირდებოდა, ეს ქალაქელმა ლოტბარებმა ევროპელებისაგან ისწავლეს, მაგრამ ევროპაში ხალხურ სიმღერებს კი არ უქნევენ ხელს, არამედ კომპოზიტორთა მიერ შექმნილ ნაწარმოებებს. ევროპისგან განსხვავებით,  ქართული სიმღერა მარავალხმიანია და თითოეული შემსრულებელი ამ სიმღერის ავტორიცააო. მას სურდა  სოფლიდან ჩამოეყვანა ხალხური მომღერლები და თბილისელებისთვის ეჩვენებინა, თუ რა იყო ქართული ხალხური შემოქმედება, რომელიც მაშინდელი ლოტბარების ხელში მახინჯდებოდა და გადაგვარების გზას ადგებოდა.

   1920-იანი წლებიდან იოსებ მჭედლიშვილი დღიურებს წერდა, რომელიც ცოცხლად გადმოგვცემს 20-30-იანი წლების საბჭოთა ცხოვრების ავ-კარგს. იგი თავიდანვე ანტირუსულად და ანტისაბჭოურად განწყობილი პიროვნება იყო. დღიურში აშკარაა მისი უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება საბჭოთა რეჟიმის მიმართ. ის მტრულად იყო განწყობილი კულტურის იმ მოღვაწეების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. სხვათაშორის, მისთვის არც იმ დროისთვის დამახასიათებელი არმენოფობია იყო უცხო. იგი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალი, რომელმაც საბჭოთა რეპრესიები იწვნია. 1921 წლის 9 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თებერვალში დაღუპულ მეომართა დასაფლავებაზე წარმოთქმული ლექსის გამო დააპატიმრეს.

   იოსებ მჭედლიშვილი გარდაიცვალა 1950 წლის 16 თებერვალს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: