The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე პავლეს ძე გვარამაძე

ივანე პავლეს ძე გვარამაძე
სხვა სახელი:ვინმე მესხი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1831
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1912  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ივანე გვარამაძე დაიბადა 1831 წლის 24 ოქტომბერს სოფელ ვალეში, ღარიბ ოჯახში. ქართული და სომხური წერა-კითხვა საერო სკოლაში შეისწავლა.

    1848 წელს, 17 წლისა, ახალციხეში არქიმანდრიტ შაჰყულიანს სამღვდლოდ მოსამზადებლად მიაბარეს, შემდეგ ქუთაისში მღვდელ პეტრე ხარისჭირაშვილთან მეცადინეობდა. იყო სტამბოლშიც, სადაც სწავლა-მეცადინეობასთან ერთად იკვლევდა ისტორიულ საბუთებსა და ზედმიწევნით შეისწავლა სომხური ენა. საუცხოოდ კითხულობდა ხუცურს და ქარაგმულ წარწერებს.

   1868 წელს მღვდლად აკურთხეს და სამცხე-საათაბაგოს მივარდნილ სოფლებში განამწესეს.

   1884 წელს ახალციხეში, წმინდა იოანე ნათლიმცემლის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1866 წელს მწერლობა დაიწყო და გაზეთ „დროებაში“, „ვინმე მესხის“ ფსევდონიმით, პუბლიკაციებს აქვეყნებდა. ამის შემდეგ, მთელი 46 წელი თანამშრომლობდა თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთში.

   ივანე გვარამაძის შრომები ჩვენი წარსულის სიტყვიერების, საღვთისმეტყველო და ზნეობრივ საკითხებს ეხება. წერდა წერილებს ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის შესახებ, სასულიერო-ზნეობრივ წიგნებს, პოემებს, ადგენდა სახელმძღვანელოებს, კრებდა სახალხო ზეპირსიტყვიერებას, ძველ თქმულებებს, გადმოცემა-ზღაპრებს, აღწერა მრავალი ისტორიული ნაშთი, შეკრიბა ხალხური ლექსები, თქმულებები, ზღაპრები და „დროებაში, „ცისკარში“, „ივერიაში”, „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „კრებულში” და „მწყემსში“ აქვეყნებდა.

   ივანე გვარამაძემ კონსტანტინოპოლში გამოსცა: „წინამძღვარი ზეცისა“, „გზა ცხოვრებისა“, „ფილოსოფია“, „სასაუბრო ენის გასატეხი ფრანგულ-ქართული“, „რიტორიკა“, „ყვავილების კონა გინა რჩეული ლექსები“, „გვირგვინი წამებულთა“ და სხვა. დაიარებოდა ახალციხესა და ახალქალაქის მაზრების მიყრუებულ ტყე-ღრეებში, ათვალიერებდა ძველ ეკლესია-მონასტრებს, ციხე-კოშკებს და თავისი ხელით იღებდა კედლებიდან წარწერა-ნახატებს. შეკრიბა 13 000 ქართული სიტყვა, რომლებიც სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებში არ მოიპოვება.

   მღვდელი ივანეს ცხოვრება-მოღვაწეობის დროს, ქართველ კათოლიკეთა საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შოვინისტ-კათოლიკე სომეხთა სასულიერო პირები ხელაღებით უარყოფდნენ ქართველ კათოლიკეთა არსებობას. მან ქართველ კათოლიკეთა შორის ეროვნული თვითცნობიერება გაავრცელა და პირველმა გამოთქვა აზრი, რომ სომხურ ტიბიკონზე ქართული ენით მოლაპარაკე კათოლიკენი ქართველები ვართ, ჩვენი დედა ენა ქართული ენაა, ხოლო სამშობლო  საქართველოო, მაგრამ სომეხი კათოლიკეები აუმხედრდნენ: „ღვთის მსახურება ქართულად არ შეიძლებაო“. ივანემ ასეთ შოვინისტ სომეხ კათოლიკეთა საწინააღმდეგოდ „მამაო ჩვენო“ თათრულად თარგმნა და ისე სწირავდა ხოლმე.

     მღვდელი ივანეს ასეთ მუშაობას იმ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთა ეროვნული შემჭიდროების, ერთიანობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისმა თავგამოდებულმა მოძღვრება-ქადაგებამ ქართველ კათოლიკეებს შეაგნებინა თავისი ეროვნული ვინაობა, რის გამოც მღვდელი დევნას განიცდიდა, მაგრამ იგი არ შედრკა.

    ივანე გვარამაძემ შეკრიბა ძველი ხელნაწერები, ქართული ფული, ნივთები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იგი ცდილობდა წერა-კითხვის მოფენით, წიგნების გავრცელებითა და ქადაგებით მესხეთ-ჯავახეთში ქართული ენა აღედგინა.

    ივანე გვარამაძე  გარდაიცვალა 1912 წლის 24 მაისს  ახალციხეში (რაბათში) და დაკრძალულია იქვე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამხმარე წევრი ახალციხეში (1886-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: