The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარიშვილი

დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარიშვილი
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1927  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

      დიმიტრი ნაზარიშვილი დაიბადა 1854 წელს ქალაქ ქუთაისში. მამა ალექსანდრე ნაზარიშვილი წარმოშობით გორიდან იყო, ხოლო დედა, მარიამ მაჭავარიანი იმერელი ქალბატონი გახლდათ. მცირეწლოვანი დიმიტრი დედამ მრევლოვის (მრევლიშვილის სკოლაში) მიაბარა. სწორედ ამ სასწავლებელში ჩაეყარა საფუძველი ნიკო ნიკოლაძის,  ალექსანდრე გაბაშვილისა და დიმიტრი ნაზარიშვილის მეგობრობას. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ წმინდა ნინოს სასწავლებელში ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    1873 წელს, 19 წლის დიმიტრი ნაზარიშვილი პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიის სტუდენტი გახდა, რომელიც 1878 წელს წარჩინებით დაამთავრა და აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ჭლექიანთა გაძლიერებული კვება". ამავე წელს დიმიტრი ბულგარეთში გაემგზავრა და რუსეთ–თურქეთის (1877–1878) ომში დუნაის მოქმედი არმიის ექიმად მიიღო მონაწილეობა.

     1880 წლიდან ქუთაისის სამხედრო ლაზარეთის ორდინატორად დაიწყო მუშაობა. 1881 წელს დიმიტრი დადიანთან ერთად ქუთაისში პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი "შრომა" დააარსა, რომელსაც თავად გამოსცემდა და რედაქტორობდა. იგი არაერთხელ იყო არჩეული ქალაქის საბჭოს ხმოსნად. ცნობილია მისი აქტიური მონაწილეობა ქალაქის საბჭოს ხმოსანთა ერთი ჯგუფის ე.წ. "განსაკუთრებული კომისიის შემადგენლობაში", სადაც დიმიტრი ნაზარიშვილი გიორგი მაიაშვილთან, კირილე ლორთქიფანიძესთან, იოსებ ოცხელთან და სხვებთან ერთად ცარიზმის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ გამოდიოდა, საქართველოსთვის "ავტონომიისა" და სახელმწიფოებრივ–საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის მოთხოვნით.

    1887 წელს, 33 წლის დიმიტრი ნაზარიშვილმა ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ჭლექის მკურნალობის საუკეთესო საშუალებანი" და საქართველოში პირველმა მიიღო მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება.

    1892 წელს დიმიტრი ნაზარიშვილისა და სამსონ თოფურიას ხელმძღვანელობით ქუთაისში პირველი საქალაქო საავადმყოფო გაიხსნა.

    1892 წელს ქუთაისში ღარიბთათვის პირველი უფასო ამბულატორია დააარსა, რომელსაც 25 წლის განმავლობაში თავად განაგებდა (ამჟამად "დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრი", რომელსაც 1995 წელს მისი სახელი მიენიჭა). იგი 22 წლის მანძილზე ქუთაისის თეატრის ექიმად მუშაობდა, დიდი წვლილი მიუძღვის წყალტუბოს მინერალური წყლების შესწავლასა და მკურნალობის მეთოდების დანერგვაში. ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით იგი ორჯერ იყო პეტერბურგში. 

     1906 წელს ნაზარიშვილმა მალარიით დაავადებულთა სამკურნალო პრეპარატი დაამზადა, რომელიც "ნაზარიშვილის წვეთების" სახით იყო ცნობილი, ხოლო 1917 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნაშრომი: "წყალტუბოს მინერალური წყლები და მათი სახელმწიფოებრივ–საზოგადოებრივი მნიშვნელობა.

     დიმიტრი ნაზარიშვილისა და სამსონ თოფურიას თაოსნობით 1917 წლის მაისში ქუთაისში "დასავლეთ საქართველოს ექიმთა კავშირი" შიქმნა.

       დიმიტრი ნაზარიშვილს ჰყავდა ხუთი შვილი: ელო, ისია, ლარა, ლეონიდე და ვლადიმერი (ვოვა). თითოეული მათგანი საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო. მსახიობი ისია – "ცისფერყანწელთა" მუზა, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელო, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ევროპულ ენებს – "ცისფერყანწელების" უახლოესი მეგობარი. ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული "ცისფერყანწელებმა" სწორედ ელო ნაზარიშვილს მიუძღვნეს.

    უდიდესია დიმიტრი ნაზარიშვილის, როგორც პრაქტიკოსი ექიმის დამსახურება. ცნობილია, რომ იგი მკურნალობდა უკრაინელ პოეტს ლესია უკრაინკას, როცა იგი მეუღლესთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა.

    ღვაწლმოსილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ნაზარიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 19 თებერვალს  და დაკრძალულია ქუთაისში "მწვანეყვავილას" მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.  ქუჩას, სადაც ცხოვრობდა დიმიტრი ნაზარიშვილი და შემდგომ მისი ქალიშვილი ელო ნაზარიშვილი, ეწოდა ნაზარიშვილის სახელი, ხოლო თავად სახლი მისმა მემკვიდრეებმა უანგაროდ გადასცეს ქალაქს. 1985 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაზარიშვილების სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღდგენილი იქნა სახლის მემორიალობა, ოჯახის მიერ საუკუნის წინათ შეძენილი ავეჯი, წიგნები, ფოტოსურათები და სხვა ნივთები. სახლში განთავსებულია მათი მუზეუმი და შეიქმნა საზოგადოება "ნაზარიშვილების სახლი".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: