შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
მარი ბროსე![]()
ბიოგრაფიაფრანგი მეცნიერი, აკადემიკოსი მარი–ფელისიტე ბროსე დაიბადა პარიზში 1802 წლის 5 თებერვალს, ღარიბი ვაჭრის ოჯახში. მან პირველდაწყებითი განათლება ორლეანის სემინარიაში მიიღო. მარი–ფელისიტე მეტად ბეჯითი და შრომისმოყვარე ბავშვი აღმოჩნდა. იგი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით, აინტერესებდა აღმოსავლეთი, მისი ისტორია და ლიტერატურა. სწავლის გასაღრმავებლად მარი ბროსე კვლავ პარიზში დაბრუნდა, სადაც იგი გაიტაცა რიტორიკამ. 1817 წელს ქალაქ ისის სემინარიაში დაეუფლა ფილოსოფიას, ებრაულ ენას და არაბულის საფუძვლებს. 1818–1829 წლები მარი ბროსემ გაატარა მონრუჟის იეზუიტურ მონასტერში. მიუხედავად დედამისის დიდი სურვილისა, მარი ბროსემ უარი თქვა საეკლესიო კარიერაზე, დაბრუნდა პარიზში და ხელი მოჰკიდა აღმოსავლური ფილოლოგიის შესწავლას, კერძოდ, იგი სწავლობდა ჩინურს, მანჯურიულს და ტიბეტურს. მარი ბროსე გაეცნო კიეველი მიტროპოლიტის ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნს, სადაც ავტორი მიმოიხილავდა ქართულ ლიტერატურას. შემდგომ მარი ბროსე იგონებდა, რომ სწორედ ამ წიგნმა აღუძრა მას ინტერესი საქართველოსადმი. 1826 წლიდან მარი ბროსემ თავისი უფროსი კოლეგისა და მეგობრის ანტუან ჟან სენ–მარტენის რჩევით ხელი მოჰკიდა ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიან შესწავლას. იგი ქართველოლოგიის რთულ გზას დაადგა და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ბოლომდე გაჰყვა მეცნიერების ამ დარგს. მარი ბროსემ შეისწავლა ქართული ენის შესახებ ევროპაში არსებული ლიტერატურა, გაეცნო პარიზის ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერებს, დაიწყო მუშაობა 1743 წელს ბაქარ ბატონიშვილის მიერ გამოცემულ ბიბლიაზე. ამავე პერიოდში იგი სწავლობდა სომხურ და რუსულ ენებს. 1822 წელს პარიზში დაარსდა „პარიზის სააზიო საზოგადოება“, რომელიც ანტუან ჟან სენ–მარტინის რედაქტორობით უშვებდა ყოველთვიურ „სააზიო ჟურნალს“. მარი ბროსემ ჟურნალის ფურცლებზე გამოაქვეყნა წერილები ქართული ენის, მწერლობის, საქართველოს ისტორიის, ქართული ნუმიზმატიკის საკითხებზე, თარგმანები „ქართული სამართლის“ ტექსტისა, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავისა და სხვ. შეისწავლა საფრანგეთის ბიბლიოთეკებსა და არქივებში დაცული თითქმის ყველა მასალა საქართველოს შესახებ. მკვლევარი გრძნობდა, რომ ამ სამყაროს გასაცნობად მის ხელთ არსებული მასალა არ კმაროდა. საჭირო იყო საქართველოში და რუსეთის ბიბლიოთეკა-მუზეუმებში დაცული მასალების გაცნობა, საქართველოს მონახულება. პეტერბურგში მცხოვრები მეგობრის, აღმოსავლური ენების ინსტიტუტის პროფესორ შარმუას რჩევით, მარი ბროსემ 1830 წელს ქართულად დაწერილი წერილი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილს, თეიმურაზ ბატონიშვილს. მარი ბროსე თავის ცხოვრების უბედნიერეს დღედ თვლიდა იმ დღეს, როდესაც მან თეიმურაზისაგან პასუხი მიიღო. იგი თავის წერილში აღფრთოვანებას გამოხატავდა ახალგაზრდა მეცნიერის საინტერესო მოღვაწეობის გამო და დახმარებას აღუთქვამდა მას. თეიმურაზ ბატონიშვილს ეს დაპირება სიცოცხლის ბოლომდე არ დაურღვევია. მან დიდი ამაგი დასდო მარი ბროსეს მოღვაწეობას, როგორც საფრანგეთში ცხოვრების დროს, ისე რუსეთში ჩამოსვლის შემდეგაც. 1837 წლის 18 ივნისს მარი ბროსე ოჯახითურთ პეტერბურგში ჩავიდა, სადაც მას მეტი საშუალება მიეცა გასცნობოდა და გაეფართოებინა თავისი ცოდნა საქართველოს შესახებ. 1847 წელს მარი ბროსეს აუხდა სანუკვარი ოცნება – იგი ჩამოვიდა საქართველოში. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ფეხით მოიარა თითქმის მთელი საქართველო, აგრეთვე იმოგზაურა სომხეთში. საქართველოში მას მეგზურობას და მასპინძლობას უწევდნენ პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი, დავით და ეკატერინე დადიანები, რაფიელ ერისთავი, თადეოზ გურამიშვილი და სხვანი. ქართველთა აღტაცებულ შეხვედრებს მარი ბროსემ მოკრძალებით უპასუხა: ,,გულითად ვგრძნობ და დიდათ მადლობელი ვარ მოწყალებისა თქუენისა და პატივისცემისათვის, რომელი გიჩუენებიათ ჩემდა. მაგრამ მე ისეთი ამპარტავანი არა ვარ, რომ თავსა ჩემსა მივაჩემო ასეთი პატივით მიღება თქუენ მიერ... ღმერთმან ინება აღმირჩია მე უღირსი საქართუელოს ლიტერატურისა განმაღვიძებლად, რა შემეძლო თვინიერ [თქვენი] შეწევნისა... შევერთდები თქუენთანა გულითა და მუშაკობითა''. მარი ბროსე საქართველოში შეკრებილი დიდძალი მასალის შესახებ ანგარიშებს სისტემატურად ბეჭდავდა წერილების სახით, საბოლოო ანგარიში კი გამოაქვეყნა 1851 წელს ნაშრომში „არქეოლოგიური მოგზაურობანი საქართველოსა და სომხეთში”. მარი ბროსეს ეკუთვნის არაერთი საყურადღებო გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება ქართული ლიტერატურის ძეგლების (“ვეფხისტყაოსანი”, “რუსუდანიანი,” “ომანიანი”, "მირიანიანი“, "დავითიანი“, სულხან–საბას „სიტყვის კონა“ და სხვ.) ტექსტოლოგიურ კვლევას. მისი ერთი წერილი ეხება “მცირე სჯულის კანონის” პეტერბურგულ ხელნაწერს. (1874 წ.). მარი ბროსემ დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალავანდიშვილთან ერთად 1841 წ. გამოსცა “ვეფხისტყაოსანი”, რომელსაც ერთვის მისი წინასიტყვაობა ხანგრძლივი რუსთველოლოგიური კვლევა-ძიების შესახებ. 1849-1858 წლებში შვიდ ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება", ვახუშტის ბატონიშვილის „ისტორიის“ გეოგრაფიის ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის და ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ. ასევე გამოსცა საბუთები რუსულ-ქართული ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მარი ბროსე იყო პირველი სპეციალისტი, რომელმაც ქართული ენის ნათესაობის საკითხი განიხილა არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკულ მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. მან წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდო-ირანულ შტოს ეკუთვნის. მარი ბროსე გარდაიცვალა 1880 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. შატელროში და იქვეა დაკრძალული. არ დარჩენილა ქართველთმცოდნეობის თითქმის არც ერთი დარგი, რომლის მეცნიერული საძირკვლის განმტკიცებასა და შემდგომ წინსვლაში მარი ბროსეს საკუთარი წვლილი არ შეეტანოს. იმ პერიოდის ქართული პრესა დიდ ადგილს უთმობდა მარი ბროსეს მეცნიერული მოღვაწეობის გაშუქებას. ილია ჭავჭავაძე აფასებს რა მარი ბროსეს ღვაწლს ქართველოლოგიის დარგში, წერს: „ევროპიელთაგან მან პირველმა აიღო ჩვენი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა სამეცნიეროდ შესწავლის სპეციალურ საგნად და მიიპყრო მთელის განათლებული ქვეყნების მეცნიერთა ყურადღება''. ქართველმა ხალხმა შეიყვარა და დააფასა ფრანგი მეცნიერის ღვაწლი. მისი სახელი უკვდავია საქართველოში. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |