Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
იულიუს ასფალგი![]()
Biographyცნობილი გერმანელი ორიენტალისტი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგთა სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იულიუს ასფალგი (გერმ. Julius Aßfalg) დაიბადა 1919 წლის 6 ნოემბერს ბავარიაში, სიმგაუს აშაუში. 1926–1930 წლებში იგი სწავლობდა აშაუს სახალხო სკოლაში, შემდეგ – ტრაუნშტაინის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში. ფრაილაზინგის ფილოსოფიურ–თეოლოგიურ უმაღლეს სკოლაში ასფალგი დაეუფლა ფილოსოფიასა და კათოლიკურ თეოლოგიას. შემდეგ, იმავე პროფილით, მან განაგრძო სწავლა აიხშტეტის უმაღლეს სკოლაში. ასფალგი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 1945 წელს ჩავარდა ტყვედ და 13 თვე, როგორც სამხედრო ტყვემ, დაჰყო საფრანგეთის ტერიტორიაზე. 1946 წლიდან იულიუს ასფალგი დაბრუნდა გერმანიაში და დაიწყო მოღვაწეობა მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც ეუფლებოდა კათოლიკურ თეოლოგიას და ორიენტალისტიკას. აქ მან მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი ძირითადი სპეციალობა იყო სემიტური ენები, მომიჯნავე დისციპლინები კი – ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია და ძველი აღქმის წიგნები. 1961 წელს ასფალგმა წარმატებით დაიცვა საჰაბილიტაციო ნაშრომი ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიაში. იულიუს ასფალგის საკვლევაძიებო სფერო მოიცავდა ეთიოპიურ, სირიულ, არაბულ, ქართულ ენებს და ამ ერების ძველ მწერლობას, ვიწრო სპეციალობა კი ქართული საეკლესიო ლიტერატურა იყო. მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ქართველი ემიგრანტი მეცნიერი მიხეილ თარხნიშვილი. გერმანელი ქართველოლოგი ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდა შემოქმედებითი კონტაქტები ქართველ მეცნიერებთან, განსაკუთრებით, ალექსანდრე ბარამიძესთან. თავის მხრივ, ასფალგი უშურველად უგზავნიდა ქართველ კოლეგებს დასავლეთში გამოცემულ მათთვის საინტერესო და იმ დროისათვის ხელმიუწვდომელ ლიტერატურას. მიხეილ თარხნიშვილმა და იულიუს ასფალგმა გადაამუშავეს, გერმანულად თარგმნეს და 1955 წელს გამოსცეს კ. კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ ტ. 1, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველოლოგიაში. 1963 წელს ვისბადენში გამოვიდა ასფალგის ნაშრომი "ქართული ხელნაწერები", რომელშიც მან მეცნიერულად აღწერა გერმანულ წიგნსაცავებში დაცული 15 ქართული ხელნაწერი და იგი მიუძღვნა მიხეილ თარხნიშვილის ხსოვნას. ქართველოლოგიის დარგში იულიუს ასფალგის უმდიდრესი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია შრომები: „ქართული სასულიერო მწერლობა“ (1957), „ძველი ქართული ენის შესწავლა საქართველოში“ (1958), „საეკლესიო წელიწადისა და ქართული ეკლესიის უახლესი ისტორიის შესახებ“ (1960), „პრაღაში დაცული ფრაგმენტი იაკობ ჟამისწირვის ძველი ქართული ტექსტისა“ (ი. იედლიჩკასთან ერთად, 1960), „კიტა ჩხენკელი“ (1964), „ქართული შტუდიების შესახებ გერმანიაში“ (1965) და სხვ. აგრეთვე, მან შეადგინა მ. თარხნიშვილის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. იგი ავტორია მრავალი სალექსიკონო სტატიისა საქართველოს, ქართული ენისა და ლიტერატურის, დამწერლობის, ეკლესიის შესახებ. მეცნიერის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მან მიუნხენის უნივერსიტეტში გამოზარდა ქართულით დაინტერესებული არაერთი მეცნიერი, რომლებიც დღეს ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ერთგულად ემსახურებიან ქართულ საქმეს. იულიუს ასფალგი სამჯერ ეწვია საქართველოს – 1960, 1965 და 1966 წლებში. მონაწილეობდა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 1993 წელს მიენიჭა თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა, ხოლო 1996 წლის 28 ივნისიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრია. 1990 წელს იულიუს ასფალგის დაბადების 70–ე წლისთავს მიეძღვნა ვისბადენში დაბეჭდილი მოზრდილი კრებული. იულიუს ასფალგი გარდაიცვალა 2000 წლის 12 იანვარს, მიუნხენში, 80 წლის ასაკში. წყარო: 1. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოლგიის ისტორიისათვის. თბ., 2012. 2. იმნაიშვილი, ვახტანგ. იულიუს ასფალგის გარდაცვალების გამო // ენათმეცნიერების საკითხები, 2000, №4. 3. იმნაიშვილი, ივანე. იულიუს ასფალგი // სამშობლო, 1971, 10 სექტემბერი, გვ. 2.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |