The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


დევიდ ლენგი

დევიდ ლენგი
ოფიციალური სახელი:დევიდ მარშალ ლენგი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1991  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

ინგლისელი ქართველოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის პროფესორი დევიდ მარშალ ლენგი დაიბადა 1924 წლის 6 მაისს, ინგლისში, კენტის საგრაფოში.

 დევიდ ლენგმა დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის წმინდა იოანეს კოლეჯი. 1939–1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი მუშაობდა ირანში ბრიტანეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობაზე. 1946 წლიდან დაიწყო რუსეთისა და კავკასიის ისტორიის შესწავლა. 1949–1980 წლებში მოღვაწეობდა ლონდონის უნივერსიტეტში, განაგებდა  აფრიკისა და აღმოსავლეთის სწავლების განყოფილებას, მათ შორის, ქართველოლოგიის კათედრას. უნივერისიტეტში ასწავლიდა ქართულს. 1956 წელს დაქორწინდა, შეეძინა ოთხი შვილი.

ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით, დევიდ ლენგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. იგი მონაწილეობას იღებდა ქართული მწერლობისა და კულტურისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, მოვლილი ჰქონდა საქართველო, კარგად იცნობდა მის ისტორიულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებს. 

დევიდ ლენგმა 1950–იანი წლებიდან ქართული კულტურის შესწავლასა და უცხოეთში მის პოპულარიზაციას მრავალი საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია: „პეტრე იბერის ვინაობის შესახებ“ (1951), „საქართველოს წმინდანთა ცხოვრება“ (1956), „სიბრძნე ბალავარისა“ (1957), „ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658–1832“ (1957), „საქართველოს ახალი ისტორია. XIX-XX სს” (1962),  „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები“, „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები“ (1966), „ხალხური და კურტუაზიული ელემენტები ქართულ ეპოსში“ (1970), „აღმოსავლური ლიტერატურის ცნობარი“ (1971), „ქართული ხელნაწერები ოქსფორდის უნივერსიტეტში“, „მამა მიქაელ თარხნიშვილი“, „რუსთაველიანა“ და ა. შ.  მან მიუძღვნა ნარკვევები გიორგი ბრწყინვალეს, საფრანგეთთან ვატანგ VI-ის ურთიერთობას, ქართველთა მოღვაწეობას ირანში, ტოტლებენის ჯარების საქართველოში ყოფნას 1769–1774 წლებში, დაინტერესდა ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებით და 1969 წელს კიდევაც მოინახულა ისინი.

 1966 წელს დევიდ ლენგმა დაამთავრა მუშაობა მიმოხილვით საცნობარო წიგნზე „ქართველები“. აქ ავტორი ვრცლად ეხება საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ქართული ნუმიზმატიკის შესწავლის ისტორიაში დიდია ლენგის დამსახურება. მან 1955 წელს ნიუ–იორკში გამოაქვეყნა მონოგრაფია „ეტიუდები საქართველოს ნუმიზმატიკის ისტორიიდან“. ამ ნაშრომში წარმოდგენილია ასზე მეტი ქართული მონეტა, მათი დეტალური აღწერა ავტორისეული კომენტარები და ფოტორეპროდუქციები.

დევიდ ლენგის ქართველოლოგიური კვლევის სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველსა და მის პოემას „ვეფხიტყაოსანს“. 1965 წელს ქ. ჩიკაგოში, აშშ–ის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების გენერალური ასამბლეის სხდომაზე, დევიდ ლენგი გამოვიდა მოხსენებით: „შოთა რუსთაველი და შუა საუკუნეების ქართული ეპოსი“, რამაც, როგორც თვითონ მეცნიერი აღნიშნავდა, აუდიტორიის დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია.

დევიდ ლენგი საზღვარგარეთის ჟურნალებსა და გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა საინტერესო რეცენზიებს, სტატიებს ქართველოლოგიის საკითხებზე, აქტიურად თანამშრომლობდა საფრანგეთში გამომავალ ჟურნალში „ბედი ქართლისა“, ეხმაურებოდა ქართველი კოლეგების ნაშრომებს. თავის მხრივ, ქართველი მეცნიერები ჯეროვნად აფასებდნენ ინგლისელი მეცნიერის ღვაწლს ქართველოლოგიაში, ცალკეული სტატიებითა და საგაზეთო წერილებით აცნობდნენ ქართველ მკითხველებს მის ქართველოლოგიურ მემკვიდრეობას.

 1968 წელს დევიდ ლენგი ქართველოლოგიაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

დევიდ ლენგის ორი წერილი დაიბეჭდა თბილისში 1975 წელს გამოცულ კრებულში "უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ", ნაკვთი 3.

1976 წელს უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ლენგის ვაჟი, რამაც სულიერად გატეხა მეცნიერი.  ამის შემდეგ, დევიდ ლენგი პენსიაზე გავიდა და აქტიურ მეცნიერულ–საზოგადოებრივ მოღვაწეობას ჩამოშორდა.

დევიდ ლენგი გარდაიცვალა 1991 წლის 20 მარტს ინგლისში.

დევიდ ლენგის ნაშრომები კვლავ გამოიცემა მისი გარდაცვალების შემდეგაც. 2003 წელს თბილისში გამოვიდა მისი წიგნი "საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები".

აღსანიშვანია, რომ დევიდ ლენგის ზემოთ ჩამოთვლილი ნაშრომების უმრავლესობა ინახება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ნებისმიერ მკითხველს შეუძლია მათი ნახვა.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999.

2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.


გააზიარე: