The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


იასუჰირო კოჯიმა

იასუჰირო კოჯიმა
Date of birth:18 February, 1976  (49 years)
Category:Linguist, Kartvelologist

Biography

იაპონელი ენათმეცნიერი, მთარგმნელი, ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა დაიბადა 1976 წლის 18 თებერვალს, ფუკუის პრეფექტურაში, ქალაქ ავარაში, პედაგოგების ოჯახში. 18 წლის შევიდა ტოკიოს უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ტოკიოშივე დარჩა. 

თავდაპირველად უნივერსიტეტში იასუჰირო ზოგად ენათმეცნიერებას სწავლობდა. იგი აქ დაინტერესდა კავკასიური ენებით, განსაკუთრებით, ქართულით.  უნივერსიტეტში მოიძია ჰ. არონსონის ქართული ენის თვითმასწავლებლი ინგლისურ ენაზე და აღმოაჩინა, რომ ქართული მეტად საინტერესო ენაა. 

ქართულის უკეთ დაუფლების მიზნით იასუჰირომ მოძებნა მჭედლიძეების ქართული ოჯახი, რომელიც ტოკიოსთან ახლოს პატარა ქალაქში ცხოვრობდა, მივიდა, გაეცნო და დაიწყო მათთან კვირაში ერთხელ სიარული. მაგრამ მიხვდა, რომ ქართული ძალიან რთული ენაა და ასე მისი შესწავლა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა.

საქართველოში იასუჰირო კოჯიმა პირველად ჩამოვიდა 1998 წლის ზაფხულში, თვენახევრით, მეორედ - 1999 წელს, ასევე ხანმოკლე დროით, ხოლო 2000 წელს - 2 წლით.

იასუფირო კოჯიმა 2000-2002 წლებში ცხოვრობდა თბილისში და სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლობდა კავკასიურ ენებს. ქართულთან ერთად სხვა ენებიც შეისწავლა, მათ შორის, ჩეჩნური, აფხაზური, ოსური­, მეგრული.

თბილისის უნივერსიტეტში სწავლის დროს იასუჰირომ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე იაპონოლოგი მედეა გოცირიძე.

2002 წელს მათ იქორწინეს და იაპონიაში გაემგზავრნენ, სადაც 10 წელი ცხოვრობდნენ.

ტოკიოში დაბრუნების შემდეგ იასუფირო და მედეა ქართულს ასწავლიდნენ დაინტერესებულ სტუდენტებს – იასუჰირო უცხო ენათა ინსტიტუტში, ხოლო მედეა  - ენების სკოლაში.

იასუჰირო კოჯიმამ 2004 წელს ტოკიოში იაპონურ ენაზე თარგმნა და გამოსცა ნოდარ დუმბაძის  „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ეს იყო პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ქართულიდან პირდაპირ ითარგმნა  იაპონურ ენაზე.  შემდეგ იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა აგრეთვე ორი პატარა მოთხრობა - ლაშა თაბუკაშვილის „მშვიდობით‚ ქალბატონო“ და გოდერძი ჩოხელის „დავიწყების მდინარე“.

2011 წლის გაზაფხულზე იაპონურ ენაზე გამოსცა "ქართული ენის სახელმძღვანელო", რაც ხელს უწყობს იაპონელებს ქართული ენის შესწავლაში.

იასუჰირო კოჯიმას დიდი კონტაქტები აქვს თბილისის სკოლასთან "ქართული სასწავლებელი", სადაც იაპონური ენა დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლება. კოჯიმას იაპონურ ენაზე თარგმნილი აქვს სკოლის მოსწავლეების მიერ დაწერილი წიგნი - "დრაკონი", ასევე, იაპონურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას ლექსი "არჩილური", რომლის შინაარსიც 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში იაპონელების მიმართ ქართველი ხალხის იდუმალი სიმპათიის გამოძახილია. ასევე თარგმნა ვაჟას პოემები: "სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური", "გველის-მჭამელი", მოთხრობები: "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ვერხვი", "ჩხიკვთა ქორწილი", რომლებიც ერთ წიგნად გამოიცა 2018 წელს. ი. კოჯიმამ თარგმნა აკაკი წერეთლის ლექსი "გურული ნანინა", რომელიც ამავე ომში იაპონელების გმირული ბრძოლისა და სახელგანთქმული მარშლის, ივაო ოიამას შეფარულ ხოტბას წარმოადგენს.

მედეა გოცირიძემ  გამოსცა წიგნი "იაპონური ენა ყველას", რომელზეც იაპონური ენის შესწავლის მსურველებს შორის დიდი მოთხოვნილებაა.

2011 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი "ქართველოლოგია იაპონიაში", სადაც გაშუქდა იასუჰირო კოჯიმას ქართველოლოგიური მოღვაწეობა. სემინარზე ი. კოჯიმამ წარმოადგინა ნაშრომი "ქართველოლოგია იაპონიაში".

2012 წელს იაპონიაში საქართველოს მეგობარმა და ჩვენს სამშობლოზე შეყვარებულმა ქალბატონმა - ჰიროკო კაკომ გამოსცა წიგნი - "საქართველო", რომლის რედაქტორიც იასუჰირო კოჯიმა არის.

2013 წელს იასუჰირო კოჯიმა დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის მედლით "სამოქალაქო თავდადებისთვის",

2017 წელს კი - "ოქროს ფრთით" ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდიდან.

2016 წლის 19 თებერვალს გაიხსნა "ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა -2016". სალექციო კურსებს სხვა პროფესორებთან ერთად უძღვებოდა ი. კოჯიმა.

2016 წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე იასუჰირო კოჯიმამ საზოგადოებას გააცნო პოემის იაპონური თარგმანის თავისებურებები და წაიკითხა რამდენიმე სტროფი იაპონურად ნათარგმნის "ვეფხისტყაოსნიდან".

2019 წელს იასუჰირო კოჯიმას გამორჩეული ლიტერატურული ენით მეტყველებისთვის გადაეცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ჯილდო.

იასუჰირო კოჯიმა აქტიურადაა ჩართული საქართველო-იაპონიის როგორც კულტურულ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი 2018 წლამდე საქართველოში იაპონიის საელჩოს ატაშედ მუშაობდა.

იასუჰირო კოჯიმა დღემდე ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში იაპონელებს ქართულს ასწავლის.


წყარო:

1. უტიაშვილი, ნათია. ვინ არის იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც ქართულ ენაზე, მეგრულ, სვანურ, ლაზურ დიალექტებზე საუბრობს და ტოკიოს უნივერსიტეტში იაპონელებს ქართულად საუბარსა და წერა-კითხვას ასწავლის // თბილისელები, 2012, 9 ივლისი.

2. ფეიქრიშვილი. ჟ. ვაშაკიძე ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიიდან, წ. 2, თბ., 2018

3. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1097075823698331&id=215457961860126

4. http://politscience.info/Filemanager/files/bakalavriati/msoflio%20me20sauk/ruset-iapon-omi-dasaqartvelo-1904-05.pdf

5. https://sputnik-georgia.com/people/20170309/235149444/iasuhiro-kojima.html


Share: