Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
თომას ჰოიზერმანი![]()
Biographyშვეიცარიელი მუსიკოსი, ქართველოლოგი, ქართული კულტურის მოსიყვარულე და დიდი ქომაგი თომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს ციურიხში, მათემატიკის მასწავლებლის, ალბერტ ჰოიზერმანისა და რენტგენოლოგის, მარგარეტ ჰონეგერის ოჯახში. იგი ციურიხის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ - ლიტერატურულ გიმნაზიაში, სადაც ლათინური, ფრანგული და ძველბერძნული ენები შეისწავლა. მოწაფეობის დროს ბევრს კითხულობდა. თუმცა, განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თომასი მშობლებმა 2 თვით ინგლისში გაგზავნეს ინგლისური ენის შესასწავლად. შინ დაბრუნებულმა თომასმა გერმანისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. აქ იგი დაინტერესდა ოსიპ მანდელშტამის პოეზიით და გადაწყვიტა რუსული ენის შესწავლა. თომას ჰოიზერმანი საქართველოს პირველად 1972 წელს ესტუმრა ლენინგრადიდან, სადაც სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. თბილისმა მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ, თომას ჰოიზერმანმა პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და ექვსი წლის განმავლობაში ციურიხში მასწავლებლად მუშაობდა. 1980 წელს მან პედაგოგიურ საქმიანობას თავი დაანება და მუსიკალურ განათლებას მოჰკიდა ხელი. 1991 წელს თომას ჰოიზერმანი, „შვეიცარიის მასწავლებელთა გაერთიანებასთან“ ერთად, უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს. აქ მან პირველად მოისმინა ქართული ხალხური სიმღერა თბილისის მეექვსე გიმნაზიასთან ახლადშექმნილ ანსამბლ „გეორგიკას“ შესრულებით. ქართული სიმღერის ორიგინალურმა და თვითმყოფადმა ხასიათმა უმალ მიიპყრო მუსიკათმცოდნის ყურადღება, რის გამოც მან ანსამბლის შვეიცარიაში ტურნეზე მიწვევა და შვეიცარიელი მსმენელის ქართული მუსიკის თავისებურებით დაინტერესება გადაწყვიტა. თომას ჰოიზერმანმა მიზნად დაისახა ქართული ხალხური სიმღერის მეცნიერულად შესწავლა. ამ მიზნით, 1994-1995 წლებში კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე ერთი წლით ესტუმრა საქართველოს. თომას ჰოიზერმანი ქართული ხალხური სიმღერის თემით 2002 და 2005 წლებში მოხსენებით წარდგა ტრადიციული მრავალხმიანობის პირველ და მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე. მისი და შვეიცარიული ფონდის, „pro Helvetia”-ს, ფინანსური მხარდაჭერით, გამოიცა ტრადიციული იმერულ-გურული საეკლესიო სიმღერების ალბომი, რომლის გერმანულენოვანი წინასიტყვაობის ავტორიც თავად იყო. თომას ჰოიზერმანი შვეიცარიულ პრესაში ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. თომას ჰოიზერმანმა საკმაოდ კარგად შეისწავლა ქართული ენა. იგი აქტიურად არის ჩართული 1988 წელს შვეიცარიაში დაარსებულ „საქართველოს შვეიცარიელ მეგობართა გაერთიანების“ საქმიანობაში. იგი ორგანიზებას უწევს ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული შვეიცარიელების მოგზაურობას საქართველოში. თომას ჰოიზერმანი იკვლევდა შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ მოღვაწეებს (გრიგოლ რობაქიძე, ხარიტონ შავიშვილი, კიტა ჩხენკელი) და შვეიცარია-საქართველოს ურთიერთობებს. მუშაობის პროცესში იგი სხვა ემიგრანტების ბედ-იღბლითაც დაინტერესდა. 2013 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობისათვის მოიპოვა მიხაკო წერეთლის რუსთაველის თარგმანის ტექსტი. ამ მიმართულებით ბატონი ჰოიზერმანი დღემდე აქტიურად მუშაობს. თომას ჰოიზერმანის თბილისში ყოფნის დროს ინტენსიურ საქმიან თანამშრომლობას აგრძელებდა მეექვსე საავტორო გიმნაზიასთან (დღეს თბილისის გურამ რამიშვილის სახელობის №20 საჯარო სკოლა); სერგი ოქროპირიძესთან ერთად მონაწილეობდა ლამარა ნაროუშვილის მიერ შედგენილი ლიტერატურის სახელმძღვანელოს რედაქტირებაში; ამირან სვიმონიშვილთან ერთად შეიმუშავა გერმანული ლიტერატურის კურსის სასწავლო გეგმა; სხვა შვეიცარიელ პედაგოგებთან ერთად კი, წლების განმავლობაში ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა ჯგუფების შვეიცარიაში მოგზაურობას. საქართველოსადმი მზარდი ინტერესის წყალობით, ჰოიზერმანი დაუახლოვდა ცნობილი ქართველი ფილოლოგის კიტა ჩხენკელის მოწაფეებს - ლეა ფლურს, რუთ ნოიკომსა და იოლანდა მარშევს და მათთან ერთად მეორედ გამოსცა უკვე რარიტეტად ქცეული გერმანულ-ქართული ლექსიკონის სამტომეული. 2000 წლის 23 აპრილს თომას ჰოიზერმანი სვეტიცხოველში მართლმადიდებლად მოინათლა. 2001 წელს საქართველოს თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულომ თომას ფოიზერმანი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია „ქართული ხალხური შემოქმედების კვლევისა და დასავლეთ ევროპაში მისი პოპულარიზაციისათვის, ქართული მწერლობის შესახებ გამოქვეყნებული წერილებისათვის“. 2012 წელს სატელევიზიო კომპანიამ „იმედი“ გადაცემაში „იმედის გმირები“ მეცნიერის საქმიანობას სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, თომას ჰოიზერმანი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. თომას ჰოიზერმანი დღემდე კითხულობს ლექციების კურსს ფოლკლორის საკითხებზე შვეიცარიასა და გერმანიაში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების არაერთი კომპაქტ-დისკი (CD); ასევე, დაინტერესებულია ქართული ლიტერატურის კვლევით. ის ავტორია მონოგრაფიისა "Amor fati ბედისწერის სიყვარული = Liebe zum Schicksal : (ლონდა-კარდუ-მალშტრემი-ლამარა)" : [გრიგოლ რობაქიძის დრამები], რომელიც გამოიცა 2006 წელს და რომლის პრეზენტაციაც გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. „ძალიან დავინტერესდი რობაქიძის დრამებით და იმით, თუ რა კავშირშია ისინი მის სხვა რომანებთან. ეს ერთი მთლიანი სამყაროა“ – თქვა ავტორმა თავის გამოსვლაში. წყარო: 1. დარჩია ქეთი. შორეული ახლობელი // ბომონდი, 2011, №6 2. საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში. თბ., 2009 3. ქართული ხალხური მუსიკის უცხოელი მკვლევარები და შემკრებლები. თბ., 2011
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |