Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
რუთ ნოიკომი![]()
Biographyშვეიცარიელი ქართველოლოგი რუთ ნოიკომი დაიბადა 1920 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ნეუჰაუზენში, შვეიცარიაში. გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ციურიხის უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ამავე დროს სწავლობდა გერმანულ ლიტერატურასა და ხელოვნებას. 1945 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბოროტი ადამიანი ფრანგულ ლიტერატურაში“. 1946–1949 წლებში რუთ ნოიკომი ასწავლიდა უცხო ენებს, ამავე დროს, მუშაობდა ჟურნალისტად, შემდეგ „მანესეს“ გამომცემლობაში, მდივნად. 1949 წლიდან რუთ ნოიკომი იყო კიტა ჩხენკელის მოწაფე და ერთ–ერთი აქტიური თანამშრომელი. იგი ლეა ფლურთან და იოლანდა მარშევთან ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე იყო ქართული კულტურის უანგარო მსახური. რუთ ნოიკომი, როგორც კიტა ჩხენკელის ერთიანი გუნდის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა „ქართული ენის შესავლის“ და „ქართულ–გერმანული ლექსიკონის“ მომზადება–გამოცემაზე. რუთ ნოიკომი განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა მთარგმნელობითი საქმიანობისადმი, რაც მასწავლებლის თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია. 1957 წელს ციურიხში გამოვიდა მასწავლებელ–მოწაფის ერთობლივი ნაშრომი „ვისრამიანის“ მოკლე რედაქციის გერმანული თარგმანი. ამის შემდეგ მათ დაიწყეს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა გერმანულ ენაზე. 1963 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა კიტა ჩხენკელი და რუთმა უკვე მის გარეშე გააგრძელა თარგმნა, რომელიც 1974 წელს დაასრულა. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიქტორ ნოზაძის კონსულტაციები პოემის ტექსტის გაგებისა და თარგმანის დახვეწის თვალსაზრისით. თარგმანი შესრულებულია პროზად. პროლოგი და ეპილოგი თარგმნილია თეთრ ლექსად. წიგნი ილუსტრირებულია XVII საუკუნის ქართველი მხატვრის მამუკა თავაქარაშვილის მინიატურებით. ბოლოსიტყვაობის ავტორი რუთ ნოიკომი წერს: „ვეფხისტყაოსანი“, ისევე როგორც „ვისრამიანი“, შუა საუკუნეების მნიშვნელოვან პოეტურ ქმნილებებს ეკუთვნის. აქ პროზად თარგმნილი პოემა უტოლდება სარაინდო რომანს... „ვეფხისტყაოსანი“ მაშინდელი საქართველოს მაღალი კულტურის დადასტურებაა“. 1970 წელს ციურიხში გამოვიდა რუთ ნოიკომის თარგმანების კრებული – თანამედროვე ქართული მოთხრობები“. მასში შესულია მ. ჯავახიშვილის „ყბაჩამ დააგვიანა“, ეშმაკის ქვა“, „ტყის კაცი“; ნ. ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“; კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“; ლ. გოთუას „ყინწვისის ანგელოზი“, უგზო ქარავანი“ და გრ. ჩიქოვანის „დაბრუნება“. კრებულს თან ახლავს მთარგმნელის არგუმენტირებული სტატია, რომელშიც მიმოხილულია ქართული ლიტერატურის ისტორია, დასაბამიდან დღემდე. ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპის ლიტერატურის სპეციალისტებმა გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ დიდი ისტორიის მქონე ქართულ ლიტერატურას, შეისწავლონ იგი, თუ სურთ გაიგონ ქართველი ერის ცივილიზაცია. აღნიშნულ თარგმანებს გამოეხმაურა და დიდი შეფასება მისცა ევროპაში გამომავალმა გაზეთებმა: „რევიუ დე კარტველოლოგი“, „დი ტატი“, „გალურ ტაგბლატი“, „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ და სხვ. რუთ ნოიკომი სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ გაზეთში „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგ“. მაგ.: 1981 წელს დაიბეჭდა მისი ვრცელი სტატია „ქართული ლიტერატურა“. მასში ავტორი საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს ქართული ლიტერატურის განვითარების გზებზე V საუკუნიდან XX საუკუნის 70–იან წლებამდე. აქვეა ილიას, ვაჟას, გ. ლეონიძის, გ. ტაბიძის ზოგიერთი ლექსის რუთისეული თარგმანი. 1982 წელს ამავე გაზეთის ლიტერატურულ დამატებაში დაიბეჭდა რუთ ნოიკომისა და იოლანდა მარშევის ერთობლივი ნაშრომი „აკ. წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“, რუბრიკით „საქართველოს უკვდავი ბულბული“, რომელსაც თან ახლდა აკაკის „ჩემი თავგადასავლიდან“ გერმანულად თარგმნილი ნაწყვეტები, 1986 წლის 28 ნოემბერს კი – სტატია „ი. ჭავჭავაძე – საქართველოს დიდი მენტორი“. აქვეა წარმოდგენილი ნაწყვეტები „განდეგილიდან“ და“აჩრდილიდან“. 1990 წელს ციურიხის გამომცემლობა „მანესემ“ დასტამბა გერმანულ ენაზე რუთ ნოიკომისა და იოლანდა მარშევის მიერ თარგმნილი „აკ. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“. რუთ ნოიკომი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას როგორც კიტა ჩხენკელთან თანაშემწეობით, ისე საინტერესო გამოკვლევებითა და მშვენიერი თარგმანებით. რუთ ნოიკომი გარდაიცვალა 2001 წელს, ციურიხში. მისი სიკვდილით დაირღვა ის დიდი სამეული, რომელიც შვეიცარიასა და მის მიმდებარე ქვეყნებში ქართულ სიტყვას, ქართულ მწერლობას, ზოგადად, ქართულ კულტურას ედგა ჭირისუფლად. წყარო: 1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999. 2. თურნავა, სერგო. ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. თბ., 1999 3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |