| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
სტივენ ჯონსი![]()
ბიოგრაფიაამერიკელი ქართველოლოგი, ისტორიკოსი სტივენ ჯონსი დაიბადა 1952 წლის 13 ივნისს სამხრეთ ინგლისში, ესექსის რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლონდონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლობდა ევროპისა და რუსეთის ისტორიას. სტუდენტობის პერიოდში მან „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი წაიკითხა, მანამდე საქართველოზე არაფერი იცოდა. როგორც თვითონ მეცნიერი იხსენებს: „მანამდე საქართველოზე თითქმის არაფერი ვიცოდი, მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ კავკასიაში არის ძალიან საინტერესო ისტორიისა და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომ საქართველოს მთებში ხალხი დიდად დღეგრძელია და, რომ სტალინი ქართველი იყო. რუსთაველმა იმდენად მომხიბლა და დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე საქართველოს ისტორიის შესწავლა. სულ მალე უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციისათვის მოვამზადე თემა, რომელიც ეხებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს, მის სოციალურ საკითხებს, ლიტერატურას, „თერგდალეულთა“ შემოქმედებას...“ სტივენ ჯონსმა ქართული ენის შესწავლა დევიდ ლანგთან დაიწყო. 1978 წელს სტივენ ჯონსი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მან აქ ერთი წელი დაჰყო. თბილისის უნივერსიტეტში მისი ქართულის მასწავლებელი იყო ლეილა გეგუჩაძე. ამავე წელს იგი ქართველების სიძე გახდა – მან ცოლად შეირთო მაშინ კონსერვატორიის სტუდენტი მარინე მახარობლიშვილი. მათ ჰყავთ ორი შვილი – ლორენსი და ილია. აღსანიშნავია, რომ მისი უმცროსი ვაჟი დაიბადა 1987 წელს, როდესაც საქართველოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. სწორედ მის საპატივცემულად დაარქვა სტივენმა თავის შვილს სახელი – ილია. 1984 წელს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისგან სტივენ ჯონსმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადისერტაციო თემა იყო: „საქართველოს სოციალური დემოკრატია ოპოზიციასა და ძალაუფლებაში ყოფნის დროს, 1918-1921 წწ.“ სტივენ ჯონსი საბჭოთა და რუსულ პოლიტიკას ასწავლიდა კალიფორნიის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და წმ. ენთონის კოლეჯის ასოცირებული წევრი. 1989 წლიდან სტივენ ჯონსი ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში, აშშ–ში. პროფესორი ჯონსი არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი საქართველოს შესახებ. 2005 წელს გამოსცა წიგნი „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე, 1883-1917". 2010 წელს კი გამოსცა წიგნი „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში". პროფესორი ჯონსის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია საქართველოს შესახებ, მათ შორის 2009 წელს თბილისში ჩატარებული - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. სტივენ ჯონსს მიღებულია აქვს გრანტები და ჯილდოები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა სმიტ რიჩარდსონის სახელობის ფონდი, პრინსტონის კვლევითი ინსტიტუტი, ა.შ. 1980-1983 წლებში იგი იყო მარჯორი უორდროპის სახელობის მკვლევარი ოქსფორდის უნივერსიტეტში; 2011 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. არის სხვადასხვა სარედაქციო ჯგუფის წევრი; 1990-იან წლებში თანამშრომლობდა ქართულ ბიბლიოთეკებთან ელექტრონული კატალოგების შესაქმნელად; ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ქართულ პროგრამებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის; არის ქართული ასოციაციის მდივანი აშშ-ში. 2011 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. სტივენ ჯონსმა 2012 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (Georgia: A Political History since Independence). 2013 წელს წიგნი ქართულად გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. ის თარგმნა ხათუნა ჩხეიძემ. ავტორი წიგნზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და 30 წელზე მეტხანს კრებდა მასალებს მისთვის. წიგნი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო 20 წლის პოლიტიკური ისტორიის საინტერესო, სინთეზურ ანალიზს, რომელშიც გამოყენებულია ადგილობრივი და საერთშორისო რესურსები. სტივენ ჯონსმა შესანიშნავად იცის ქართული ენა. საქართველოს ისტორიის საკითხების გარდა, იგი დაინტერსებულია ქართული ლიტერატურითაც – თარგმნის ქართველი მწერლების ნაწარმოებებს. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ილია ჭავჭავაძის მიმართ. იგი ამბობს: „გული მწყდება, რომ ამ ბუმბერაზ მწერალს ევროპა თითქმის არ იცნობს. მე მას მსოფლიოს, რომელიც გნებავთ, დიდი მწერლის გვერდით ვაყენებ... თითქმის არ მაგონდება მეორე დიდი მწერალი, ამდენი რომ გაეკეთებინოს თავისი ერისათვის.“ სტივენ ჯონსი საქართველოზე უსაზღვროდ არის შეყვარებული. იგი ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, სადაც მას უამრავი მეგობარი და კოლეგა ჰყავს. წყარო:
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

