The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


გერჰარდ დეეტერსი

გერჰარდ დეეტერსი
ოფიციალური სახელი:გერჰარდ ულრიხ ვოლდემარ დეეტერსი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1892
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1961  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბონი, გერმანია
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი გერჰარდ ულრიხ ვოლდემარ დეეტერსი დაიბადა 1892 წლის 8 აგვისტოს ლემბურგში (ლივლანდია). იგი ლაიფციგში სწავლობდა ფილოსოფიას, ხოლო შემდეგ, 1922–1925 წლებში –  ენათმეცნიერებას იენასა და მიუნხენში. ქართული ენის შესწავლა დაიწყო ნიკოლოზ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართველური ზმნა".

გერჰარდ დეეტერსი 1927–1932 წლებში იყო  ლაიფციგის უნივერსიტეტის ასისტენტი, ხოლო 1935–1960 წლებში ბონის უნივერსიტეტის პროფესორი.

1930–1934 გერჰარდ დეეტერსი იყო ადოლფ დირის მიერ დაარსებული ჟურნალ "კაუკაზიკას" ("Caucasica") გამომცემელი, ხოლო 1937–1960 გამოსცემდა ჟურნალ "Indogermanische Forschungen" ("ინდოგერმანული ძიებანი").

XX საულუნის 30–იანი წლებიდან მოყოლებული დეეტერსი ეწეოდა მეტად ნაყოფიერ საქმიანობას.  მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, როგორც ქართული ენა და მისი დიალექტები, ასევე სომხური და აფხაზური ენები.

1927 წელს გერჰარდ დეეტერსმა ლაიფციგში გამოაქვეყნა ნაშრომი „სომხური და სამხრეთ–კავკასიური“, რომელშიც შესწავლილი აქვს სომხურისა და ქართულ–ქართველური ენების მორფოლოგიური და სინტაქსური საკითხები, აგრეთვე ბგერითი შესატყვისობანი. ამ საკითხს მეცნიერმა მომავალშიც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა.

1930 წელს გამოქვეყნდა დეეტერსის მეორე ნაშრომი „ქართველური ზმნა“, რომელშიც საფუძვლიანად არის გაანალიზებული ქართველურ ენათა შედარებითი მორფოლოგიის მრავალი საკვანძო საკითხი, ახლებურად არის დასმული საერთო-ქართველური ფუძეენის დიფერენციაციის პრობლემა.

1931 წელს გეტინგენში გერჰარდ დეეტერსმა გამოსცა ახალი ნაშრომი „აფხაზური ენის აგებულება“.

გერჰარდ დეეტერსს ეკუთვნის გამოკვლევა ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. მისი აზრით, ქართული დამწერლობა ბერძნულიდან მომდინარეობს და ის საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ არის შექმნილი.

გერჰარდ დეეტერსი ძირითადად ქართული ენის სფეროში მუშაობდა, თუმცა გულგრილი არც ლიტერატურული საკითხების მიმართ რჩებოდა. მან გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ქართული ლიტერატურის შესახებ. 1963 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა წიგნი "ქართული ლიტერატურა", რომელიც წარმოადგენს ქართული მწერლობის ისტორიის (V–XX სს.) მოკლე მიმოხილვას და მას უფრო საინფორმაციო–საცნობარო დანიშნულება აქვს. ავტორი ქართულ ლიტერატურას ყოფს ოთხ პერიოდად:

  1. ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა (V-XI);
  2. შუა საუკუნეების პოეზია (XI-XIII);
  3. აღორძინება, განმანათლებლობა, რომანტიზმი (XVI-XIX საუკუნის I ნახევარი);
  4. ახალი ქართული ლიტერატურა.

გერჰარდ დეეტერსმა დაბეჭდა რამდენიმე სტატია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, სადაც იგი განიხილავს რუსთველოლოგიის პრობლემებს. ესენია: "შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბილეოდ", "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი ჰუგო ჰუპერტისა" და სხვ.

ქართველ ნაციონალისტთა ორგანო „კლდე“, რომელიც გამოდიოდა ბერლინში 1934–1936 წლებში, ქართულენოვანი იყო, მაგრამ მასში ზოგიერთი მასალა იბეჭდებოდა გერმანულ და ფრანგულ ენებზეც. გერჰარდ დეეტერსი თანამშრომლობდა გაზეთთან. სწორედ, ამ გაზეთში, 1935 წლის №11/12–ში, დაიბეჭდა გეეტერსის გერმანულ ენაზე დაწერილი შრომა „შოთა რუსთაველი“

თავისი მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობით გერჰარდ დეეტერსი ხელს უწყობდა გერმანიაში ქართველოლოგიური საქმიანობის ფართოდ გაშლას და მის სრულყოფას. მან აღზარდა ქართველური ენების არაერთი გამოჩენილი მკვლევარი (ფ. ნაისერი, კ. ჰ. შმიდტი და სხვ.).

გერჰარდ დეეტერსი გარდაიცვალა 1961 წლის  19 ოქტომბერს, ქალაქ ბონში.

წყარო:

1. ბარამიძე, ალექსანდრე. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 9, თბ., 1997.

2. რევიშვილი, შ. გერჰარდ დეეტერსი და ქართული ლიტერატურა //უცხოური ენები სკოლაში, 1973, №3ю

3.ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.

4. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 6, თბ., 2005.


გააზიარე: