The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


კარლ შმიდტი

კარლ შმიდტი
ოფიციალური სახელი:კარლ ჰორსტ შმიდტი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 2012  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბონი, გერმანია
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

კარლ ჰორსტ შმიდტი დაიბადა 1929 წლის 31 მაისს საქსონია–ანჰალტის მხარეში, ქალაქ დესაუში. 948 წელს დაამთავრა დესაუს გოეთეს სახელობის გიმნაზია, 1949–1956 წლებში სწავლობდა ბერლინის, კენლის, ბონის, დუბლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კარლ ჰორსტ შმიდტი  ცხოვრობდა და სწავლობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც მან აითვისა რუსული ენა. სწორედ, რუსული ენის საშუალებით მივიდა იგი საბჭოთა ენათმეცნიერებასთან. ბონში სწავლის დროს, შმიდტი გახდა გერჰარდ დეეტერსის მოწაფე, რომელმაც იგი აზიარა კავკასიოლოგიის სამყაროს და განსაკუთრებით ქართულში გაწაფა.

კარლ ჰორსტ შმიდტი მიუნხენში, ერთხანს ქართულს სწავლობდა  არჩილ მეტრეველთან. 1954 წელს მან დაიცვა დისერტაცია შედარებით ენათმეცნიერებაში, კელტოლოგიაში, ხოლო 1960 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია – ჰაბილიტაციის ნაშრომი, რომელიც შემდგომ წიგნად გამოსცა სათაურით – „ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის“ (ვისბადენი, 1962 წ, ქართული თარგმანი 1964 წ.) და მიუძღვნა თავის მასწავლებელს გერჰარდ დეეტერსს. ეს არის გერმანელი ენათმეცნიერის მიერ მეტად საინტერესოდ შედგენილი ქართული ეტიმოლოგიური ლექსიკონი, რომელიც პირველია ამ დარგში და რომელმაც სპეციალისტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნის წინასიტყვაობაში იგი მადლობას უხდის ბევრ ქართველ ენათმეცნიერს, ვინც მას წიგნზე მუშაობისას დახმარება აღმოუჩინა. ესენია:  გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, სერგი ჟღენტი, მზექალა შანიძე, ალექსი ჭინჭარაული, თამაზ გამყრელიძე, გიორგი კლიმოვი, გივი მაჭავარიანი, გურამ თოფურია.

1964 წელს კარლ ჰორსტ შმიდტი მიუნსტერის უნივერსიტეტის ინდოგერმანული ენათმეცნიერების კათედრის პროფესორია, ხოლო 1966 წლიდან – ბოხუმის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი. 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კარლ შმიდტი იყო ბონის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერებისა და კელტოლოგიის ემერეტუს-პროფესორი.

კარლ შმიდტის ნაშრომები ეძღვნება ქართული, სომხური და ოსური ენების საკითხებს. ესენია: „პასივი ქართულსა და ინდოგერმანულ ენებში“, „ასპექტი ქართულსა და ინდოგერმანულ ენებში“, „დრო ქართულსა და ინდოგერმანულ ენებში“, „ინდოგერმანული მედიუმი და სათავისო ქცევა ქართულში“, „გ. დეეტერსი“, „კონიუნქტივი და ფუტურუმი ქართულსა და ინდოგერმანულ ენებში“ და სხვ.

კარლ შმიდტი რამდენჯერმე ეწვია საქართველოს. იგი გაეცნო აქაურ სამეცნიერო დაწესებულებებს, დაუმეგობრდა ქართველ კოლეგებს. 1987 წელს საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მოწვევით წაიკითხა ოთხი მოხსენება: რუსულად, გერმანულად და ინგლისურად. მეცნიერი შეეხო კავკასიოლოგიის, არმენოლოგიისა და ინდოევროპული ენების ისტორიის საინტერესო პრობლემებს.

1966 წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით კარლ შმიდტი კვლავ ეწვია საქართველოს და აქტიური მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებებში, მაღალი შეფასება მისცა „ვეფხისტყაოსანსა“ და მის ავტორს: „მე ვიცნობ პოემის ღრმა ფილოსოფიურ სამყაროს, პოემის მაღალ ჰუმანისტურ იდეალებს. ამიტომ შემიძლია ვთქვა: შოთა რუსთაველი კაცობრიობის რჩეულ პოეტთა და მოაზროვნეთა რიცხვს ეკუთვნის“.

კარლ ჰორსტ შმიდტი გარდა წმინდა მეცნიერული საქმიანობისა, საზღვარგარეთის პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა რეცენზიებს საქართველოსა და უცხოეთში დაბეჭდილ სხვადასხვა ქვეყნის ქართველოლოგთა ნაშრომებზე, საგანგებო ანოტაციებითა და მიმოხილვებით აცნობდა უცხოელ მკითხველს ქართული მეცნიერების მიღწევებს.

1963 წლიდან კარლ შმიდტი იყო „რევიუ დე კარტველოლოჟისა“ და „შტუდიო კაუკაზიკას“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.

1988 წელს გერმანელი ქართველოლოგი სპეციალური მოწვევით ესტუმრა საქართველოს, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებში. ამ დღეებში ჩატარებულ ქართველოლოგთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის პლენარულ სხდომაზე თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კარლ ჰორსტ შმიდტს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. გერმანელმა მეცნიერმა ქართულად გადაიხადა მადლობა და აღნიშნა: „მე ამ ჯილდოს ვიღებ არა როგორც პირადად ჩემი ღვაწლის აღიარებას, არამედ – მთელი გერმანული მეცნიერების დაფასებას“. მან ქართულადვე წაიკითხა მოხსენება: „ქართველური ენები გენეტიკური და ტიპოლოგიური თვალსაზრისით“.

1996 წელს კარლ ჰორსტ შმიდტი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კარლ ჰორსტ შმიდტი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

კარლ ჰორსტ შმიდტი გარდაიცვალა 2012 წლის 29 ოქტომბერს, ქალაქ ბონში.

წყარო:

1. ბოედერი, ვინფრიდ. კარლ–ჰორსტ შმიდტი // კადმოსი, 2013, №5.

2. დიდი წვლილისათვის // კომუნისტი - თბილისი, 1988. - 16 ოქტომბერი.

3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვასაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიიდან, თბ., 2012. 


გააზიარე: