The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ადოლფ დირი

ადოლფ დირი
Date of birth:17 December, 1867
Date of death:9 April, 1930  (at 62 years)
Burial location:ქ. პასაუ, გერმანია
Category:Ethnologist, Linguist

Biography

გერმანელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი და კავკასიოლოგი ადოლფ დირი დაიბადა 1867 წლის 17 დეკემბერს ქალაქ აუგსბერგში, მასწავლებლის ოჯახში. ჯერ კიდევ ბავშვობაში ადოლფ დირმა უდიდესი მისწრაფება და ინტერესი გამოიჩინა უცხო ხალხებისა და მათი ენებისადმი. რეალურ გიმნაზიაში სწავლის დროს, მესამე კლასელმა მიატოვა სახლი და გაიქცა ალჟირში. სახლში დაბრუნებულს უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე, ემოგზაურა მსოფლიოში. მალე იგი გაემგზავრა პარიზსა და რომში, თან იცვლიდა პროფესიებს.

1891–1892 წლებში ადოლფ დირი ბერლინში სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობას, მაგრამ საჭირო დოკუმენტების უქონლობის გამო, მან სამსახური ვერ იშოვა და კვლავ გაემგზავრა პარიზში. 1892–1898 წლებში იგი  სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა აღმოსავლურ ენებს. ასევე ესწრებოდა ლექციებს ანთროპოლოგიაში. 1901 წლამდე იგი ძირითადად ცხოვრობდა პარიზში.

1900 წელს ადოლფ დირი პირველად ეწვია თბილისს. შემდეგ წელს იგი კვლავ ეწვია კავკასიას, კერძოდ, ელიზავეტპოლს. მალე დირმა თბილისში დაიწყო მუშაობა გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებლად. ადგილობრივმა ენებმა და მთიელების ყოფამ მიიპყრო დირის ყურადღება. შემდეგ იგი დაბრუნდა პარიზში, იქიდან მიუნხენში გადავიდა, მაგრამ შესაფერისი სამსახური ვერსად იშოვა და, საბოლოოდ, კვლავ კავკასიაში ჩამოვიდა. 

1902 წლიდან 1913 წლამდე ადოლფ დირი მუშაობდა კავკასიაში სხვადასხვა სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად. კავკასიაში იგი ბევრს მოგზაურობდა, მათ შორის, საქართველოს კუთხეებში - 1904 წელს იყო თუშეთში, 1911 წელს – აფხაზეთსა და ოსეთში.

კავკასიაში ყოფნის მთელი ათი წლის მანძილზე, დირი სწავლობდა კავკასიელი ხალხების ეთნოგრაფიას, ენებს. ამ ხნი სგანმავლობაში ადოლფ დირმა თბილისში რუსულ ენაზე გამოაქვეყნა 7 მონოგრაფია დაღესტნურ ენატა შესახებ, რის გამოც მას 1908 წელს მიენიჭა მიუნხენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და 1909 წელს მიიღო  სანკტ–პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მაკარის სახელობის პრემია.

1913 წელს სანკტ–პეტერბურგის აკადემიის დავალებით ადოლფ დირი ეწვია უბიხების სოფლებს, შეისწავლა მათი ენა, ჩაიწერა ზეპირსიტყვიერების რამდენიმე ნიმუში და მოპოვებული მასალების საფუძველზე 1928 წელს გამოსცა თავისი მნიშვნელოვანია მონოგრაფია „უბიხების ენა“.

სამხრეთკავკასიური ენებიდან ადოლფ დირის შესწავლის საგანს მხოლოდ ქართული წარმოადგენდა, რისთვისაც მან 1904 წელს შეადგინა "თეორიულ–პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა"

1912 წელს ადოლფ დირმა მიუნხენის ხალხთმცოდნეობის მუზეუმს გაუგზავნა ამანათი კავკასიური ექსპონატებით – ტანსაცმელი, ჭურჭელი, სამკაულები და სხვ. ისინი ძირითადად საქართველოში იყო შეგროვილი. 1913 წლის 1 სექტემბერს დირმა მიუნხენის მუზეუმში მიიღო მუზეუმის მცველის თანამდებობა, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

კავკასიაში მუშაობის დროს დირი დიდ ყურადღებას აქცევდა ეთნოგრაფიული მასალების, მათ შორის, არტეფაქტების შეგროვებას. 1910–1913 წლებში დირმა საქართველოში გააკეთა ლაზური, მეგრული, სვანური, აფხაზური და ოსური ხალხური მუსიკის 38 ჩანაწერი, რომელიც ამჟამად ბერლინის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

მიუნხენის ხალხთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში ინახება ადოლფ დირის მიერ კავკასიის სხვადასხვა მხარეებში გადაღებული 295 ფოტო, რომლებზე წარმოდგენილია არა მხოლოდ კავკასიის მცხოვრებლები, არამედ მატერიალური კულტურის საგნებიც.

პირველი მსოფლიო ომის დროს ადოლფ დირმა რამდენჯერმე მოინახულა რუსი სამხედრო ტყვეები და კავკასიურ ენებზე მოსაუბრეებთან ჩაატარა ლინგვისტური სამუშაოები.

1918 წლის მაისში საქართველომ გერმანიის მხარდაჭერით გამოაცხადა რა დამოუკიდებლობა, ადოლფ დირს კვლავ მიეცა საშუალება საქართველოში ჩამოსვლის. ამჯერად იგი ჩვენს ქვეყანას ეწვია, როგორც  გერმანიის დელეგაციის წევრი. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა საქართველოდან მიუნხენის მუზეუმის კავკასიური კოლექციის გამდიდრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში გადაადგილება არ იყო ადვილი.

1920 წელს ადოლფ დირმა მიიღო პროფესორის წოდება, ხოლო 1924 წელს – ბოლონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტის წოდება. 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო თავის მიერ დაარსებულ ჟურნალ „Kaukasica”-ს რედაქტორი, რომელიც პირველი საენათმეცნიერო ჟურნალია კავკასიისმცოდნეობის დარგში.

1920 წელს ქ. იენაში ადოლფ დირის ავტორობით გერმანულ ენაზე გამოვიდა "კავკასიური ზღაპრები", რომელიც "მსოფლიო ლიტერატურის ზღაპრების" სერიაში შევიდა.

1928 წელს გამოვიდა ადოლფ დირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი "კავკასიურ ენათა შესწავლის შესავალი". ეს იყო იმ დროისათვის ვრცელი შემაჯამებელი გამოკვლევა, სადაც სრულადაა წარმოდგენილი იბერიულ–კავკასიური ენობრივი სინამდვილე.

აღსანიშნავია ადოლფ დირის მეტად საინტერესო ნაშრომები: "ახალი შეხედულება ხევსურთა წარმომავლობაზე", "კავკასიურ ენათა კვლევა, მისი ისტორია და შემდგომი ამოცანები", "კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგია და ეთნოგრაფიული მიმოხილვა" და სხვ. 

1930 წლის 9 აპრილს მძიმე ავადმყოფოს გამო ადოლფ დირი გარდაიცვალა ქალაქ პასაუში.

წყარო:

1. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.

2. ჩიქობავა, არნოლდ. იბერიულ–კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 2008.


Share: