Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ჟორჟ ბუიონი![]()
Biographyბელგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართული კულტურის დიდი მოამაგე ჟორჟ ბუიონი დაიბადა 1915 წლის 14 ივნისს ბელგიაში, ქალაქ ანერში, მეფუნთუშის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ლტოლვილები, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოექცნენ გერმანულ არმიას. 1919 წელს ისინი დაბრუნდნენ ქალაქ ვირტონში, სადაც გახსნეს საფუნთუშე. ვირტონის მუნიციპალურ სკოლაში მიიღო პატარა ჟორჟმა დაწყებითი განათლება. 1925–1933 წლებში სწავლობდა ჰუმანიტარულ სკოლაში „l'Athénée Royal“. 1937 წელს ჟორჟ ბუიონმა დაამთავრა ლიეჟის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ლიტერატურის ფაკულტეტი. 1938 წელს იგი გაიწვიეს ბელგიის არმიაში და 1940 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ჟორჟ ბუიონი სამწერლო ასპარზზე გამოვიდა XX საუკუნის 40–იანი წლებიდან. 1948 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული „მოგონებანი“. ამას მოჰყვა „რჩეული ლექსები“, „ჰიმნები და ბალადები“, "ჰიმნი გევილის ტყეზე“, „სიყვარული და სიკვდილი“, „ლაიტმოტივი“ და სხვ. აღსანიშნავია მისი მოთხრობების წიგნები: „ნებისმიერი ადამიანის ჰუმანიზმი“, „ავტოპორტრეტი“, „მეორე პორტრეტი“, „პორტრეტები სარკეში“; რომანების სერია საერთო სათაურით: „ურწმუნოების სიტყვები“, "პროვინციული ისეთივე, როგორიც არის“, „ახალი პროვინციული ისეთი, როგორიც არის“. ხელოვების საკითხებზე ოთხი მონოგრაფია: „მარსელ პრუსტის სახეები“, "კამილ ბართელემი“, „ალბერ რატი ისეთი, როგორიც თვითონ არის“ და „მარი ჰოვეტ ისეთი, როგორიც თვითონ არის“. აგრეთვე ნოველების კრებული: „მოიგონე“ და „დიალოგი მშვიდობაზე“. ჟორჟ ბუიონი საქართველოთი დაინტერესდა XX საუკუნის 60–იან წლებში, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გაიცნო და საქმიანი ურთიერთობები დაამყარა ბელგიის საელჩოში მომუშავე ქართველებთან – გივი და ეკა მაისურაძეებთან. მათგან მიღებული პირველი ინფორმაცია საქართველოს შესახებ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მწერალი გამომგზავრებულიყო საქართველოში და უშუალოდ გასცნობოდა ჩვენს ქვეყანას, მის ხალხს, კულტურას... მან გაიცნო და კავშირები დაამყარა ქართველ მწერლებთან და მეცნიერებთან (გრ. აბაშიძეს, ი. ნონეშვილი, გ. ბუაჩიძე, ს. წულაძე, პ. ინგოროყვა, მ. ლებანიძე, შ. ძიძიგური, ს. თურნავა და სხვ.). მან რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში, მოინახულა ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, მესხეთ–ჯავახეთი და სხვა ადგილები. ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნებით და ხალხის სტუმართმოყვარეობით მოხიბლული უცხოელი უფრო ახლოს გაეცნო ქართულ კულტურას, პოეზიას, მწერლობას და მიზნად დაისახა გაეცნო იგი თანამემამულეთათვის. მრავალი წლის დაძაბული შრომისა და ქართველი მწერლებისა და მეცნიერების მიერ მიწოდებული ლიტერატურისა და კონსულტაციების შედეგად დაიწერა და 1978 წელს ბრიუსელში გამოიცა ჟორჟ ბუიონის შესანიშნავი წიგნი „საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა“. წიგნი ეძღვნება ქართული კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებს ძველი დროიდან დღემდე და მასში წყაროდ გამოყენებულია ქართველი მწერლებისა და მეცნიერების ნაშრომებიც. წინასიტყვაობაში იგი წერს: „წიგნს არ აქვს მეცნიერული ნაშრომის პრეტენზია, არამედ აქ არის უბრალო თხრობა უცხოელი მკითხველისათვის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე... ჩემი მიზანი იყო საქართველოზე სიმართლის თქმა, მსოფლიოსთვის გამეცნო ქართული კულტურა და მემხილებინა ცილისმწამებლები...“ ჟორჟ ბუიონის წიგნი „საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა“ გულთბილად მიიღო უცხოელმა მკითხველმა, პირადი წერილებითა თუ ოფიციალური რეცენზიებით გამოთქვამდნენ მადლობას ავტორის მიმართ. ჟორჟ ბუიონი უცხოეთის პრესაში სისტემატიურად აქვეყნებდა ნარკვევებსა და რეცენზიებს ქართველი მწერლებისა და მეცნიერების ნაშრომებზე და აცნობდა ფრანგულენოვან სამყაროს. მაგალითად, მან დაწერა ვრცელი რეცენზია შოთა ძიძიგურის წიგნზე "ქართული ენა"; 1979 წელს ბელგიურმა ჟურნალმა "ბელჟიკ ურს მაგაზინმა" გამოაქვეყნა წერილი "სულხან–საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"; დაიბეჭდა ბუიონის რეცენზიები აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაზე" (1981); სერგი წულაძის ნაშრომზე "ქართული პოეზიის ანთოლოგია" (1983); ნოდარ დუმბაძის "მარადისობის კანონზე" (1983). ჟორჟ ბუიონი იყო ბელგია–საბჭოთა კავშირის საზოგადოების პრეზიდენტი, ასევე საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო აკადემიისა და საზოგადოების წევრი. ჟორჟ ბუიონი გარდაიცვალა 2001 წლის 22 მაისს, ქალაქ ვირტონში. წყარო: 1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1999. 2. თურნავა, სერგო. ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები, თბ., 1999. 3. თურნავა, სერგო. ქართული მწერლობის დიდი მეგობარი // საუნჯე - 1987. - N2. 3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012. 4. Mathieu, Paul. Georges Bouillon, 1991.(http://www.servicedulivre.be/servlet/Repository/Georges_BOUILLON_*.PDF?IDR=4946)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |