Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
რობერტ ბლეიკი![]()
Biographyამერიკელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი რობერტ პირპონტ ბლეიკი დაიბადა 1886 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ სან-ფრანცისკოში (აშშ), ტრადიციულ ამერიკულ ოჯახში. 1908 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში მან აიღო ბაკალავრის დიპლომი კლასიკურ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში. იმავე წელს მან გადაწყვიტა მაგისტრატურის გაგრძელება ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1909 წელს აიღო მაგისტრის ხარისხი კლასიკურ ენებსა და ისტორიაში. 1910 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდა. ამავე პერიოდში იგი იყო თავისუფალი მსმენელი ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტბში. გერმანიაში ყოფნის დროს რობერტ ბლეიკი შეხვდა ედუარდ მაიერს, რომელმაც ურჩია გამგზავრებულიყო სანკტ-პეტერბურგში, ორიენტალისტიკის უდიდეს ცენტრში და მიხაელ როსტოვცევთან ერთად ეწარმოებინა კვლევები. 1911 წელს რობერტ ბლეიკი ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც შეხვდა ნიკო მარს. სწორედ, ნიკო მარმა მოახდინა დიდი გავლენა მის შემდგომ პროფესიულ კარიერაზე. მან დაიწყო ქართული ენის შესწავლა. 1918 წელს რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მისიით რობერტ ბლეიკი გაემგზავრა კავკასიაში, რათა შეესწავლა და გამოეკვლია ქართული ბიბლიური ხელნაწერები, რომლებიც დაცული იყო საქართველოს მუზეუმებსა და არქივებში. საქართველოში ყოფნის დროს იგი მიიწვიეს ახლადდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი 1921 წლამდე ასწავლიდა ბერძნულ ენას და ბიზანტიის ისტორიას. პარალელურად აგრძელებდა ქართულის შესწავლას. 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს რობერტ ბლეიკი მონაწილეობას იღებდა ტაბახმელის ბრძოლაში. იმავე წელს იგი დაბრუნდა ამერიკაში და განაგრძო მოღვაწეობა ჰარვადრის უნივერსიტეტში. მიხაკო წერეთელი პარიზში გამომავალ კრებულში „ბედი ქართლისა“ 1950 წელს წერს: „1920 წელს, მე გავიცანი ახალგაზრდა მშვენიერი შესახედავი, ტან-მაღალი ქერა ვაჟკაცი ბლეიკი თბილისში, ქართულ უნივერსიტეტში ბერძნულის პროფესორად იყო და თან ქართულის სწავლას განაგრძობდა, შემდეგ იგი დაბრუნდა ამერიკაში და ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, ჰქონდა იქ საპატიო თანამდებობა ბიბლიოთეკარის და ასწავლიდა სხვა და სხვა ენებს და მათ შორის ქართულს, რომელიც მან კარგად იცოდა, ძველიც და ახალიც (მეტყველებაც კარგად შეეძლო ქართულად) და რომელიც მისთვის რჩეული იყო“. 1930 წელს რობერტ ბლეიკი საქართველოს კვლავ ეწვია თავის ასისტენტ დუსონ კადინგტანთან ერთად. ბლეიკის მიზანი იყო ქართულ სამეცნიერო წრეებთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავება, რაც გარკვეულწილად მოხერხდა კიდეც. აღსანიშნავია მისი ურთიერთობა აკაკი შანიძესთან, ივანე ჯავახიშვილთან, კორნელი კეკელიძესთან. რობერტ ბლეიკი პროფესიულ საქმიანობაში დიდ დახმარებას უწევდა ქართველ მეცნიერებს. მას ადვილად მიუწვდებოდა ხელი კემბრიჯის, ლონდონის, ოქსფორდისა და ევროპა-ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე. რობერტ ბლეიკის ქართველოლოგიური მოღვაწეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა ქართული ბიბლიის შესახებ. ქართული ლიტერატურისთვის მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისა“ და „ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერების“ კატალოგების მეცნიერული აღწერილობა. მან გამოსცა კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები, აღმოაჩინა, X საუკუნით დაათარიღა და გამოსცა „ბერთის ოთხთავი“ და სხვ. რობერტ ბლეიკის კვლევის ძირითადი სფერო იყო ქართული თეოლოგიური ლიტერატურა, თუმცა მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი სტატია „ქართული სეკულარული ლიტერატურა, ეპოსი, რომანი, ლირიკა (1100-1800)“, რომელშიც სიღმისეულად განიხილავს ქართული საერო ლიტერატურის საკვანძო საკითხებს: „ქართლის ცხოვრებას“, „ვეფხისტყაოსანს“, „ამირანდარეჯანიანს“, „ვისრამიანს“, თეიმურაზ I-ისა და არჩილის ნაწარმოებებს და სხვ. რობერტ ბლეიკი გარდაიცვალა 1950 წლის 9 მაისს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. რობერტ ბლეიკის ქართველოლოგიური შრომები გამოირჩევა მეცნიერული სიღრმითა და სიზუსტით. მისი შრომებისათვის გვერდის ავლა გამორიცხულია ძველი ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის. მისმა ქართველოლოგიურმა მოღვაწეობამ ამერიკაში დიდი პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს - მის კულტურას, ისტორიას, ენას. იგი იყო მეცნიერი, რომელმაც ამერიკაში ნიადაგი მოუმზადა შემდგომ აქტიურ ქართველოლოგიურ კვლევებს. ლიტერატურა
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |