The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ფრანც კარლ ალტერი

ფრანც კარლ ალტერი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1749
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 1804  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი ვენა
კატეგორია:აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი

ბიოგრაფია

      ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი, ევროპული ქართველოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანც კარლ ალტერი  (გერმ. Franz Karl Alter) დაიბადა 1749 წლის 27 იანვარს, სილეზიაში,  ქალაქ ენგელსბერგში. დაამთავრა ოლომოუცის გიმნაზია ჩეხეთში. გიმნაზიაში სწავლობდა ეკლესიის ისტორიას, ბერძნულ და ებრაულ ენებს. შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.

     1766 წელს შეუერთდა იეზუიტების ორდენს. 1773 წელს ორდენის გაუქმების შემდეგ იგი გადავიდა ვენაში. მოგვიანებით იგი გახდა ვენის ტერეზიანის აკადემიის ბერძნული ენის განყოფილების პროფესორი, ხოლო 1777-1779 წლებში ასწავლიდა წმ. ანას გიმნაზიაში.1779 წლიდან მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კურატორად. უნივერსიტეტში ასევე კითხულობდა ლექციებს დიპლომატიაში.

    ფრანც კარლ  ალტერი გარდაიცვალა 1804 წლის 29 მაისს ქალაქ ვენაში.

    ვენის ბერძნული ხელნაწერის მიხედვით ფრანც ალტერმა გამოსცა ახალი აღთქმა ბერძნულად (1786–1787), აგრეთვე ციცერონის, ლუკრეციუსის, ჰომეროსის, პლატონის, თუკიდიდეს თხზულებანი. ალტერმა პირველად გამოაქვეყნა უკანასკნელი ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი სფრანძესის მატიანე „მემუარები“, რომელიც მოიცავს 1413-1477 წლებს. ალტერს აქვს ბევრი გამოკვლევა აღმოსავლეთის ქვეყნების სხვადასხვა ენასა და დამწერლობაზე.    

      ალტერი გაეცნო ქართულ ბიბლიას, რომელიც დაიბეჭდა მოსკოვში 1743 წელს. იგი გულმოდგინეთ ადარებდა თარგმანს ბერძნულ ტექსტებს. ალექსანდრე ცაგარელი აღნიშნავს, რომ „ალტერთან წარმოდგენილია ყველა დაწვრილებითი ცნობები ქართული ბიბლიის თარგმანზე“.

      საყურადღებოა ალტერის ნაშრომი „ქართული ლიტერატურის შესახებ“, რომელიც გამოიცა ვენაში 1798 წელს და უცხოეთში ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების მეცნიერული კვლევის პირველ ცდას წარმოადგენს. მასში განხილულია ქართული სასულიერო მწერლობის ნიმუშები. ქართულ ბიბლიასთან შედარებულია ბერძნული, სომხური და რუსული ტექსტები.

      გამოკვლევის მიზნებში ალტერი აღნიშნავს: „ლიტერატურის ერთიან ისტორიაში ქართული ლიტერატურა ჯერ კიდევ ის სფეროა, რომელიც საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს. მე დავიწყე სათანადო მასალების შეგროვება ქართულ ლიტერატურაში, რითაც მსურს მკითხველს გავაცნო ქართული ლიტერატურის ხელნაწერი და დაბეჭდილი  წიგნები. მოხარული ვიქნები, თუკი ქართულ ლიტერატურას მეგობრებს  შევძენ, რომლებიც ჩემს მცირე და ნაკლოვან შრომას გააფართოებენ და შეავსებენ“. თუმცა, ავტორი არაფერს ამბობს ქართული საერო მწერლობის შესახებ, თუნდაც, შოთა რუსთაველზე.

      წიგნში ცალკე ადგილი ეთმობა ქართული ანბანის წარმოშობას და თავისებურებას. ალტერი იძლევა მეგრული და სვანური ენების ცალკეულ ნიმუშებს, თუმცა ადგილი აქვს შეცდომებს - ქართლურ დიალექტს უპირისპირებს ქართულ ენას, ხოლო თვით ქართულ ლექსიკურ მასალას იძლევა ლათინური ტრანსკრიპციით.

      ალტერს ნაშრომის ბოლოს დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ქართული ანბანის ცხრილი, რომელიც იყოფა საეკლესიო ანუ ნუსხურ და მხედრულ ანუ საერო სახეობებად. მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების გამოსავლენად იყენებს მის ფონეტიკურ ეკვივალენტებსა და ლათინურ ტრანსლიტერაციას.

       მკვლევარების აზრით, წიგნი ვერ ამართლებს თავის სახელწოდებას. მასში თავმოყრილია ყველა ის ცნობა, რომელიც იმ პერიოდში ევროპაში მოიპოვებოდა ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

      ამის მიუხედავად, ალტერის შრომა ქართულ ენაზე, მის დიალექტებს და ლიტერატურაზე უცხოეთში მასალის შეგროვების, დასისტემებისა და შესწავლის პირველი საინტერესო და საყურადღებო ცდაა. ნაშრომი ფასეულია როგორც ისტორიოგრაფიისა და დამწერლობის კვლევისთვის, ასევე ლექსიკოგრაფიული და ქართველოლოგიური თვალსაზრისითაც.

  

წყარო:

  1. რევიშვილი შოთა. ქართული ლიტერატურის გერმანელი მკვლევარები // ცისკარი, 1969, №5
  2. რევიშვილი შოთა. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977
  3. ფეიქრიშვილი ჟუჟუნა, ვაშაკიძე ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 1, თბ., 2012
  4. ჩაჩანიძე ირინე. ქართველური ლინგვისტური ტენდენციები ფრანც კარლ ალტერის მემკვიდრეობაში // იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, 2019, №47

გააზიარე: