შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
იაკობუს გეორგიუს ქრისტიანუს ადლერი![]()
ბიოგრაფიაგერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი და პედაგოგი იაკობუს გეორგიუს ქრისტიანუს ადლერი იყო პირველი ევროპელი მკვლევარი რომელიც XVIII საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა ქართული მწერლობის საკითხებით. იგი დაიბადა 1756 წლის 8 დეკემბერს, არნის-ან-დერ შლეიში (ამჟამად შლეზვიგ-ფლენსბურგი), ქალაქ კაპელნის მახლობლად. 1782 წელს იაკობუს ადლერმა რომში გამოსცა ნაშრომი „ველეტრის ბორჯების ხელნაწერთა მუზეუმი“, რომლეშიც აღწერა კარდინალ სტეფანო ბორჯას მიერ დაარსებული სიძველეთა მუზეუმის კოლექციები. ამ კოლექციათა შორის თავმოყრილი ნივთებიდან მისი ყურადღება მიიპყრო ქართულ-არაბულმა მონეტებმა. რომში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველის, ვინმე გორელი სტეფანე ავთანდილის დახმარებით, ადლერმა გაშიფრა XII-XIII საუკუნეების მონეტებზე ამოტვიფრული ქართული წარწერები და ამასთან დაკავშირებით საკუთარ შრომაში შეიტანა რამდენიმე ცნობა საქართველოსა და ქართულ დამწერლობაზე. ადლერის წიგნში მოხსენიებულია მეფე თამარი, მეფე რუსუდანი და გიორგი ლაშა. აქვეა მცირე ცნობები საქართველოს ისტორიიდან, ცნობები „ქართლის ცხოვრებაზე“. ადლერმა მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია ქართული დამწერლობის ნიშნებთან დაკავშირებით. ირკვევა ისიც, რომ თურმე იაკობუს ადლერი იცნობდა 1743 წელს ქართულად გამოცემულ ბიბლიას, რომლის ერთ-ერთი ცალი მოიპოვებოდა პაპი ურბანის კოლეგიუმის წიგნსაცავებში. ამით ადლერი ადასტურებს ქართულ ენაზე სასულიერო ლიტერატურისა და ისტორიული წყაროების არსებობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერს ამბობს თვით ამ ძეგლების ხასიათსა და მხატვრული ლიტერატურის არსებობის შესახებ. საეჭვოა, რომ სტეფანე ავთანდილს არ მიეწოდებინა გერმანელი მკვლევარისთვის სათანადო ცნობები. როგორც ჩანს, თავად ადლერს არ გამოუჩენია ინტერესი ამ თემაზე სასაუბროდ, ან არ ჩაუთვლია საჭიროდ მიღებული ინფორმაცია შეეტანა თავის გამოკვლევაში. იაკობუს გეორგიუს ქრისტიანუს ადლერი გარდაიცვალა 1834 წლის 22 აგვისტოს გიკაუში (ამჟამად პლენი), ლუქსემბურგის მახლობლად. წყარო: 1. რევიშვილი შოთა. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |