The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


იოჰან შერი

იოჰან შერი
Date of birth:3 October, 1817
Date of death:21 November, 1886  (at 69 years)
Burial location:ციურიხი, შვეიცარია
Category:Historian, Writer, Educator

Biography

     იოჰან შერი იყო გერმანული წარმოშობის კულტურის ისტორიკოსი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი და პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი სამუშაო ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა შვეიცარიაში.

     იოჰან შერი დაიბადა ვიურტემბერგის სამეფოში (დღევანდელი შვაბიშ გმუნდის ნაწილი) 1817 წლის 3 ოქტომბერს, მასწავლებლის ფრანც შერისა და მისი მეუღლის კესილი ნუდინგის ოჯახში. იოჰან შერის სულიერ განვითარებაზე ჯერ დიდი გავლენა მოახდინა დედამ, შემდეგ კი მისმა უფროსმა ძმამ იგნაზ თომას შერმა, რომელიც ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქალაქ ვინტერტურში. 1837 წელს იოჰან შერმა დაამთავრა ეჰინგენის საეპისკოპოსო კოლეჯი. 1837-1840 წლებში სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიასა და ისტორიას ტუბინგენის უნივერსიტეტში. 1840 წლიდან 1843 წლამდე ის იყო მასწავლებელი ვინტერტურში თავისი ძმის თომას შერის ყრუ-მუნჯების კერძო სკოლაში. 1843 წელს იგი გადავიდა შტუტგარტში და დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. 1848-1849 წლებში იყო ვიურტემბერგის შტატის პარლამენტის მეორე პალატის წევრი; გახდა დემოკრატიული პარტიის ლიდერი სამხრეთ გერმანიაში. 1849 წელს, წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ, შერს შვეიცარიაში გაქცევა მოუწია, სადაც მან შეძლო ჰაბილიტაციის დასრულება და 1860 წელს ციურიხის პოლიტექნიკურ სასწავლებელში ისტორიის სრულ პროფესორად დააწინაურეს. 1855-1857 წლებში იყო ვინტერტურში გამოქვეყნებული Landbote-ის მთავარი რედაქტორი. შერმა წარმოადგინა დიდი რაოდენობით კულტურულ-ისტორიული პუბლიკაცია, რომელთაგან ყველაზე გავლენიანი იყო გერმანული კულტურული და მორალური ისტორია. მან ასევე დაწერა რომანები და მოთხრობები. იგი წარმოადგენდა ძლიერ კონსერვატიულ და გერმანელ ნაციონალისტურ, ასევე ფრანკოფობიურ განწყობებს. 1845 წელს შერმა ცოლად შეირთო შვეიცარიელი მწერალი მარია სუზანა კუბლერი, რომლეთანაც ერთად იცხოვრა 1873 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში სუზანა არა მხოლოდ ცოლი, არამედ იოჰანის თანამებრძოლიც იყო. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ იოჰანი თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ენას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 1873 წლიდან შერს სიკვდილამდე ციურიხი არ დაუტოვებია. იოჰან შერი გარდაიცვალა 1886 წლის 21 ნოემბერს ციურიხში.

   იოჰან შერის შემოქმედებითი ნაყოფიერება გასაოცარია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ის ერთი თვალით ბრმა იყო. მის წიგნში „მსოფლიო ლიტერატურის დასურათებული ისტორია“ ვხვდებით ცნობებს ქართულ ლიტერატურაზე. სამწუხაროდ, შერის მსჯელობა არამეცნიერულია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული (აგრეთვე სომხური) ლიტერატურა შეტანილია თურქეთული კაზმულსიტყვაობისადმი მიძღვნილ თავში. ქართული ლიტერატურის მიმოხილვას სულ შვიდმეტი სტრიქონი ეთმობა. იგი იწყება იმის აღნიშვნით, რომ ქართული ლიტერატურა ატარებს საეკლესიო-რელიგიურ ხასიათს და რომ თავისი აყვავების უმაღლესი პერიოდი განიცადა თამარის მეფობის ხანაში, ხოლო დაცემა - მონღოლთა მიერ ხანგრძლივი ბატონობის შედეგად. თამარის მეფობის პერიოდში და ამ პიროვნების უშუალო ზეგავლენით - კარის პოეტმა რუსთაველმა შეთხზა რომანტიკული ეპოსი, რომელიც „რა თქმა უნდა, დიდი საზომით არ უნდა იყოს გაზომილი“. გაუგებარია, თუ რატომ გაუჩნდა შერს ასეთი აზრი შოთას პოემაზე, მაშინ, როდესაც მისი მსჯელობა მთლიამად აგებულია ამ პოემით მოხიბლული ადამიანების - მარი ბროსეს და არტურ ლაისტის - გამოკვლევათა საფუძველზე. მაგრამ მონღოლთა ხანგრძლივი ჩაგვრის პერიოდს, - აღნიშნავს შერი, - მოჰყვა განახლებული ლიტერატურული მოღვაწეობა მეთვრამეტე საუკუნეში. შერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მთელი ხუთი საუკუნის განმავლობაში ქართველებს ლიტერატურის სფეროში არაფერი შეუქმნიათ, ხოლო მეთვრამეტე საუკუნის მწერალთაგან დავით გურამიშვილის შემოქმედება აღძრავს „უფრო მეტად ისტორიულ, ვიდრე პოეტურ ინტერესს“. გერმანელი ავტორი შესაძლებლობას არ კარგავს მკითხველს ამცნოს, რომ რუსეთის არმიაში იძულებით მყოფი გურამიშვილი 1758 წელს კიუსტრინთან ბძოლებში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს და ერთხანს მაგდებურგის ციხეშიც იჯდაო. შერის აზრით, დავით გურამიშვილის შემოქმედება არის ეპიკის, ლირიკის და დიდაქტიკის ნაზავი, ხოლო თავისი დროის უმნიშვნელოვანეს ქართველ ლირიკოსებად მოიხსენიებს რაფიელ ერისთავს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილს და გრიგოლ ორბელიანს. გამოჩენილ პროზაიკოსებად მას მიაჩნია რჩეულიშვილი (მას მოიხსენიებს როგორც „რჩეული“) და ეკატერინე გაბაშვილი, ხოლო ყურადსაღებ დრამატურგებად - გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი და ავქსენტი ცაგარელი. დაბოლოს, აღნიშნულია, რომ საქართველოში დღემდე ყვავის ცოცხალი და ძლიერი ხალხური შემოქმედება. სხვა რაიმეს თქმა ქართულ მწერლობასთან დაკავშირებით იოჰან შერს ან საჭიროდ არ მოაჩნია, ან უბრალოდ არ შეუძლია.

წყარო:

1. რევიშვილი შოთა. ქართულ-გერმანული ეტიუდები, თბ., 1977 2. Johannes Scherr https://en.wikipedia.org/wiki/Johannes_Scherr

2. Iohannes Scherr https://de.wikipedia.org/wiki/Johannes_Scherr

3. Шерр, Иоганн. https://www.wikiwand.com/ru/


Share: