The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ოტო ჰაუზერი

ოტო ჰაუზერი
Date of birth:22 August, 1876
Date of death:26 May, 1944  (at 67 years)
Burial location:ბლინდერდორფი, ავსტრია
Category:Critic, Explorer, Writer

Biography

ოტო ჰაუზერი დაიბადა 1876 წლის 22 აგვისტოს ავსტრია-უნგრეთში, ვრბოვეცის მახლობლად, დიიანეშის მამულში.

ჰაუზერმა სწავლა დაიწყო ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ მალე გადავიდა ამავე  უნივერსიტეტში აღმოსავლური ენებისა და პროტესტანტული თეოლოგიის შესასწავლად. ჰაუზერმა არ დაასრულა სწავლა არცერთ ამ საგანში.

საუკუნის დასაწყისიდან ოტო ჰაუზერი ცხოვრობდა ვენაში. ჟურნალისტ თეოდორ ჰერცლის მხარდაჭერით მან შეძლო თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება Neue Freie Presse-ში. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო Belgrader Nachrichten-ის რედაქტორი. ჰაუზერი წერდა რომანებსა და მოთხრობებს, ასევე მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰაუზერის შემდგომი ნამუშევარი მიეძღვნა „რასობრივი იდეის“ გავრცელებას, მას გარე მხარდაჭერა არ მიუღია.

ჰაუზერმა გერმანულად თარგმნა პოეზიის თითქმის 100 ტომი სხვადასხვა ენიდან, მათ შორის ინგლისურიდან (ალჯერნონ სუინბერნი, ოსკარ უაილდი და სხვ.), ფრანგულიდან (პოლ ვერლენი, შარლ ბოდლერი და ა. შ.) და ჩინურიდან (ლი ტაიბო).

დიდი ტირაჟით გამოიცა ჰაუზერის მიერ მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის", დანტეს "ღვთაებრივი კომედიისა" და ფსალმუნების თარგმანები.

ოტო ჰაუზერი გარდაიცვალა 1944 წლის 26 მაისს ავსტრიაში, ბლინდენდორფში, ვინერ-ნოიშტადტის მახლობლად.

ოტო ჰაუზერს ეკუთვნის "მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის" ორტომეული, რომელშიც ლაპარაკია აღმოსავლეთ ქვეყნების, ანტიკური პერიოდის საბერძნეთისა და რომის, აგრეთვე, რომანელებისა და გერმანელების მწერლობაზე. მეორე ტომის მესამე ნაწილში საუბარია თურქული, მადიარული, ფინური და, ბოლოს, ქართული ლიტერატურის შესახებ.

ავტორი მსჯელობას იწყებს ქართველი ერის დახასიათებით. იგი იზიარებს მოსაზრებას იმის სესახებ, რომ ქართული ენა ეკუთვნის ინდო-ევროპულ ენათა ოჯახს. ამიტომ იგი ცდილობს მიუთითოს ქართველებისა და ბასკების ნათესაობაზე და აქედან გამომდინარე ქართულ და ბასკურ ენებს მიიჩნევს წინარე ინდო-ევროპული ენების ნარჩენებად.

მწერლობის დახასიათებისას ჰაუზერი მთლიანად ეყრდნობა სხვა გერმანელი ქართველოლოგების ნაშრომებს. იგი განიხილავს სასულიერო და საერო მწერლობას, სადაც პირველს უკავშირებს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას, ხოლო მეორეს  - დავით აღმაშენებლის და თამარის ხანაში ქვეყნის დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმავლობას. იგი მიუთითებს დასავლურ ლიტერატურულ თქმულებებში, კერძოდ, ისლანდიურ თქმულებაში (ინგვარსაგა) თამარ მეფის სახის ასახვაზე. შემდეგ საუბრობს ქართული ლიტერატურის დაქვეითებაზე სპარსელებისა და მონღოლების თარეშის გამო და შემდგომ მის აღორძინაბაზე. ჰაუზერი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს დასავლური გავლენების შემოჭრას ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, კერძოდ, იტალიელი მისიონერების მიერ შემოტანილ იდეურ სიახლეებზე, აგრეთვე რუსეთთან საქართველოს შეერთებაზე და ქვეყნის სულიერი ცხოვრებისათვის ამ ფაქტის მნიშვნელობაზე. ჰაუზერი ლაპარაკობს 900-იანი წლების ლიტერატურაზე, როგორც იმჟამად უახლეს კაზმულსიტყვაობაზე, აგრეთვე, ჩვენი მწერლობის პრობლემათა შესწავლაზე ქართველთა და უცხოელთა შორის.

ოტო ჰაუზერის მსჯელობა ყოველთვის არ არის მართებული, იგი სცილდება ჭეშმარიტებას, თითქოს ქართული მწერლობა იწყებოდეს ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად. ამასთან, ის აზვიადებს ქართულ მწერლობაზე უცხო ქვეყნების გავლენის მნიშვნელობას და ვერ მიუთითებს მის თვითმყოფად ხასიათზე.

წყარო

1. რევიშვილი შოთა. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977

2. Otto Hauser https://www.geschichtewiki.wien.gv.at/Otto_Hauser


Share: