The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ბორის რუდენკო

ბორის რუდენკო
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1942  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

    რუსი ენათმეცნიერი ბორის ტიხონის ზე რუდენკო დაიბადა 1896 წლის 27 სექტემბერს თბილისში. მამამისი ტიხონ ივანეს ძე რუდენკო იყო უკრაინელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი. დედა - ალექსანდრა ივანეს ასული დუნაევა იყო მოსკოვიდან, ისიც ექიმი.

    ბორის რუდენკო ბავშვობიდანვე ენების შესწავლის იშვიათ უნარს ავლენდა. ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე, შესანიშნავად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ასევე კარგად იცოდა გერმანული, ლათინური, ბერძნული და იტალიური.

    1914 წელს ბორის რუდენკომ დაამთავრა თბილისის II ვაჟთა გიმნაზია და ცაირიცხა მაშინდელი პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ განყოფილებაზე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო სწავლა შეწყვიტა და მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს შეძლო გაგრძელება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1924 წელს სადიპლომოდ წარმოდგენილი ნაშრომის „История и деятельность Кахетинского союза кредитных и ссудосберегательных товаров“) საფუძველზე მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ რუდენკო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და თბილსის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ამავე დროს ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თუმცა უფრო მეტად ენათმეცნიერება იტაცებდა. 1929 წელს ჩაება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის ენის კაბინეტის მუშაობაში.

     ქართველი ხალხის ენის, სულიერი და მატერიალური კულტურისადმი ღრმა ინტერესი ბორის რუდენკოს დაეხმარა ქართული ენის ყველა დახვეწილობის გააზრებაში, რომელიც სამართლიანად ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად. 1931 წელს ბ. რუდენკომ მონაწილეობა მიიღო ტფილისში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალთან არსებული იაფეტოლოგიური ენობრივი წრის ორგანიზებასა და მუშაობაში; 1932 წელს იგი მიიღეს ამ ფილიალის ენობრივი განყოფილების სრულ განაკვეთზე თანამშრომლად. აკადემიკოსმა ნ. მარმა, რომელიც ტფილისში 1932 წელს ჩავიდა, შენიშნა ბორის ტიხონოვიჩის ნათელი ნიჭი და ღრმა ინტერესი ქართული ენის შესწავლის მიმართ, მიიწვია იგი ლენინგრადში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩასაბარებლად. 1933 წელს ბ. ტ. რუდენკო ჩავიდა ლენინგრადში, ხოლო 1934 წელს იგი მიიღეს ILM-ის ასპირანტად. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ბორისმა სიღრმისეულად შეისწავლა ძველი და თანამედროვე ქართული ენის ისტორია და გრამატიკა, შეისწავლა სხვა კავკასიური ენები (სვანური, ლაზური), ასევე სომხური და სპარსული.

     1935 წელს ბორის რუდენკომ დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად („Опыт систематизации грамматических явлений современного литературного грузинского языка“), იმავე წლიდან მუშაობდა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კავკასიური კაბინეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

     ბორის რუდენკოს ძალიან უყვარდა საქართველო, ქართველები, ქართული ენა, ისტორია და კულტურა და ეს სიყვარული მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. იგი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ქართულ ენას კერძო მასწავლებლებთან, მათ შორის, ვასილ კარბელაშვილთან. შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობდა მასზე.

     1940 ლენინგრადში გამოიცა რუდენკოს „Граматика грузинского языка“, რომელიც დაიბეჭდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შრომების XXXII ტომში. გრამატიკა ქართული ენის შემსწავლელი რუსი მკითხველისათვისაა გათვალისწინებული. 275 გვერდიანი წიგნი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან და საკითხების მიხედვით დაყოფილია I27 პარაგრაფად. ნაშრომს წინ უძღვის წინასიტყვაობა წიგნის დანიშნულების შესახებ. შესავალ ნაწილში ზოგადად დახასიათებულია ქართველური ენები, ძველი და ახალი ქართული ენა და დიალექტები და მიმოხილულია მათი შესწავლის ისტორია.

      ნაშრომში ყველაზე ვრცლად წარმოდგენილია მორფოლოგია, რომელშიც განხილულია  არსებითი სახელი, ზედსართავის სახელი, ნაცვალსახელი და რიცხვითი სახელი განხილულია  ბრუნვათა  ფუნქციები და მათი გამოყენება.  ზმნასთან დაკავშირებით განხილულია მოქმედებითი და ვნებითი  გვარის ზმნათა უღლება, საშუალი  გვარის ზმნები,  უღლების ობიექტური წყობა, იძულებითი გვარი (კაუზატივი), ნასახელარი ზმნები; შემდეგ –ზმნიზედა, თანდებულები, კავშირები, შორისდებულები, ძახილები და სიტყვაწარმოება. სინტაქსის საკითხები აქა-იქ არის განხილული  მორფოლოგიასთან დაკავშირებით.

      მიუხედავად იმისა, რომ რომ რუდენკოს გრამატიკა ძირითადად აღწერითი და კომპილაციური ხასიათიასაა, მასში გვხვდება ზოგი ორიგინალური დაკვირვება და ტერმინოლოგიური სიახლეც.

      რუდენკოს გრამატიკა დამოუკიდებლად აგებული და შედგენილი სახელმძღვანელოა, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მასალის შერჩევა-დალაგებასა და ზოგი ტერმინის დადგენაში. იგი კარგად იცნობს გასაანალიზებელ მასალას და ცდილობს, რომ რუს მკითხველს შეუქმნას გარკვეული წარმოდგენა ქართული ენის რთული აგებულების შესახებ

      მსჯელობისას ავტორი არ არის ყოველთვის თანამიმდევრული. წიგნში შეინიშნება ცალკეული შეცდომები და უზუსტობანი. ზოგი საკითხის ახსნა სადავოა, ზოგს სისრულე აკლია. ხშირად იგი ურევს ლიტერატურულ და დიალექტურ ფორმებს, სანიმუშო მასალა ყოველთვის სათანადოდ ვერაა შერჩეული, ზოგჯერ კი მაგალითების თარგმნისას დაშვებულია შეცდომებიც.

      მიუხედავად ამისა, წიგნმა იმ დროისათვის გარკვეული დადებითი როლი შეასრულა და რუს მკითხველს მიაწოდა არაერთი საჭირო ცნობა ქართული. ენის აგებულების შესახებ, დაეხმარა მას ქართული ენის ბუნებისა და მისი გრამატიკული სტრუქტურის გაგებაში.

   აღნიშნული გრამატიკის გარდა, ქართული ენის შესახებ ბორის რუდენკოს გამოქვეყნებული აქვს წერილი „Дифференцирующая роль древнелитературных форм в семасиологии современного грузинского литературного языка“ და მ. დიაკონოვთან ერთად ქართული „ვისრამიანის“ შემოკლებული თარგმანი. გამოუქვეყნებელი დარჩა რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის, თარგმანებიც ქართულიდან რუსულ ენაზე.

     ბორის რუდენკო გარდაიცვალა 1942 წლის 12 იანვარს  ლენინგრადის ბლოკადის დროს. მისი საფლავი უცნობია.

წყარო:

  1. ბორის რუდენკო https://www.nplg.gov.ge/wikidict/
  1. მეგრელიძე იოსებ. რუდენკო და მისი „ქართული ენის გრამატიკა“, სტალინირი, 1955
  2. Борис Руденко https://www.livelib.ru/author/1230961-boris-rudenko

გააზიარე: